ხატია შამუგია შეყვარებულია!

ხატია შამუგია შეყვარებულია!

პარფიუმერული ქსელის „ICI PARIS“ მარკეტინგისა და PR-ის მენეჯერი - ხატია შამუგია მეუღლესთან, გურამიკო ლომიძესთან დაშორების შემდეგ, ყოველთვის ერიდება პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს, თუმცა მიუხედავად ამისა, გულშემატკივარს არ გამოჰპარვია მომხიბლავი ქალბატონის სოციალურ ქსელებში, ბოლო პერიოდში, მომხდარი ცვლილებები და ის  უახლესი კადრები, რომლებშიც მას მხარს უცნობი მამაკაცი უმშვენებს. ახლა კი, ის ურთიერთობა, რომლის  შესახებაც აქამდე მხოლოდ ეჭვები არსებობდა, ხატიამ OK!-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა.

როგორც გაირკვა, ხატია შამუგია შეყვარებულია! მისი რჩეული კი, ირლანდიის მოქალაქე, ქართველი ბიზნესმენი - არჩილია, რომელიც ათწლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ ახალ წელს ჩამოვიდა პირველად თბილისში და მონატრებულ სამშობლოში დაბრუნების სურვილთან ერთად, მისი ვიზიტი საყვარელი ქალის ნახვასაც უკავშირდებოდა.

ხატიას ახალ რჩეულთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, ისინი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, თუმცა მეგობრობა წლების შემდეგ სიყვარულშიც გადაიზარდა და უკვე სერიოზული სახეც მიიღო.

შეკითხვაზე კი, აპირებს თუ არა წყვილი უახლოეს მომავალში ურთიერთობისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას, ხატია შემდეგნაირად გვპასუხობს - „გამორიცხული არაფერია, Never Say Never".

დეტალებისგან ის, ჩვეულებისამებრ, თავს იკავებს, თუმცა სიტყვები, რომლითაც ამ ახალი ამბის გასაჯაროება გადაწყვიტა ყველაფერზე თავისთავად მეტყველებენ - „თამამად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარ,“ - აღნიშნავს ხატია.

რა თქმა უნდა, ვალენტინობა თითოული შეყვარებული ადამიანის რჩეული დღესასწაულია და ხატიამაც გადაწყვიტა საყვარელი მამაკაცისთვის, რომელიც ამჟამად დუბლინში იმყოფება, ეს დღე სოციალურ ქსელში, საჯაროდ მიელოცა,  „ვალენტინობას გილოცავ! იღბლიანი ადამიანი ვარ შენ რომ მყავხარ ცხოვრებაში“ - სწორედ ეს ფრაზა ამშვენებს რომანტიკულ ფოტოს, რომლითაც მან არჩილს სიყვარულის დღე მიულოცა.

რა თქმა უნდა, დღესასწაულის არც არჩილს დარჩენია უყურადღებოდ და ხატიას პირად პროფილზე საერთო ფოტო გამოაქვეყნა.