ჭიათურა საქართველოს მოპოვებითი მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, კერძოდ კი შავი ოქროს სახელით ცნობილი წიაღისეულის ქალაქი. ხომ წარმოგიდგენიათ წესით როგორ უნდა ცხოვრობდეს ის რაიონი, მისი თითოეული სოფელი და ყოველი აქაური ადამიანი, როცა ქალაქი ასეთ სიმდიდრეს ფლობს?! ბევრმა უცხომ, სხვა ეროვნების წარმომადგენელმა, რომელმაც არ იცის აქ მოსახლეობას როგორ უჭირს, შეიძლება გაიფიქროს - აბა რაღა უჭირთ იქაურებს, ცხოვრებაც იმას ერქმევა ეგენი, რომ ცხოვრობენ, ალბათო, მაგრამ საკმარისია ერთი გაიარო ქალაქში, თვალი გადაავლო აქ ყველაფერს, შეხედო და დააკვირდე თითოეულ გამვლელს, მათ სახეებს და უკვე ყველაფერი ნათელი გახდება. ოქროსი რა მოგახსენოთ, მაგრამ შავად კი ნამდვილად მიდის,როგორც ქალაქის მთავარი სიამაყე - მდინარე ყვირილა, ასევე აქაურების საქმეც.
2007 წლის დასაწყისში ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ვარციხეჰესთან ერთად სახელმწიფომ 132 მილიონ დოლარად მიჰყიდა უკრაინელ ინვესტორს. რაიონისა და მისი მკვიდრების ერთადერთი “სარგებელი“ მანგანუმის შავი მტვერია. არც ინვესტორი და არც სახელმწიფო არ ზრუნევენ იმაზე, რომ ჭიათურის მაღაროები იყოს აღჭურვილი მაღალ დონეზე, რათა მუშებს უსაფრთხო გარემოში უწევდეთ მუშაობა და დაზღვეულები იყვნენ უბედური შემთხვევებისგან. ხშირია მათი ფიზიკური ტრამვისა და ზოგჯერ გარდაცვალების შემთხვევაც კი.
“ჯორჯიანმანგანუმის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მაღაროზე მომუშავეთათვის პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. თავის მხრივ მუშები ერთადერთზე მიუთითებენ - სპეცტანსაცმელის და ახალი ფანრების დარიგებას, რასაც გაუმჯობესებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ არაფერი შეცვლილა.
თუმცა, მხოლოდ ეს როდია?! მარტო მაღაროში მომუშავეთა კი არა, ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობაც არ არის დაცული, რადგან არასწორი გზით ხდება მანგანუმის მოპოვება, რის გამოც ჭიათურის სოფლების 1/3 დაბომბილს დაემსგავსა. აღარ დატოვეს თითქმის არც ერთი მეტრი მიწა (სადაც ეს მადანი იყო), რომ არ გადაეთხარათ. მოსახლეობას თავისივე საკუთრებაში მყოფ, მამაპაპათაგან დატოვებულ ვენახსაც აღარ ანებებენ. ერთ-ერთი ქალბატონი (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) ჩივის იმის გამო, რომ საკუთარი 1 700 მეტრი მიწის ნაკვეთს ართმევენ და ერთ მეტრში 2 ლარს სთავაზობენ, მაშინ როცა იქიდან მილიონობით ღირებულების მადანს ამოიღებენ. თან ემუქრებიან, რომ თუ იჩივლებს, ამ 2 ლარსაც კი აღარავინ მისცემს, ისე წაართმევენ მიწას.
კიდევ უფრო შემზარავ ფაქტს გვიყვებიან ერთ-ერთი სოფლის ადგილობრივები - “ადგილი აღარ დარჩა, სადაც არ გათხარეს მიწა მარგანეცის გამო. მხოლოდ სასაფლაოს ეხებოდნენ და ახლა უკვე მაგასაც აღარ ერიდებიან. მიადგნენ ჩვენს მიცვალებულებს და საფლავებშიც აღარ აყენებენ“.
წარმოგიდგენიათ, თუ კი მკვდრებს არ ინდობს, ცოცხლებს რას უზამს ასეთი ხელისუფლება?! თუმცა, რა განსხვავებაა - ცოცხლებსაც ხომ ცოცხლად აყრიან მიწას. ან მეორე ვარიანტი - ახლა ამათ მკვდრების ფეხზე წამოყენება და ცოცხლების დამარხვა მოინდომეს.
ჭიათურმანგანუმის მიწისქვეშა გამომუშავების შედეგად დაზარალებულები დღემდე ელოდებიან კომპენსაციას. თუმცა, რეგრესის პენსიონერების სოციალურ უზრუნველყოფაზე, არც სახელმწიფო ზრუნავს და რაც ინვესტორი. დღევანდელი მუშის ცხოვრება ძალიან რთულია. დღე და ღამეს ასწორებენ, სიცოცხლეს რისკავენ, ორი კაპიკის სანაცვლოდ. მართლა ორი კაპიკია დღეს მათი ხელფასი, მაგრამ ამას ვიღა ჩივის - “ოღონდ კი სამუშაო იყოს, მშივრები ნუ ვიქნებით“.
დღესდღეობით მათი საშუალო ხელფასი 500 ლარია. არადა მოგეხსენებათ პროდუქტიდან დაწყებული მედიკამენტით დამთავრებული ყველაფერი ძვირია და ფასები - ყოველდღიურად მზარდი. რა უნდა ქნას საწყალმა მუშამ ამ მიზერული ანაზღაურებით? რომელ ერთ საქმეს გააწვდინოს თანხა?! რამე რომ დაემართოს წამლის ფულიც კი არ აქვთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპერაციაზე.
რატომ აქვს ასეთი დაბალი ხელფასი სიცოცხლის ფასად მომუშავეს, მაშინ როცა ტრესტში, რბილ სავარძელში მჯდომთ 20 000 და 30 000 აქვთ. იცით, რომ რაც ერთ დღეში მაღაროდან მარგანეცი გამოაქვთ, იმით ყველა საწარმოს ვალს და ამავდროულად მუშის ხელფასსაც ისტუმრებენ. დანარჩენი დღეების ფულს კი უსინდისოდ იდებენ ჯიბეში.
აბა ვინ თქვა, რომ დღეს ჭიათურაში ბედნიერ სახეებს ვერ დაინახავ? კი, როგორ არა ოღონდ ასეთი ერთეულები დადიან. მათ აღარც კი იციან სად წაიღონ ფული, საბრალო მუშა კი შიმშილით, ტკივილით და უწამლობით კვდება.
ქალაქ ჭიათურაში უკვე დაახლოებით 2 წელია მიმდინარეობს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც აფინანსებს “ჯორჯიანმანგანუმი“. ამ საქმეში თავისი წვლილი შეაქვს შემოწირულობებს და ასევე მუნიციპალიტეტის მაღაროების მუშებსაც. მათ ყოველი თვის ხელფასიდან ექვითებათ 5 ლარი ტაძრის მშენებლობისთვის. თუმცა, ბევრი მუშა ამის გამო საყვედურს გამოთქვამს. აცხადებენ, რომ ქველმოქმედებას სურვილის მიუხედავად აკეთებენ, მათთვის არავის უკითხავს უნდოდათ თუ არა ამ საქმეში წვლილის შეტანა.
ქალაქში არის ისეთი ეკოლოგიური პირობები, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მანგანუმის გადამუშავების შედეგად მიღებული უსარგებლო ნარჩენებით აკეთებენ ზოგიერთი სოფლის გზას და იმადლიერებენ მოსახლეობას. ადგილობროივები იწამლებიან მანგანუმის ბიოქსიდით. სიმსივნით დავადებული ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ჭიათურაში ცხოვრობს, სახელმწიფო კი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, არც ზემოთაღნიშნულ ფაქტს და არც ამ ადამიანებს. მათთვის მთავარია სასარგებლო წიაღისეული გაიტანონ, დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია.
და, მაინც, როგორია ეს ქალაქი? ეს ერთეულებისთვის განკუთვნილი ქალაქია, სხვები მათ მხოლოდ ფორმალურად ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ფონად სჭირდებათ. ჭიათურა სხვებისგან თითქოს არაფრით გამორჩეული, ოქროს მტვერით შემოსილი პატარა შავი ქალაქია.
P.S.“ჯორჯიან მანგანუმის“ გენერალური მენეჯერი აკაკი გურჯიძე, რომელიც თავის განცხადებებში ხშირად აღნიშნავს, რომ არის ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი, მთელი დღის განმავლობაში დადის ყველა მაღაროში, კრებს მუშებს, ატარებს აგიტაციას, აშინებს ხალხს სამასახურიდან დათხოვნით, ცემით, ავრცელებს ინფორმაციას რომ “ქართული ოცნების“ კანდიდატი მალხაზ წერეთელი აპირებს საწარმოს დახურვას და ა.შ. რასაც მალხაზ წერეთელი კატეგორიულად უარყოფს.
გურჯიძე კი კვლავ ითხოვს “ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიის კანდიდატის ბატონი ჩიქვილაძის მხარდაჭერას. ის დაუფარავად აცხადებს, რომ არჩევნებში სასურველ ქულებს მაინც მიიღებენ. ინფორმაცია ვრცელდება, რომ ასევე, “ჯორჯიან მანგანეზმა“ ხალხის მოსასყიდად თანხა გადარიცხა, რომლითაც საკვები პროდუქტების უნდა შეეძინათ და დაერიგებინათ. საწარმოში ყოველდღიურად მიმდინარეობდა ადამიანების შანტაჟი და ვინც ოპოზიციურად იყო განწყობილი სამაგალითოდ სჯიდნენ. მთლიანობაში საქმე ეხება 3 700 ამომრჩეველს.