ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი იმდენად მოულოდნელად შემოიტანეს, რომ მოსახლეობამ და სპეციალისტებმა საკითხში ჯერ ხეირიანად გარკვევაც ვერ მოახერხეს. არადა აქ უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, რომელიც ისევ და ისევ მოსახლეობის ჯიბიდან უნდა ამოიღონ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს:
„ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, მისი გაჭირვება და ის, რომ ხალხის დიდ ნაწილს შემოსავალი საერთოდ არ აქვს. აი, ამის ფონზე სავალდებულოს ხდის მთელ რიგ საკითხებს. მარტო ამ ინიციატივით, 100 მილიონი ლარს ყოველწლიურად მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღებენ“, - აცხადებს მელიქიშვილი.
სხვათა შორის, შენიშვნები აქვთ მათაც, ვისთვისაც სავალდებულო დაზღვევა ზუსტად ზედგამოჭრილი უნდა იყოს. საუბარია მზღვეველებზე. კომპანიების ლობისტიც კი აცხადებს, რომ სატარიფო მიდგომა აშკარად შესაცვლელია. იქვე სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობას ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ეტაპობრივად დანერგვის პრინციპის შემოღებას სთავაზობს.
დევი ხეჩინაშვილის თქმით, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება საქართველოში ტექდათვალიერების მსგავსად, რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. შესაცვლელია კანონპროექტით გათვალისწინებული სატარიფო ბადეც.
„მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ფასის ქვედა და ზედაზღვარი არ უნდა არსებობდეს. სატარიფო ბადე შესაცვლელია. მე ვფიქრობ, სადაზღვევო პრემიის ღირებულება მანქანის კლასების მიხედვით უნდა განისაზღვროს. ასე მაგალითად, შედარებით დაბალფასიანი ავტომობილის დაზღვევა გაცილებით იაფი უნდა იყოს, ვიდრე ძვირადღირებული, დიდძრავიანი ავტომობილის“, - განაცხადა ხეჩინაშვილმა და დასძინა, რომ სავალდებულო დაზღვევის ფასები ამ ეტაპზე თითქმის მთელ მსოფლიოში დერეგულირებულია.
ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის საკითხი პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უკვე განიხილეს. კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით. კერძოდ:
- მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50კბ_სმ-ზე მეტია - 75-110 ლარი;
- მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება - 100-150 ლარი;
- ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდამძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება - 160-240 ლარი;
- სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება - 210-310 ლარი;
- მისაბმელისათვის - 50-75 ლარი;
- სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის - 60-90 ლარი.
გარდა ამისა, უკვე ირკვევა, ახალ-ახალი ნიუანსები, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი. დაუზღვეველი ან დაუდგენელი ავტომობილების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება სპეციალურად შექმნილი ბიუროს ფონდიდან მოხდება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი აცხადებს, რომ თავად ბიუროს ფონდში თანხა მოზიდული სადაზღვევო პრემიიდან კომპენსირდება.
„სადაზღვევო კომპანიამ ბიუროს ფონდში თითოეული მოზიდული პრემიის 2 პროცენტი უნდა გადაიხადოს. ამასთან, სადაზღვევო კომპანიამ მოზიდული პრემიის ერთი პროცენტი სავალდებულო დაზღვევის ბიუროში პრევენციული ღონისძიებების ხარჯებისთვის უნდა შეიტანოს“, - განუცხადა „ბიპიენს“ თუთარაშვილმა.
ბიურო ავტომობილის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამდე ჩამოყალიბდება და მასში იქნება თავმოყრილი მთელი საინფორმაციო ბაზა დაზღვეული და ზოგადად საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების შესახებ.