სოლსკიაერი:

სოლსკიაერი: "ჩემთვის მთავარი ჩემპიონთა ლიგაა"

ერთი დღე დარჩა და ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის მერე განახლდება. ბრწყინვალე ფორმაში მყოფი „მანჩესტერ იუნაიტედი“ „პარი სენ ჟერმენს“ დაუხვდება და ახლა ბევრის აზრით ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ წილისყრის დასრულების შემდეგ ფრანგთა შანსი უფრო ფასობდა.

ოლე გუნარ სოლსკიაერს ახლა გამოცდის ჩაბარება ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირშიც მოუწევს. ნორვეგიელი მიიჩნევს, რომ მის კარიერაში მთავარი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა.

„ჩემი კარიერის მთავარი მატჩები ჩემპიონთა ლიგის თამაშებია. ერთი სული გაქვს ჰიმნს მოუსმინო, მოედანზე გახვიდე... „ოლდ ტრაფორდის“ დავიწყება ასეთ დროს შეუძლებელია.

ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არ ვფიქრობ. ახლა მხოლოდ პსჟ-სთან შეხვედრები მაინტერესებს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, - განაცხადა სოლსკიაერმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ პირველი მატჩი 12 თებერვალს ინგლისში გაიმართება. ფრანგები ამ შეხვედრას უდიდესი დანაკლისით ხვდებიან, რადგან ნეიმარი და ედინსონ კავანი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ. საპირწონედ კი, „იუნაიტედი“ დიდებულ ფორმაშია და დეკემბრიდან მოყოლებული ერთადერთი მატჩის გარდა ყველა თამაში მოიგო.