ამერიკელი ფოტოგრაფი – თომას ბერნსი, ბოლო ორი წელია, საქართველოში მოგზაურობს და ამ დროის მანძილზე, საკმაოდ ბევრი საინტერესო ნამუშევარი დაუგროვდა, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს უკავშირდება.
იმის გამო, რომ ფოტოგრაფს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს, ბუნებრივია, საკუთარი ნამუშებრების გამოფენის მოწყობა თბილისში გადაწყვიტა. ბერნსის ფოტოების გამოფენა, რომელსაც სახელად – “მოგონებების ადგილი – პორტრეტები სამხრეთ კავკასიიდან“ ერქმევა, 24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.
თომას ბერნსი ფოტოგრაფის გარდა, კინემატოგრაფისტიცაა. იგი წარმოშობით ლოს-ანჟელესიდანაა. თომასი 2009 წელს, პარიზში ევროპის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის. მოპოვებული აქვს უამრავი პრემია. მუშაობს სტუდენტებთან და თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
თბილისში დაგეგმილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორმოცდაათამდე ნამუშევარი. თომას ბერნსის ფოტოებზე აღბეჭდილია კავკასიელები სომხეთში, აზერბაიჯანსა, საქართველოში. რომანტიული და ფერწერული პორტრეტების ნაცვლად, აქ მთავარი ყურადღება ეთმობა ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელთა გამომეტყველებაში ხშირად იკითხება გართულებული ყოფის კვალი.
თანამედროვეობა თომას ბერნსის ფოტოპორტრეტებში ხაზს უსვამს ხელოვანის პოზიციას უახლესი კავკასიის მიმართ. პორტრეტები, რომლებიც ყოველთვის იყო გამსჭვალული დროისა და დანაკარგის შეგრძნებით, ქმნიან ამ მდგომარეობისადმი სპეციფიური მიდგომის საშუალებას.