„მხეცის ნიშანი“, ანუ სოციალურ–პოლიტიკური ვამპირიზმი ქართულ რეალობაში

„მხეცის ნიშანი“, ანუ სოციალურ–პოლიტიკური ვამპირიზმი ქართულ რეალობაში

პატიმრების მხეცური წამების კადრების ნახვის შემდეგ ადამიანები მაშინვე „ნაციონალთა“ ფსიქო–სექსუალურ გადახრებზე ალაპარაკდნენ. გაჩნდა ანალოგია აბუ–გრეიბის კადრებთან, რომლებმაც თავის დროზე მთელი კაცობრიობა შეძრა და იგივე დასკვნები გააკეთებინა. ფსიქოლოგ ფილიპ ზიმბარდოსთვის აბუ–გრეიბის კოშმარი აღმოჩენა სრულებითაც არ გამხდარა. სამი ათეული წლით ადრე მან ჩაატარა ე.წ. „ციხის ექსპერიმენტი“, რომელმაც კაცთა მოდგმა ფრიად არასახარბიელო რაკურსში დაგვანახა. მიღებული შედეგების თანახმად, სადიზმით გულწრფელად აღშფოთებული ნებისმიერი ადამიანი, ხვალ, შესაძლოა, უარეს სადისტად მოგვევლინოს. ზიმბარდოს თეორიის თანახმად, ნებისმიერი ადამიანის სულში ჩაბუდებული „მხეცის“ გამოსაღვიძებლად სავსებით საკმარისია მისთვის სრული და უკონტროლო ძალაუფლების მინიჭება. ასეთ დროს ადამიანი ნამდვილ ვამპირად გარდაისახება. გლდანის საპყრობილის მუშაკთა აღვირახსნილი სადიზმიც სწორედ ამაზე მეტყველებს. „თბილისური აბუ–გრეიბი“ მეცნიერისთვის, ალბათ, მორიგ „ქეისად“ იქცა.

საზოგადოება გაურბის აღნიშნულ თეორიაზე ღია საუბარს, რაც საბედისწერო შეცდომაა. თუკი მყრალი ჩირქის სირცხვილით ადამიანი ჭრილობას დამალავს, სისხლის მოეწამლება და მოკვდება. იგივეს ელის საზოგადოებას, თუ „ჩირქის კერას“ სასწრაფოდ არ „უმკურნალა“.

„ლუციფერის ეფექტი“

ზიმბარდომ 1971 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში თავისი გამოკვლევა ჩაატარა. ფიზიკურად და სულიერად აბსოლუტურად ჯანსაღი სტუდენტებისგან მან ჩამოაყალიბა ორი გუნდი: „პატიმრები“ და „ზედამხედველები“.

საგულისხმო დეტალი: ახალგაზრდებს არ აღენიშნებოდათ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება, ან არაჯანსაღი ამბიციები. „ზედამხედველობაზე“ ყველა უარს ამბობდა, ამიტომ გუნდები ლამის მონეტის აგდებით დაკომპლექტდა.

სიტუაცია მაქსიმალურად მიამსგავსეს რეალობას: ჩატარდა დაპატიმრების პროცედურა პოლიციის მანქანებით, ხელბორკილებით და სხვა ატრიბუტიკით. ციხეში ორივე გუნდი შესაბამისად შემოსეს და დაწვრილებით გააცნეს „შინაგანაწესი“. ექსპერიმენტატორები დღისით მეთვალყურეობას უწევდნენ სიტუაციას, ხოლო ღამით საკნებში განვითარებულ მოვლენებს ფარული კამერებით აკვირდებოდნენ.

თავიდან ყველაფერი სახალისო თამაშს ჰგავდა, მაგრამ სულ რაღაც ორიოდე კვირაში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. უნიფორმაში გამოწყობილმა ხელკეტიანმა და შავსათვალიანმა „ზედამხედველებმა“ როლი შეიფერეს და „პატიმრების“ დამცირება დაიწყეს: ნებისმიერ წვრილმანზე სჯიდნენ და აშიმშილებდნენ, კარცერში სვამდნენ, ტუალეტში არ უშვებდნენ, ან თუ უშვებდნენ – თავზე ტომარას ჩამოაცვამდნენ. განსაკუთრებით „გაიჯეჯილეს“ ღამ–ღამობით, როდესაც, მათი ჭკუით, არავინ უთვალთვალებდა: პატიმრებს „შესამოწმებლად“ წამოაგდებდნენ და ამღერებდნენ(!), არ აძლევდნენ საბანს, მრავალჯერ აზიდვას აიძულებდნენ. საქმე ფიზიკურ შეურაცხჰყოფამდე და სექსუალურ ძალადობამდე მივიდა (!). გამწარებულმა „პატიმრებმა“ ბუნტი მოაწყეს და გაქცევა სცადეს. მაშინ „ზედამხედველები“ისეთ სისასტიკეში გადავარდნენ, რომ მკვლევარებმა ექსპერიმენტი ვადაზე ადრე შეწყვიტეს.

ადამიანის ასეთ გაპირუტყვებას ზიმბარდომ „ლუციფერის ეფექტი“ უწოდა. მის დროს გამოჩენილ სადიზმის ფორმას და ხარისხს განსაზღვრავს კონკრეტული ადამიანის თვისებები, ცხოვრებისეული გამოცდილება და გარემო. „ლუციფერის ეფექტის“ გამოვლენა არასასურველ პირთა დეჰუმანიზაციით იწყება: სოციუმის თვალში ისინი „ცუდნი“ და „მიუღებელნი“ ხდებიან. შემდეგი ნაბიჯია „განკიცხულთა“ ადამიანური უფლებების იგნორირება, რაც საბოლოოდ, დევნა–დამცირებით „გვირგვინდება“. პროცესის დასაწყებად საკმარისია ავტორიტეტული ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის „ინიციატივა“. ამის შემდეგ ერთვება ე.წ. სოციალური წაბაძვის მექანიზმი: გინდა რომ კარგად გექცეოდნენ, ან, ყოველ შემთხვევაში, არაფერს გერჩოდნენ? მაშინ თავში ჩააფარე ყველას, ვიზეც სოციუმი მიგითითებს.

ცნობისთვის: დამღუპველია არა თავად სოციალური წაბაძვა როგორც ასეთი, არამედ აბსოლუტური კონფორმიზმი. დანაშაულებრივი სოციალური შეკვეთის უკრიტიკოდ შესრულება, საბოლოოდ, თავად მტანჯველის ფსიქიკას ასახიჩრებს. სხვისი წამებით გამოწვეული დისკომფორტის დასაძლევად ირთვება დამცავი მექანიზმები და ადამიანი გარდაიქმნება ან სადისტად, ან გულგრილ ქვეწარმავლად. სწორედ ეს მოხდა გლდანის საპყრობილეში. გაბატონებულმა სისტემამ ყველა ტუსაღი persona non grata–დ გამოაცხადა, რითაც მწვანე შუქი აუნთო თავის მსახურთა ქვენა ინსტიქტებს.

საინტერესო დეტალი: ადამიანის მზადყოფნა ზემდგომის ბრძანებით „თავში ჩააფაროს“ უდანაშაულო ადამიანს, ზიმბარდოზე ადრე სტენლი მილგრამმა დაამტკიცა. 1963 წელს იელის უნივესიტეტში მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ავტორიტეტული ექსპერიმენტატორის მითითებით ცდისპირები მოყვასს ელექტროშოკით უმასპინძლდებოდნენ.

„სამთავრობო ეშელონები იგივე საზოგადოების წარმოებულია!“

ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ლუციფერთან „სიამტკბილობს“ და აგრესიულ ამპარტავნებაში ყურებამდე ჩაეფლო. ჩნდება კითხვა: რამდენად უფრი ზნეობრივი გამოდგება ოპოზიცია, რომელიც სრულებითაც არ არის ფრთიანი ანგელოზებით დაკომპლექტებული? რამდენად მოახერხებს გამარჯვების შემთხვევაში ძალაუფლების ხიბლის დაძლევას, ანუ წლების მანძილზე დაგროვილი აგრესიის გაკონტროლებას და განსხვავებული აზრის შეწყნარებას? მოდით, ერთმანეთს ნუ გავემიჯნებით! ნუ ვიტყვით, რომ ადამიანთა ეს ჯგუფი ცუდია, ხოლო სხვა – უკეთესი. ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. ზიმბარდოს გამოკვლევა გვარწმუნებს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ყოველი ჩვენთაგანის სულში ჩაბუდებული მხეცის დაძლევა. ერის კეთილდღეობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

მარინა გეგელაშვილი (ფსიქიატრი):

– სპეციალისტები და ფსიქოლოგიაში ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან: აგრესიულობა ადამიანის ფსიქიკის თანდაყოლილი ელემენტია. პრობლემა იმაშია, რამდენად მივცემთ მას ასეთი დესტრუქციული ფორმით გამოვლენის საშუალებას. არაღიარება და მიჩქმალვა პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს. დაძლევა მხოლოდ მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, თუ სპეციალისტები ადამიანებს პრობლემის გაცნობიერებაში დავეხმარებით.

ჩვენი საზოგადოება თაობათა მანძილზე ფრუსტრირებულია (ყველა გაგებით!). განა კანონზომიერი არ არის, რომ მის წიაღში მომწიფებული დესტრუქციული მუხტი გამოსავალს „ლუციფერულ“ მმართველობაში ჰპოვებს?

– რა თქმა უნდა, მომხდარზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სამთავრობო ეშელონები იგივე საზოგადოებიდანაა ამოზრდილი. ახლა კი საზოგადოების ერთ ნაწილს ერთი სული აქვს, „როგორც კი მისი დრო მოვა“ მისთვის არასასურველ სხვა ნაწილს იგივე „ცოცხი გაუკეთოს“.

და კიდევ ერთი: დიდ მოქალაქეობრივ პოზიციად არ მიმაჩნია პრესაში ისეთი სტატიების გამოქვეყნება, რომლებშიც ქურდული მორალის აპოლოგია ხორციელდება. თურმე ნუ იტყვით და, ქურდები მმართველებზე უკეთესები ყოფილან, იმიტომ, რომ მამაკაცების გაუპატიურებას არ კადრულობდნენ. აბა, ვისი მოგონილი იყო სხვადასხვა მიზეზით (თუ უმიზეზოდ) ამოჩემებული პატიმრის „გაქათმება“?! მამაკაცების გაუპატიურება „სტატუსის“ მქონე პატიმრების მიერ საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო. რუსული ქურდული ჟარგონით ამას ჰქვია – „опустить“. თუ ქურდებს ებრძვი, მათივე მეთოდებით არ უნდა გაუსწორდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკეთესი რით ხარ?!

საზოგადოების პარადოქსული გულმავიწყობა აშკარად თავდაცვითი რეაქციაა. მაგრამ „საავტორო უფლება“ ცოცხების გამოყენებაში ნამდვილად ნაციონალებს ეკუთვნის. საერთოდ, „ნიჭიერი“ ხალხია!

– ზიმბარდოს ექსპერიმენტიდან გამომდინარე, ყველანი ცოტ–ცოტათი „ნიჭიერები“ ვართ. არავინ იცის, რას ჩაიდენს, თუკი საშუალება მიეცა. ძალიან ადვილად შეიძლება სამართალდამცველი, ან უფლებათა დამცველი ადამიანის უფლებათა ყველაზე აქტიურ დამრღვევად მოგვევლინოს. ამის მაგალითებიც საკმაოდ ყოფილა და გვაქვს. ზიმბარდოს და მილგრამის შედეგები ყოველთვის წითელი შუქივით უნდა გვქონდეს ანთებული ყველასთვის, ვისაც ძალაუფლების მინიჭებით ნდობას ვუცხადებთ.

ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც საკონცენტრაციო ბანაკისათვისაც ღირსეულად გაუძლიათ და არც მოძალადის როლზე დათახმებულან საკუთარი ტყავის გადასარჩენად. ისინი, სამწუხაროდ, უმცირესობაში არიან. ყველას არ მოსდგავს ასეთი სიძლიერე; ამიტომ, თუკი ადამიანმა საკუთარ თავზე არ იმუშავა, ან იმას მაინც არ შეეცადა, რომ საკუთარ თავთან გულწფრელი იყოს, ძალიან მალევე მიუკაკუნებს „მეცოცხეების“ დონეს.

საკუთარ თავთან თვალთმაქცობას ყოველთვის ძალზე ცუდი შედეგები მოაქვს. მოდით ესეც ვაღიაროთ: ერთმანეთის მიმართ აგრესია დაიწყო არა გუშინ, ან გუშინწინ, არამედ ბევრად უფრო ადრე. გავიხსენოთ, თუნდაც, 90––იანი წლების დასაწყისი, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი მეორეს მოსაკლავად დასდევდა. თან – რისი გულისთვის, ზოგჯერ თვითონაც წესიერად ვერ გეტყოდათ.

რამდენად რეალურია სასიკეთო ძვრას ველოდოთ საზოგადოებაში, სადაც ასეთი მიდგომებია გაბატონებული?

– მე დიდად ოპტიმისტურად ვერ ვუყურებ ამ საკითხს. ერთადერთი რაც მაძლევს „კეთილსაიმედო პროგნოზის“ საშუალებას, ეს ჩვენი სტუდენტობის უმრავლესობის გულწრფელი, არაანგაჟირებული აქტივობაა. ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვალდებულები ვართ მოვუფრთხილდეთ ახაგაზრდებს, არ დავთრგუნოთ ჩვენი უსაქციელობით, იმედები არ გავუცრუოთ მათ, არ გავსვაროთ და ვაცალოთ ააშენონ ისეთი საზოგადოება, რომელიც ჩვენ ვერ მოვახერხეთ.

(გაგრძელება იქნება)