„ნამდვილად ცუდია სწავლა გამოცდისთვის, მაგრამ კიდევ უფრო უარესია სულ არსწავლა“

„ნამდვილად ცუდია სწავლა გამოცდისთვის, მაგრამ კიდევ უფრო უარესია სულ არსწავლა“

ჩვენი ხელისუფალნი აღფრთოვანებას ვერ მალავენ და გვარწმუნებენ, რომ უხარიათ განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმები, რადგან უკვე თაობებია, რაც ამ სისტემაში ხარვეზები დაგროვდა. მართლაც, სასიხარულოდ გვაქვს თუ არა საქმე ახალი რეფორმის შემხედვარე და მე-11-12 კლასებში გამოცდების გაუქმების შემდეგ, ამის შესახებ For.ge-ს პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი მრჩეველი, განათლების სამინისტროს ეროვნული სკოლის რეფორმის ყოფილი სამმართველოს უფროსი ზურაბ ვახანია ესაუბრა.

საქართველოში განათლების ხარისხს ნაკლები ყურადღება ექცევა თუნდაც იმიტომ, რომ უმაღლესი სასწავლებლის წარმატება სტუდენტთა რაოდენობით და მათ გამო სახელმწიფოსგან მიღებული ვაუჩერული დაფინანსებით განისაზღვრება. ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპია?

- მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ კარგი განათლება, მეცნიერება და კულტურა საბაზრო ეკონომიკის წესებითა და თვითდაფინანსებით ვერ იარსებებს. მსოფლიოში ცნობილი ჰარვარდის კერძო უნივერსიტეტიც კი ვერ არსებობს თვითდაფინანსებით, მის ბიუჯეტს ქველმოქმედება და ზოგჯერ სახელმწიფო ბიუჯეტიც კი ავსებს. განათლებას, მეცნიერებასა და კულტურას საგანგებო დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანდა მეცენატობა სჭირდება. უამისოდ მათი ხარისხი სავალალოდ დაბლდება. ეს კი ადამიანებს ცხოვრებას უფუჭებს, ვინაიდან ადამიანის ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი პროფესიონალიზმია. სახელმწიფოს ეკონომიკას ბუმერანგივით უბრუნდება ეს უკან - განათლებაში დაზოგილი ყოველი ლარი მომავალში ასლარიან ზარალს იწვევს. სხვა საკითხია, რომ საქართველოში განათლების ისედაც მცირე თანხების არცთუ მცირე ნაწილი არამიზნობრივად იხარჯება. საქართველოში განათლების დაფინანსება საბაზრო ეკონომიკაზეა მიგდებული, კერძოდ - ვაუჩერულ დაფინანსებაზე. სკოლა თუ უნივერსიტეტი დაფინანსებას მოსწავლე-სტუდენტების რაოდენობის პროპორციულად იღებს (ეს თანაბრად ეხება როგორც საბიუჯეტო, ისე კერძო დაფინანსებას). ამიტომ სასწავლებლის კეთილდღეობა მისი კონტინგენტის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამიტომაა, რომ სასწავლებელი თვითოეულ მოსწავლეს თუ სტუდენტს ებღაუჭება, მას თანხის არც ერთი შემომტანი არ ეთმობა. ეს კი შეუთავსებადია სწავლების ხარისხთან.

საბაზრო ეკონომიკის პრინციპი ზერელედ გულისხმობს, რომ ხარისხს „თვითონ ბაზარი დაარეგულირებს“, რომ ვითომ რაც უფრო მაღალია სწავლების ხარისხი, მით უფრო მეტი კონტინგენტი ეყოლება სასწავლებელს, მაგრამ ეს ნეოლიბერალიზმის საბედისწერო შეცდომაა. როგორც წესი, სასწავლებლის არჩევისას სწავლების რეალური ხარისხი კი არაა განმსაზღვრელი, არამედ სულ სხვა ფაქტორები: უბანი, პრესტიჟულობა, მოდური სპეციალობა, რეკლამა, წამხედურობა, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და სხვა. უფრო მეტიც, მოქალაქემ რომც მოისურვოს, რომ მართლაც სწავლების ხარისხის შესაბამისად აირჩიოს სასწავლებელი, ამას მაინც ვერ შეძლებს, რადგან ვერსად მოიპოვებს სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციას სწავლების ნამდვილი ხარისხის შესახებ. ეს ყოველივე მხოლოდ ჭორების დონეზეა. ასე რომ, საქართველოს განათლების სისტემა, დაწყებული, ალბათ, სკოლის მე-7-8 კლასებიდან, სწორედ საბაზრო სულისკვეთებითაა გამსჭვალული - ატესტატების, დიპლომების, სერტიფიკატების, აგრეთვე, მასწავლებელთა კრედიტ-ქულებისა და თანამშრომელთა ხელფასების სავაჭრო დახლადაა ქცეული.

დაფინანსების მახინჯმა სისტემამ, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების უვარგისობასთან ერთად, საბოლოოდ გაანადგურა სწავლების ხარისხი საქართველოში. ამას მწარედ წარმოგვიჩენს საერთაშორისო ტესტირებათა შედეგები. განათლების სისტემის შედეგი და სახე არის არა ცალკეული ახალგაზრდების საამაყო წარმატებები, არამედ საშუალო დონე, რომლითაც საქართველო მსოფლიოს უდაბლეს 25%-შია. ამასვე გვიჩვენებს ჩვენი დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

თქვენ 15-20 წლის განმავლობაში ტრენინგები და ტესტირებები ჩაგიტარებიათ ასეულობით მოსწავლისა და სტუდენტისთვის, აგრეთვე, ათასეულობით სხვადასხვა სპეციალობის ახალგაზრდა თუ ხნიერი უმაღლესდამთავრებულისთვის (უმეტესად სკოლის მასწავლებლებისთვის). რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ამ ტრენინგებმა და ტესტირებამ?

- ჩვენ გვაქვს მდიდარი სტატისტიკური მასალა, რომელიც სავალალო მდგომარეობას გვიჩვენებს. მთელი ამ წლების განმავლობაში ცოდნისა და უნარჩვევათა საშუალო დონე განუხრელად იკლებს, ყოველი მომდევნო წელიწადი წინანდელზე უარესია. ეს პროცესი უკვე საბჭოთა კავშირშია დაწყებული, დაახლოებით 1970-იანი წლებიდან. მაშასადამე, მცდარია ის გავრცელებული აზრი, რომ საბჭოთა განათლების სისტემა კარგი იყო. მართალია, საბჭოთა პერიოდში ცოდნის დონე ამჟამინდელზე უკეთესი იყო, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ახლა უარესია და არა იმიტომ, რომ ის კარგი იყო. ამჟამად მრავალი მასწავლებელი, ახალგაზრდა მაგისტრანტი და დოქტორანტი საკუთარ სპეციალობაშიც კი კარგი სკოლადამთავრებულის დონეზე ვერაა. მაგალითად, საფინანსო-ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტების უმრავლესობამ პროცენტები და გრაფიკებიც არ იცის წესიერად; ფილოლოგებმა - ზმნის პირის ნიშნები; ისტორიკოსებმა - რენესანსის ხანა...

მაგრამ ეს ახალგაზრდები დისერტაციასაც იცავენ და, ვისაც გავლენიანი მფარველი ჰყავს, საპასუხისმგებლო თანამდებობასაც იკავებენ, უცხოეთში სერტიფიკატსაც შოულობენ დაექსპერტებადგვევლინებიან...

- ისინი ღუპავენ მრავალ ადამიანს, აგრეთვე, მთელი საქართველოს მომავალს. „ნაცების“ ხელისუფლებამ საქართველოში სულ რამდენიმე კარგი ცვლილება განახორციელა. ეს იყო არასაკმარისი, თუმცა კეთილისმყოფელი ცვლილება. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება სახელმწიფო გამოცდების დაწესება იყო: 1) სკოლის დამამთავრებელი გამოცდები; 2) უმაღლესში მისაღები გამოცდები; 3) სახელმწიფოს მიერ რეგულირებად პროფესიებში (მასწავლებელი, ექიმი, იურისტი) სერტიფიცირება. გამოცდების თითოეულ ამ წყებას მრავალი დაუშვებელი ხარვეზი ჰქონდა, რის შესახებაც ჩვენ მრავალჯერ განგვიცხადებია მასმედიაშიც და სხვადასხვა თათბირებზეც, თუმცა ამას შედეგად მხოლოდ ჩვენი შევიწროება მოჰყვა... რეალურად, კეთილი ნებისა და ნეპოტიზმის შეზღუდვის პირობით, ეს ხარვეზები ადვილად გამოსწორდებოდა.

ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად, სამინისტრომ მთლიანად გააუქმა სახელმწიფო გამოცდები დამამთავრებელ კლასებში. ჩვენი ხელისუფალნი აღფრთოვანებას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ უხარიათ განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმები. ამ სისტემაში დაგროვილ ხარვეზს ახლახანს დაწყებული რეფორმა უშველის?

- რაც შეეხება სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას, ე.წ. CAT-ის გამოცდები არ ვარგოდა არც შინაარსით და არც ორგანიზაციულად, ამიტომ ნამდვილად გასაუქმებელი იყო. ასევე, ნამდვილად ცუდია სწავლა გამოცდისთვის, მაგრამ კიდევ უფრო უარესია სულ არსწავლა. ფაქტია, რომ უფროს კლასებში რამდენიმე სასკოლო საგნის სწავლა სწორედ საატესტატო გამოცდების დაწესების შემდეგ დაიწყეს მოსწავლეებმა, ხოლო როგორც კი ყური მოჰკრეს საატესტატო გამოცდების გაუქმებას, მეორე დღესვე თავი დაანებეს ამ საგნების შესწავლას, მრავალგან გაკვეთილებზე დასწრებაც არ ისურვეს. მაინტერესებს, ესაა სამინისტროს მიერ შეპირებული „სკოლის გაძლიერება“?

ასევე, შევეხოთ მეოთხე სავალდებულო მისაღები გამოცდის გაუქმებას. ეს მეოთხე გამოცდა უმაღლესი სასწავლებლის კეთილგონიერებაზე დარჩა დამოკიდებული. ესე იგი, სასწავლებლებს კანონი იმის უფლებას მისცემს, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს სამედიცინოზე - ბიოლოგიის გარეშე; ფილოლოგიურზე - ქართული ლიტერატურისა და თეორიული გრამატიკის გარეშე; ქიმიურზე - ქიმიის გარეშე და ა. შ. ესაა სამინისტროს მიერ შეპირებული „უმაღლესი სასწავლებლის გაძლიერება“?

თქვენ მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 40-ზე მეტი სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორი ბრძანდებით. საინტერესოა, ზოგადი უნარების ტესტირების გაუქმება მოსწავლეებში მათემატიკურ ალღოს განავითარებს?

- ზოგად უნართა სავალდებულო ტესტირების გაუქმება დაუშვებელი იყო, რადგან ეს საჭირო და აუცილებელია 21-ე საუკუნის ყველა მოქალაქისთვის, სპეციალობის მიუხედავად, რაც საერთაშორისო გამოცდილებამ უკვე დაამტკიცა. იმის მაგივრად, რომ სასკოლო განათლებაშიც დანერგილიყო ზოგად უნართა სისტემური და სისტემატური განვითარება, იგი გააუქმეს. ზოგად უნართა ტესტის შინაარსი ესაა ის რეალური მინიმუმი, რომელიც, ჯერ ერთი, გაუყალბებლადაა მისაწვდომი ყველა ნორმალური ადამიანისთვის, მეორეც, ზოგად უნართა ტესტი ყველა სხვა საშუალებაზე უფრო სანდოდ ზომავს ახალგაზრდის სასტუდენტო მზაობის რეალურ დონეს, თუ ახალგაზრდა რამდენადაა მზად უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის. თუკი ადამიანი ვერ გადალახავს ამ ტესტის ბარიერს, ის თითქმის ვერც ერთი განხრით ვერ შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლას, ფუჭად იქნება გაფლანგული როგორც სახელმწიფოს, ისე ოჯახის თანხები და, აგრეთვე, ახალგაზრდის ცხოვრების წლები. ამიტომ მართებული იყო, როდესაც ზოგად უნართა ტესტი მთავარ გამოცდად იყო დაწესებული.

როგორ შეაფასებთ გამოცდების სავალდებულო ბარიერის გაუქმებას გამოცდების სამივე წყებაში, მათ შორის, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში?

- მეოთხე გამოცდაც, ზოგად უნართა ტესტიც და საგამოცდო ბარიერიც უმაღლესი სასწავლებლის კეთილგონიერებაზე დარჩა დამოკიდებული. ეს კი უაღრესად საეჭვო და არამყარი საფუძველია, რადგან, როგორც უკვე ვიმსჯელეთ, სასწავლებელი ფულის შემტან თითოეულ სტუდენტს ებღაუჭება. ამიტომ სასწავლებელთა დიდი უმრავლესობა დამატებითი გამოცდებისა და ბარიერების დაწესებას მოერიდება. ეს ყოველივე საბოლოოდ ნულამდე დასცემს საქართველოში ისედაც დაცემულ სწავლების ხარისხს. საქართველოში ადრეც უდაბლესი ბარიერი იყო. მაგალითად, ზოგად უნართა ტესტის მინიმალური ბარიერია 40%. ამაზე ნაკლები ბარიერით ეს ტესტი წესიერად ვეღარ მუშაობს ისევე, როგორც სარეცხი მანქანა ვერ იმუშავებს, თუკი მის ინსტრუქციას დავარღვევთ, მაგალითად, თუკი 220-ის ნაცვლად 120 ვოლტში ჩავრთავთ. ბარიერი კი 27% იყო. ეს მაშინ, როდესაც ამ ტესტში საშუალოდ 22% პასუხების ალალბედზე შემოხაზვით გროვდება. ანუ ძნელია იმის მოხერხება, რომ ბარიერი ვერ გადალახო, მაგრამ ზოგიერთი აბიტურიენტი ცალკეულ გამოცდაზე ამასაც ვერ ახერხებდა და უმაღლესი სასწავლებლის გარეთ რჩებოდა. ამიტომ უმაღლეს სასწავლებლებში მრავალი ცარიელი ადგილი რჩებოდა, თანაც ამ „მოცდენილი“ ადგილების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებდა ცოდნა-განვითარების საშუალო დონის კლების შესაბამისად. ეს კი შემოსავალს უკარგავდა უმაღლეს სასწავლებელსაც და ნაწილობრივ - სახელმწიფოსაც. მრავალი ოჯახი განაწყენებულიც რჩებოდა. სწორედ ამ განაწყენებისა და, რაც მთავარია, ფინანსური დანაკარგების აღკვეთა არის ის მთავარი მიზანი, რომელსაც სამინისტროს ახალი ინიციატივა ისახავს. გრძელდება „საბაზრო მიდგომა“, დამღუპველ პოპულიზმთან ერთად.

განათლების ხარისხზე, ალბათ, ისიც უარყოფითად მოქმედებს, რომ კომუნისტების დროს მცოდნე ადამიანი სამსახურის გარეშე არ რჩებოდა. ახლა კი პირიქითაა, თუ კარგი პატრონი არ გყავს, შენი დიპლომი ფარატინა ქაღალდად რჩება და ვერც სამსახურს იშოვი.

- კომუნისტების ხანაში საქართველოში 1,5-ჯერ მეტი ახალგაზრდა ცხოვრობდა, ვიდრე ამჟამად, წარმოება მუშაობდა და სპეციალობის შესაბამისი დასაქმება თითქმის 100%-იანი იყო. მაშინ უმაღლეს სასწავლებელთა ყოველწლიური ჯამური კონტინგენტი 8 ათასს არ აღემატებოდა. ამის მიუხედავად და აგრეთვე იმის მიუხედავადაც, რომ მაშინდელი აბიტურიენტის მომზადების საშუალო დონე ამჟამინდელზე გაცილებით მაღალი იყო, მაშინაც კი სტუდენტების უმრავლესობა ფუჭად აცდენდა უმაღლეს სასწავლებელთა ადგილებს, რადგან არ ან ვერ სწავლობდა და ყალბად იღებდა ნიშნებს. ამჟამად კი, მასობრივი უმუშევრობისა და 1,5-ჯერ ნაკლები რაოდენობის ახალგაზრდების პირობებში, ჯამური კონტინგენტი 30-40 ათასია, ანუ ახალგაზრდების რაოდენობასთან პროპორციით 6-ჯერ მეტია, ვიდრე კომუნისტებისდროინდელი კონტინგენტი და 12-ჯერ მეტია, ვიდრე რეალურად არის საჭირო ოპტიმალური კონტინგენტი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი პროფესორ-მასწავლებელი სჭირდება 120 000 ბაკალავრიანტს, კიდევ ათასობით მაგისტრანტს და კიდევ ასეულობით დოქტორანტს? საქართველოში კვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა ამის ნახევარსაც კი ვერ გასწვდება. უმაღლეს სასწავლებელთა აკრედიტაცია კი ყალბი ბიუროკრატიული პროცედურაა, „საბაზრო ეკონომიკის“ კიდევ ერთი წყაროა და ნამდვილ ხარისხთან შეხებაც არ აქვს.

უნდა ევალებოდეს თუ არა უნივერსიტეტის მასწავლებელს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება?

- რატომ არ ევალება უნივერსიტეტის მასწავლებელს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება? თუკი მოსამართლეს ეკადრება, უნივერსიტეტის მასწავლებელს რატომ არ ეკადრება? სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორს, სამინისტროს ექსპერტს, მასწავლებელთა მწვრთნელსა და ტესტის შემდგენელს რატომ არ ევალება იმ გამოცდების ჩაბარება, რომლებსაც რიგითი სკოლის მასწავლებლები აბარებენ? თუკი ჩხოროწყუს რაიონის გეოგრაფიის მასწავლებლმა უნდა იცოდეს პიაჟეს თეორიის საწყისები, გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორს რატომ არ ევალება? თუკი, არსებული სასწავლო სტანდარტების მოთხოვნით, სკოლადამთავრებულს ევალება რომელიმე მაღალი სააზროვნო დონის უნარჩვევის ფლობა, მომავალ ლექტორს რატომ არ ევალება? ასე რომ, სპეციალისტს უნდა დაევალოს დარგის ექსპერტის ოფიციალური წოდების მოპოვება სათანადო გამოცდების ჩაბარებით. ექსპერტის წოდების გარეშე კი უნდა აიკრძალოს ლექტორობა, ავტორობა, სამინისტროს სისტემაში ექსპერტ-სპეციალისტის თანამდებობის დაკავება, ტრენინგის ჩატარება და ტესტების შედგენა. ამგვარი გამოცდები რომ დაწესდეს, საქართველოში ამჟამად აღზევებული „ექსპერტების“ ნახევარი მაინც ჩაიჭრება.

თუკი ამჟამად აღზევებულიექსპერტებისნახევარი ჩაიჭრება, მაშინ საგამოცდო ტესტებს ვინ შეადგენს?

- ეს ადვილად მოსაგვარებელია. თავდაპირველად უცხოელ ექსპერტებს და უცხოეთში მომუშავე ქართველ ექსპერტებს შევადგენინოთ ტესტები, მერე კი უკვე აქაური სერტიფიცირებული ექსპერტები შეადგენენ. ხოლო საორგანიზაციო მხარე ისევე მოგვარდება, როგორც ექიმებისა თუ იურისტების სასერტიფიკაციო გამოცდების დროს გვარდება.

თქვენი აზრით, საქართველოს მომავლისთვის დამღუპველია ის პოლიტიკა, რაც განათლების სფეროში ბოლო წლებში ხორციელდება?

- საქართველო ავსებულია უცოდინარი დიპლომირებული ვაისპეციალისტებით, რომელთა ნაწილი (ვისაც გავლენიანი მფარველი ჰყავს) საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა. მაგალითად, მრავალმა მედიკოსმა იმ ორგანოს ანატომიური მდებარეობაც კი არ იცის, რომელსაც უნდა უმკურნალოს; მრავალი მასწავლებელი თავის დარგში მე-3 კლასისთვის განკუთვნილ ამოცანებსაც ვერ ხსნის; მრავალი „ექსპერტის“ საქმიანობა იმით იფარგლება, რომ ფუჭ და ყალბ ბიუროკრატიაში მაღალ ხელფასს იღებს და თავის ირგვლივ პროფესიონალს არ აჭაჭანებს. არის თუ არა ეს საქართველოს მომავლის დაღუპვა?

გარდა ამისა, ოჯახი სახელმწიფოსა და უმაღლესი სასწავლებლის მიერაა მოტყუებული. ოჯახს ჰგონია, რომ შვილის მომავალზე ზრუნავს. ბანკის კრედიტს იღებს, უკანასკნელ მანქანასა თუ ძროხას ყიდის, ბინასა და მიწას აგირავებს, უმიწაწყლოდ რჩება შვილის „ბედნიერი მომავლის“ გულისთვის. მაგრამ ეს შვილი ლექცია-სემინარებზეც კი არ დადის, ანუ ქუჩაში ყრის იმას, რაც ოჯახმა სისხლის ფასად იყიდა. რატომ არ აწუხებს სამინისტროს ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გაცდენები 50%-ს აჭარბებს, ხოლო არგაცდენის შემთხვევაში სტუდენტების საშუალოდ მხოლოდ 20-30%-ია ჩართული სასწავლო პროცესში? ათიათასობით ხელმოცარულ სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. შედარებით წარმატებული სტუდენტი კი აიღებს და ააფრიალებს ფარატინა დიპლომს, მაგრამ ოჯახი გაღატაკებული დახვდება. ათიათასობით უმუშევარი იურისტი, ეკონომისტი თუ პოლიტოლოგ-დიპლომატი აფრიალებს დიპლომს, ოჯახი კი შვილს იურიდიულ-ეკონიმიკურ-საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობაზე აგზავნის. ლატარეაში ან სამორინეში უფრო მეტი შანსია მოგებისა, ვიდრე ამ სპეციალობებით სამსახურის შოვნისა. და, თუკი უმაღლესდამთავრებულმა მერე მაინც „ბიზნესი“ უნდა დაიწყოს, თანაც არა სპეციალობით, მაშინ რისთვის დაიკარგა 4 წელიწადი და ის დიდძალი თანხები, რომლებიც სწორედ იმ „ბიზნესის“ წამოსაწყებადაა საჭირო? ისედაც გაჭირვებული ათასობით ოჯახის გაღატაკება და ახალგაზრდების მასობრივად უმუშევრად დატოვება არის თუ არა საქართველოს მომავლის დაღუპვა? როცა საქართველოს მომავლის დაღუპვაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყალბი სტუდენტობის 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა გზას ასცდება. ზოგი უსაქმურობასა და ანაშას გაუგებს გემოს, ზოგი - კრიმინალურ საქმიანობას, ზოგი წესიერ ცხოვრებას ინარჩუნებს, მაგრამ დამოკიდებულებები და შეხედულებები აქვს დამახინჯებული: მიჩვეულია იმას, რომ სიყალბე და მოჩვენებითობაა „საქმის კეთება“, ნამდვილი საქმის კეთებაზე წარმოდგენაც არ აქვს, ანუ მზადაა მომავალი კორუფციონერი; თავი დიპლომირებული სპეციალისტი ჰგონია და თავისთვის რეალურად შესაფერის საქმიანობას აღარ კადრულობს. თუკი ოფისში მენეჯერის მოადგილეობას არ შესთავაზებენ, ბედსა და მთავრობას უმუშევრობას აყვედრის. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც სოფლები ცარიელდება და მუშახელი აღარაა. არის თუ არა ეს საქართველოს მომავლის დაღუპვა?    

ჩვენი წინაპრები გოდებდნენ, „იყიდება საქართველოო“. ამჟამად საქართველოც იყიდება და მისი მომავალიც გირაოში იდება. ამის შესაჩერებლად ერთადერთი გზაა, რომ განათლების პოლიტიკა „საბაზრო პრინციპებითა“ და პოპულიზმით კი არ იმართებოდეს, არამედ უპირველესად ხარისხზე, ახალგაზრდასა და საქართველოს მომავალზე ზრუნავდეს. მთავარია ნეპოტიზმ-კორუფციის აღკვეთა. ცოდნის დაბალი დონე იმაშიც ჩანს, რომ ჩვენს მოსახლეობას არ ესმის ცნება „კორუფცია“ და მას მექრთამეობასთან აიგივებს. სინამდვილეში, მექრთამეობა კორუფციის მხოლოდ ერთი სახეობაა, თანაც არა ყველაზე უარესი სახეობა. კორუფცია - ესაა თანამდებობის უკანონო გამოყენება პირადი მიზნებით. მაგალითად, რუსეთსა თუ აზერბაიჯანში მექრთამეობა გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მთლიანობაში კორუფცია, ნეპოტიზმის ხარჯზე საქართველოშია მეტი. საქართველოში თანამდებობაზე დანიშვნისას პროფესიონალიზმის ფაქტორი უბრალოდ აღარ არსებობს. რუსეთსა თუ აზერბაიჯანში კი ვერ ნახავთ განათლებისა თუ მეცნიერების ექსპერტების როლში ისეთ გამოუცდელ არაპროფესიონალებს, როგორებიც საქართველოში მრავლად გვყავს.

გრიგორი იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, რომ არ გაანადგურებენ მთლიანად განათლების სისტემას. ალაპარაკდნენ გამოცდებზე მე_6 და მე-10 კლასებში . ეს სისულელეა, მაგრამ გამოცდების სრულად გაუქმებას სჯობს. გარდა ამისა. ბატი(აშვილმა) პედაგოგიური სასწავლებლების გაუქმება შეცდომად აღიარა. მცირე იმედი მაინც არის, რომ პარლამენტი არ მიიღებს თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის დამღუპველ კაკონპროექტს.
5 წლის უკან