„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ, ქვეყნის მასშტაბით, გამოკითხული მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, 43% კი საპირისპიროდ ფიქრობს. დარჩენილმა 11%-მა საერთოდ არ იცის საქართველოში არის თუ არა დემოკრატია.
მოსახლეობის უმრავლესობის მიერ დემოკრატიის მდგომარეობის ასეთ აღქმას ანალიტიკოსი, აზიკო (ილია) სისვაძე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს, რასაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები და ხელისუფლების მიერ, ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის უუნარობა ემატება.
for.ge ანალიტიკოს ილია (აზიკო) სისვაძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა გამოიწვია აღნიშნული შედეგი?
- მოსახლეობის უმრავლესობის მიერ დემოკრატიის მდგომარების ასეთი აღქმა უშუალო შედეგია იმ მასშტაბური გაყალბებებისა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში ხელისუფლების მიერ მაქსიმალურად იქნა გამოყენებული უპირატესად ადმინისტრაციული რესურსები, ოპოზიციამ გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია და ამომრჩეველთა რეალური განწყობა სწორედ ამ ტურმა განსაზღვრა. მეორე ტურის შედეგები კი განაპირობა არჩევნების ყველა შესაძლო მეთოდით გაყალბებამ და არა „მიშა ბუას“ ფაქტორმა, როგორადაც ამას ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის.
სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა თავს ფაქტიურად ავტორიტარულ ქვეყანაში მცხოვრებად თვლის. ამ გარემოებას ემატება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნა და საკანონმდებლო ავტორიტარიზმი, პოლიტიკური სპექტრის თუ მოსახლეობის უმრავლესობის განწყობის წინააღმდეგ მიღებული კანონები და ქმედებები, ხარვეზები მართლმსაჯულების სისტემაში და ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის უუნარობა.
სწოდედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების კრახი 2012 წელს და იგივე ელოდება „ქართულ ოცნებასაც“, თუ პოლიტიკას რადიკალურად არ შეცვლის.
როგორ შეაფასებდით დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში?
- ქვეყანაში რეალური ჯანსაღი დემოკრატიის დამკვიდრება უპირველესად მოსახლეობის პოლიტიკური განათლების და კულტურის დონეზეა დამოკიდებული, რომლისგანაც ჯერ საკმაოდ შორსა ვართ. ამ პირობებში თვით ყველაზე სამართლიანი არჩევნები შესაძლოა ხალხის უმრავლესობის ნებას გამოხატავდეს, მაგრამ შედეგი არასახარბიელო იყოს, რადგან პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ამომრჩეველი გულუბრყვილოდ იმ პარტიას უჭერს მხარს, რომელიც სხვაზე დამაჯერებლად და „იმედიანად“ გააცურებს. ეს კი ფაქტიურად მძიმე სამართალდარღვევაა. გამარჯვებულ დამნაშავეს კი ჯერ-ჯერობით არავინ სჯის, მათ შორის, ცრუ დაპირებების ფორმით გამოხატული პოლიტიკური თაღლითობისათვის.
შესაბამისად, არჩევნების ბედსა და დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს არა ცალკეული პარტიების პროგრესულობა და ინტელექტუალური პოტენციალი, არამედ, საზოგადოების უმრავლესობის პოლიტიკური ცნობიერების არასაკმარისი დონე და მენტალობა. აქედან გამომდინარეობს დღევანდელი დემოკრატიის ყველა ნაკლი.
დემოკრატიული ნამდვილად ვერ იქნება ის ქვეყანა, რომლის ხელისუფლება უპირატესად მხოლოდ მსხვილი ბიზნესის ინტერესებს გამოხატავს და იმავდროულად იმართება არაფორმალურად, ავტორიტარული და როგორც საქვეყნოდ გამომზეურდა, კრიმინალური მეთოდებით. ყველაზე უარესი ასეთ „დემოკრატიაში“ მაინც ისაა, რომ მსხვილი ბიზნესის მიერ ქვეყნისათვის თავსმოხვეული ხელისუფლება ჩამოყალიბდა მისი ანგარებიანი ინტერესების აღსრულების ბიუროდ, რომელიც სიმბიოზურ კავშირში შევიდა კრიმინალურ სამყაროსთან და მმართველობის ყველა დონეზე ქურდული მენტალიტეტი დანერგა.
ასევე, პრობლემატურია ადამიანთა შეზღუდული მონაწილეობა პოლიტიკაში არჩევნებს შორის პერიოდში. ამ გაგებით დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება ქვეყანა, სადაც თუნდაც მაქსიმალურად ობიექტურ არჩევნებში რიგით მოქალაქეთა უფლებები ხმის მიცემით მთავრდება და შემდეგ შესაძლებლობა აღარ აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთო ეროვნული თუ რეგიონული პრობლემების გადაჭრაში. ასეთი თავისუფლება მხოლოდ დემოკრატიის ილუზია და თავისი არსით „დემოკრატიული ავტოკრატიის“ ბატონობას გულისხმობს.
ამდენად, დემოკრატია პროგრესის საფუძველია მხოლოდ მაღალი პოლიტიკური სიმწიფის, ზნეობის, სათანადო პოლიტიკური ტრადიციების და სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე საზოგადოებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შესაძლოა პოლიტიკური ქაოსის, კრიმინალის და უზნეობის დაკანონება-დამკვიდრებას ემსახურებოდეს. ცნობილია, თუ როგორი სისხლიანი ქაოსი გამოიწვია გარედან თავსმოხვეულმა დემოკრატიამ არაბულ ქვეყნებში, რომლებიც საამისოდ ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად.
ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგებს მოიტანდა დემოკრატია ბიბლიურ სოდომსა და გომორში, ადამიანებს არჩევანი რომ გაეკეთებინათ ზნეობისა და რაიმე კეთილშობილურ სახელს ამოფარებულ უზნეობის პარტიებს შორის.
დემოკრატია მხოლოდ მაშინ მოგვცემს სასურველ შედეგს, როდესაც საზოგადოება განიკურნება „პლასტილინის ბრბოსა“ და „თუთიყუშის სინდრომისაგან“ და ხელისუფლებას აირჩევს საღ აზრზე დაყრდნობით და არა იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია მოახერხებს მისით დანაშაულებრივ მანიპულირებას.
ქართული დემოკრატიის უმთავრესი ნაკლი - ქვეყანა, რომელიც ერთი პიროვნების, თუნდაც ბრძენკაცის, კერძო დუქნად იქცევა, უკვე ავტოკრატიულია, რომელშიც პოლიტიკიდან მთლიანადაა გამოდევნილი საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ძალები. ასეთი მდგომარეობა იყო ქვეყანაში როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც.
პოლიტიკურად რაც უფრო უმწიფარია ამომრჩეველთა მასა, მით ადვილად ემორჩილება „ტვინის გამორეცხვის“ პოლიტიკურ ტექნოლოგიას - „თუთიყუშის სინდრომს“ და შესაბამისად, იოლად მართვადია ამბიციური, ცბიერი და ანგარებიანი პოლიტიკოსების ხელში, რომლებიც მთელ მათ ცხოვრებას და მომავალს თავიანთ ეგოისტურ ინტერესებს უმორჩილებენ. შესაბამისად, ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის აუცილებელი პირობა მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ამაღლებაა.
ამიტომ ერთ-ერთ პირველი რიგის პრობლემად გვესახება „მოსახლეობის პოლიტიკური განათლებისა და განვითარების“ მძლავრი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა სათანადო დაფინანსებით, ტელევიზიით, გაზეთით და რადიოთი, რომელიც უპირველესად მოსახლეობის პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებს, რათა რაციონალური პოლიტიკური არჩევანის გაკეთება შეძლოს.
შემდეგი აუცილებელი პირობა - სოციალური პრობლემების გადაჭრაა. როგორც მრავალგზის დავრწმუნდით, ჩვენი პოლიტიკური უმწიფარობის მიზეზით არჩეული უღირსი ხელისუფლებები კოლექტიურ ჯაყოდ და ყვარყვარედ გვასხდებიან კისერზე, ძარცვავენ ქვეყანას და შეგნებულად მიჰყავთ ადამიანები უკიდურეს გაჭირვებამდე. ბოლო არჩევნებმა დაგვარწმუნა, რომ გაღატაკებული მოსახლეობის ხმების ყიდვა ხუთი კილოგრამი კარტოფილითაა შესაძლებელი.
ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს განსაკუთრებით აფერხებს მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე ასეთი ხელისუფლების გადარჩევის სირთულეც. ამიტომ როგორც კი ხალხი გააცნობიერებს, რომ რეალურად „ჯაყო-ყვარყვარეს“ ყაიდის ხელისუფლება აირჩია, სწორედ მას, როგორც ხელისუფლების წყაროს, რეფერენდუმის გზით, მოკლე დროში, მისი ვადამდელი გადარჩევის კონსტიტუციური უფლება უნდა მიენიჭოს.
საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლით „საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება დაუშვებელია“, რაც, როგორც წარსულის მწარე გამოცდლება აჩვებს, შეიძლება ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტურ შემაფერხებელ ფაქტორად და პოლიტიკური კატაკლიზმების მიზეზად იქცეს.
დემოკრატიისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რამდენად გამართლებულია საპარლამენტო რესპურლიკა სუსტი, ფაქტიურად ფორმალური პრეზიდენტით?
- მე კონსტიტუციონალისტი არა ვარ, მაგრამ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმირების მიზნებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა მიზანშეწონილია მხოლოდ განვითარებული დემოკრატიის, ძლიერი პოლიტიკური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების და ასეთივე ეკონომიკის პირობებში, სადაც ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა მიღწეული დონის და სტაბილურობის შენარჩუნებაა. საქართველოს კი, როგორც განვითარებად ქვეყანას, მტკივნეული რადიკალური რეფორმების განსახორცილებლად და ჩამორჩენის დასაძლევად სასიცოცხლოდ ესაჭიროება მტკიცედ ცენტრალიზებული, მაგრამ ჭეშმარიტად დემოკრატიული ხელისუფლება და ინოვაციურად მოაზროვნე ძლიერი პრეზიდენტი. საპარლამენტო რესპუბლიკა, არსებული ტოტალური ჩამორჩენის პირობებში, ეკონომიკურ სტაგნაციას, სიდუხჭირესა და სოციალურ უსამართლობას სამუდამოდ დააკონსერვებს.
როგორ ფიქტობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ 2020 წლამდე დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად და არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დასაძლევად?
- ვეთანხმები აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მოსაზრებას, რომ საამისოდ ივანიშვილი, პირველ რიგში, თვითონ უნდა შეიცვალოს და ამასთან, გადახედოს პოლიტიკური მოღვაწეობის საკუთარ პრინციპებსა და მიდგომებს. თუ ამას ვერ შეძლებს, დააზარალებს როგორც ქვეყანას, ისე საკუთარ თავს.
გარდა ამისა, ქყეყანაში შექმნილი მწვავე სიტუაციიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია გადაიდგას შემდეგი კონკრეტული ნაბიჯები:
განახორციელდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება, არა საკუთარ პიროვნულ ან პარტიულ ინტერესებზე, არამედ მოსახლეობის საჭიროებებზე;
მრჩევლებად შემოკრებილი იქნას ქვეყნის საუკეთესო ინტელექტუალური ძალები, მათ შორის ისინიც კი, ვისაც მისგან და ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულებები აქვს;
გათვალისწინებული იქნას „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომა, რომელმაც კონსტიტუციის საკუთარ ინტერსებზე მორგებით ხაფანგი დაუგო არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ქვეყნის მომავალსაც;
ქვეყნის ინტელექტუალური რესურსების და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სასწრაფოდ შემუშავდეს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემების რეფორმირების კონცეფცია და სტრატეგია, რომელიც რეალურად იქნება ორიენტირებული არა მარტო საშუალო და გრძელვადიანი, არამედ მიმდინარე სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი და ყოფითი პრობლემების გადაჭრაზე. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანებს ესაჭიროებათ არა მარტო მომავლის იმედიანი ხედვა, არამედ მიმდინარე ყოფის მკვეთრი გაუმჯობესება;
ხელისუფლებამ კონსტრუქციული დიალოგი გამართოს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოციზიციასთან და გაითვალისწინოს მათი გონივრული მოთხოვნები. კერძოდ, 2020 წლიდანვე უზრუნველყოფილი იქნას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და სამართლიანი გახდეს საარჩევნო კოდექსი. ასევე, საარჩევნო ბარიერი დაწეული იქნას ბუნებრივ დონეზე, რათა ყველა პერსპექტიულმა რეიტინგულმა პარტიამ შეძლოს პარლამენტში მოხვედრა და პოლიტიკური ზრდა;
როგორც ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, სამთავრობო გუნდი დაკომპლექტდეს არა ერთგულებისა და მორჩილების, არამედ პროფესიონალიზმის და პრინციპულობის ნიშნების მიხედით;
ქვეყნის ლიდერი პარლამენტში დაეყრდნოს არა მედროვეებს, კომფორმისტებსა და მლიქვნელებს, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციაში თვითონ მასვე დაუპირისპირდებიან, არამედ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრინციპულ პოლიტიკოსებს, თუნდაც ამჟამად ისინი ოპოზიციურად იყონ განწყობილი;
სახელისუფლებო გუნდში დამკვიდრდეს კონსტრუქციული ოპონირების ატმოსფერო;
მართლმსაჯულების სისტემა სრულად გაიწმინდოს შეუფერებელი კადრებისაგან;
სასწრაფოდ და ობიექტურად იქნას გამოძიებული ყველა რეზონანსული საქმე...
თუ ბატონი ივანიშვილი შეძლებს ამ და სხვა ანალიტიკოსების მიერ შეთავაზებული რეკონენდაციების გათვალისწინებას, მაშინ არაა გამორიცხული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე დამაჯერებლად გაიმარჯვოს.