„ახალმა ეკონომიკურმა სკოლამ“ მორიგი კვლევის -„ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდა პოლონელი მკვლევარი, პროფესორი ენდრიუ კონდრატოვიჩი, რომელიც ანალოგიურ თემაზე მუშაობს უნგრეთში და ახალი ეკონომიკური სკოლის პარტნიორია ამ საკითხებში. რომელი ადგილი ერგო საქართველოს, შედის თუ არა თავისუფალი ქვეყნების რიცხვში და როგორ აისახება ეს ინდექსი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე და რა როლს უნდა ასრულებდეს სახელმწიფო, ამ თემებზე ახალი ეკონომიკური სკოლის წარმომადგენელი, პაატა შეშელიძე გვესაუბრება.
ბატონო პაატა, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, როგორც ამას ჩვენი პრეზიდენტი გვეუბნება ხოლმე?
- მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2010 წლის მონაცემებით გაუარესებულია, 27-დან 42 ადგილზეა ჩამოსული, ამისი მიზეზია სახელმწიფოს გაზრდილი ხარჯები და სახელმწიფო საკუთრების გაფართოება.
მნიშვნელოვანი კომპონენტია მონეტარულ ნაწილში ინფლაცია და რეგულირების გართულება ხელისუფლების მიერ. საგარეო ვაჭრობის მიმართულებითაც არის გაუარესება, რადგან უკვე ამოქმედდა გაზრდილი ტარიფი (5%-დან 12%-მდე გაიზარდა) გარკვეული სახის პროდუქციაზე.
შემდეგია სასამართლოს დამოუკიდებლობა და საკუთრების ხელშეუხებლობა, აქ შედარებით გაუმჯობესებული მდგომარეობაა, რადგან საკუთრების რეგისტაციის მოწესრიგებამ თავისი პლუსები შესძინა, მაგრამ ჯამური ინდექსი მაინც დაბალია.
ბოლო კომპონენტია საერთო რეგულირებები, ამაში შედის შრომითი რეგულირებები, აქაც გაუარესება გვაქვს, იმიტომ, რომ ზოგიერთ საკითხში გასათვალისწინებელი იყო ევროკავშირის მოთხოვნები შრომის კოდექსთან და სხვა კანონებთან მიმართებაში, საქართველომ ეს არ შეასრულა და აქაც უკუსვლა გვაქვს.
საბოლოოდ, საქართველომ დაკარგა ლიდერობა კავკასიაში, სომხეთი შედარებით მაღალ ადგილზე დგას, იმ მიზეზით, რომ აქ სახელმწიფო ხარჯები მაღალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არის, სომხეთშიც და საქართველოშიც არის ძალიან ბევრი ფარული ქვედინებები. 2010 წლის მონაცემებით, სომხეთს ეკონომიკური თავისუფლების უფრო მეტი შანსები აქვს ვიდრე საქართველოს.
რაც შეეხება შემდგომ წლებს?
- 2011-2012 წლები არ არის შესწავლილი, თუმცა სავარაუდოდ, ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუარესება იქნება.
მდგომარეობის გაუარესება რომელი წლიდან შეიმჩნევა და რამ გამოიწვია?
- ეს ტენდენცია იწყება 2008 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო აფართოებს თავის ჩარევას. ასევე უთმობს ევროკავშირს და შემოაქვს ახალი რეგულირებები. ძირითადად, ეს ორი კომპონენტია, რომელიც გაუარესებას იწვევს ერთობლიობაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გაუარესება ხდება სახელმწიფო წილის გაფართოების შემთხვევაში, პრივატიზების კუთხით.
როდესაც ქვეყანას აქვს ეკონომიკური თავისუფლების დაბალი მაჩვენებელი, ასეთ შემთხვევაში ინვესტირება საიდან ხდება, სავარაუდოდ, ინვესტორებისთვის მომხიბლავი არ უნდა იყოს...
- კონკრეტული გამონაკლისები არსებობს, იგივე აზერბაიჯანი, სადაც კონკრეტულ დარგში შემოდის ინვესტიციები, მაგრამ ნაკლებად მგონია, რომ ეს თითოეული აზერბაიჯანელის კეთილდღეობაზე აისახებოდეს.
ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებში ეკონომიკური კეთილდღეობა უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ სხვა ქვეყნებში. შანსები, რომ დამოუკიდებლად შექმნა ბიზნესი, აწარმოო და საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესო, ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში უფრო მეტია ვიდრე არათავისუფალში, სადაც ადამიანების საქმიანობა კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, სადაც მაღალი რეგულირება და მაღალი გადასახადებია. ეს ხდება სახელმწიფოს დიდი დოზით ჩარევით, რასაც ახლა სხვათა შორის გვპირდება ყველა პარტია.
თუ ნახეთ მათი ეკონომიკური პროგრამები, ძირითადი გზავნილებიდანაც საკმაოდ უცნაური ტენდენციები იკვეთება...
- ყველა გვპირდება, რომ დახარჯავს ბევრ საბიუჯეტო რესურსებს იმისათვის, რომ რაღაც წინ წაიყვანონ და იმაზე პასუხი არ აქვთ, საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული. ბიუჯეტი მეწარმეების მიერ გადახდილი ფულით ივსება და როგორ იმუშავებენ ისინი, რაც მეტს წაართმევ და მეტად დაბეგრავ?
თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე ყველა პარტია ლაპარაკობს...
- მერე რა, რომ ლაპარაკობს, გააჩნია რას ლაპარაკობენ, მდიდარს წაართვი და სხვას მიეციო?
ამას ლეიბორისტები ამბობენ...
- ყველას დაახლოებით ერთნაირი პროგრამა აქვს, ლეიბორისტები უფრო ხისტად ლაპარაკობენ, დანარჩენები უფრო აკადემიურად და ბრიყვულად. როდესაც ამბობენ, რომ პროგრესულ გადასახადს შემოიღებენ, გამოდის, რომ წარმატებულს ჩაგრავენ იმისთვის, რომ წარმატებულია, იმისათვის მბეგრავ უფრო მეტად, რომ უფრო შემოქმედებითად ვუდგები საქმეს ან უფრო მეტ ადამიანს მოვემსახურე? - ამას „ქრისტიან-დემოკრატები“ გვპირდებიან.
ვანო მერაბიშვილს აქვს კიდევ საინტერესო გამოსვლები, რომ ბაზარი აღარ მუშაობს, ადრე სწამდა და ახლა აღარ სწამს ამისი და თურმე სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს ყველაფერი თავის თავზე. ამას ხომ ლაპარაკობს, ჭორი ხომ არ არის, ინტერვიუებში ხომ ამბობს ამას?! გვპირდება, რომ ახალ საწარმოებს შექმნის და უფრო ბევრ ფულს დახარჯავს, რომ იქმნება პროექტები, რომელიც ადამიანებს მუქთად სწავლას, ჯანდაცვას და საპენსიო უზრუნველყოფას ჰპირდება. ეს ხომ ტექნიკურად შეუძლებელია, ამისი გაკეთების მცდელობა კი რესურსების გაფლანგვაა და მივდივართ ისევ უკან.
ამ ინდექსის კვლევა ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ განსაზღვრო, რა მოგივა, როდესაც აკეთებ იმას, რაც არ არის საჭირო. თუ სხვა ქვეყნებში არ ამართლებს ეს პოლიტიკა, აქ რანაირად გაამართლებს, მითუმეტეს, რომ უკვე გამოცდილები ვართ და ვიცით, რომ არ ამართლებს.
ახლა ყველა პოლიტიკაზეა გადართული და ეკონომიკაზე ნაკლებად ფიქრობენ, ალბათ, ძირითადად ამომრჩევლის მოსაზიდად ლაპარაკობენ...
- როგორ არ ფიქრობენ! როდესაც ამბობენ, რომ უნდა დახარჯონ რაღაცა, გამოდის რომ მან, მისმა მეგობრებმა, პარტიულმა თანამოაზრეებმა, პოტენციურმა დონორებმა უნდა მიიღონ ის ფული, რომელსაც შემდეგ ესენი დახარჯავენ.
ძალიანაც კარგად ფიქრობენ, ხალხის გაბაიბურებას ცდილობენ, ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, არ გავიბაიბურებინოთ თავი. თუ ეს ფული ჩვენია, მაშინ დაგვიტოვონ და დაგვანებონ თავი. თუ რამე უფასოა, მაშინ გადასახადს რატომ ვიხდით და თუ ვიხდით, გამოდის, რომ ჩვენ ვიხდით იმ ვალდებულებების ფულს, რასაც ისინი გვპირდებიან. ჩვენი ფული იმიტომ უნდა მივცეთ ვიღაცას, რომ ჩვენვე გავიკეთოს რამე? ამიტომ ვამბობ, რომ უფრო მომთხოვნები უნდა ვიყოთ.
ყველა პარტია გვპირდება, რომ შემოიტანს დიდი ოდენობის ინვესტიციას, რომელიც ბოლოს და ბოლოს თითოეული ქართველის კეთილდღეობაზე აისახება, როდესაც ასეთი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსია, ვინმეს მოუნდება ამ ქვეყანაში ფულის შემოტანა და ბიზნესის კეთება, სამუშაო ადგილების შექმნა?
- პარტიების ამოცანა არ არის ინვესტიციების შემოტანა, მათი ამოცანა საკუთრებისა და პიროვნების ხელშეუხებლობის გარანტიის შექმნაა. თუ ეს იქნება ხელშეუხებელი, კერძო პირები შემოიყვანენ ინვესტორებსაც და მოიზიდავენ თანხებსაც.
ეს დანაწილება გულისხმობს იმას, რომ კერძო მეწარმემ უნდა შექმნას დოვლათი, მოიზიდოს ინვესტორი და გაყიდოს თავისი პროდუქცია, მაშინ, როდესაც მთავრობამ და ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ის.
როდესაც მთავრობა ერევა მის საქმეში, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეალურად საქმე ვერ გაკეთდება, თუ ის პოლიტიკურ ინტერესებს არ მოერგო. ამდენად, ჩვენ ვიღებთ არა თავისუფალ, არამედ პოლიტიკურად მორჩილ ბაზარს, რაც დღესაც გვაქვს საქართველოში და ეს ცუდია.
დიდი ფულის მქონე და სერიოზული ინვესტორი ასეთ ქვეყანაში არ შემოვა საკუთარი ნებით და ფაქტია, რომ არც შემოდიან.