„გადამეტებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და ბარემ, ეს საკითხიც განიხილონ“

„გადამეტებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და ბარემ, ეს საკითხიც განიხილონ“

გიორგი მიქაუტაძემ არ იცის, ექნება თუ არა კანონპროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა, მაგრამ ამტკიცებს, რომ დათქმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არის. შესაბამისად, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით ვიმსჯელებთ, ნებისმიერი ინიციატივა იქნება წინააღმდეგობაში, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციასთან.

მიქაუტაძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მოსამართლის გამოსაცდელი ვადით გამწესების ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს.

„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ინიციატივა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციაში არის ერთადერთი საშუალება დაშვებული გარდამავალი ნორმის სახით, რომელიც იძლევა საშუალებას პირველად გამწესების შემთხვევაში მოსამართლე არ დაინიშნოს უვადოდ და დაინიშნოს სამი წლის გამოსაცდელი ვადით. ამის გარდა, სხვა დათქმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.

ნებისმიერი ინიციატივა იქნება წინააღმდეგობაში, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციასთან. აქ იშველიებენ ამ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად ვენეციის კომისიის დასკვნას, თითქოს ვენეციის კომისია მიესალმა იმ დასკვნას, რომ 2025 წლამდე შესაძლებლობა დაუშვა საქართველოს კონსტიტუციამ უვადოდ დანიშვნის შეჩერების. ესეც არის სიცრუე“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში სიტყვების თამაშია და იურიდიულად ორივე მართალია, მათ შორის მიქაუტაძე, ოღონად მან არასწორი მიმართულებით წარმოაჩინა პროცესი. შეჩერებაზე საუაბრი არ არის, საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში წერია ე.წ. გამოსაცდელი ვადით შესაძლებელია 2024 წლამდე დაინიშნონ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით, რაც თავისთავად არა მუდმივ დანიშვნას ნიშნავს.

„მე, როგორც ის კონსტიტუციონალისტი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ძალიან კარგად იცის საქართველოს პოლიტიკურ და მართლმსაჯულებაში არსებული რეალობები, ჯერ კიდევ კონსტიტუციური განხილვების დროს ვეუბნებოდი მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომ ამ გზით სიარული, რომ კონსტიტუციური გარანტია მიეცათ აი, ამ ჯგუფისთვის, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში გადამწყვეტ პოზიციაზეა, არ იქნებოდა სწორი. პარალელურ რეჟიმში საჭირო იყო სისტემის გაჯანსაღება და ასეთი მართლმსაჯულების სისტემის იუსტიციის საბჭოსთვის გადაცემა“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მისი თქმით, კონსტიტუციური განხილვის პროცესში მმართველი პოლიტიკური ძალა, ამ ჯგუფთან, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის სადავებთან იყვნენ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ გარიგებაში შევიდნენ და მიიღეს გარანტიები.

„სწორედ ამიტომ, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არ შეისმინა ჩემი პოზიცია და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, იმ დათქმით, რომ ბოლოში წერია – შესაძლოა, გარკვეული გამოსაცდელი ვადით გამწესდნენ მოსამართლეები.

პირველი რაც გააკეთა ამ ჯგუფმა, ეს იყო საკუთარი ინტერესების შესაბამისად სიის შედგენა და წარდგენა პარლამენტში თავიანთ ლობისტებთან, რომლებიც ჰყავდათ და ჰყავთ პარლამენტში, იურიდულ კომიტეტში, თუ სხვაგან. ამიტომ მოხდა ის კონფლიქტი, რომელიც შემდგომ განვითარდა, იმ ლობისტთა შორის, ვინ მოიპოვებდა უფრო მეტ უპირატესობას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

კანონპროექტს, რომელიც უკვე დარეგისტრირდა პარლამენტში, აკრიტიკებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილი, რომელის შეფასებით, ბესელიას და მისი თანამოაზრეების ინიციატივა მოსამართლეების შესახებ კონსტიტუციაზე თავდასხმაა და მიმართავს, შეწყვიტონ თავდასხმა.

„მინდა მივმართო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, რომლებმაც მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა – მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება, ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას, წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას. შეწყვიტეთ თავდასხმა“, – აღნიშნავს სერგო მეთოფიშვილი.

ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ინიციატივა, რომელმაც იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი გაანერვიულა, იმას ნიშნავს, რომ მათ მოსამართლეთა უვადო გამწესება უნდა შეაჩერონ. დეპუტატი აცხადებს, რომ ინიციატივა კონსტიტუციიდან არის გამომდინარე და ის მოსამართლეები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერების ძალიან მაღალ სტანდარტებს, მათი უვადოდ გამწესება არ უნდა მოხდეს.

„ჩვენი ინიციატივა, რომელმაც ძალიან გაანერვიულა და ააღელვა იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი, ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა შეაჩერონ მოსამართლეთა უვადო განმწესება და უნდა დაელოდონ პარლამენტს, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს ახალ სამართლებლივ რეგულაციებს, თუ როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, დაინიშნონ ხელახლა. ჩვენი ინიციატივა კონსტიტუციიდან არის გამომდინარე.

კონსტიტუციის ახალი ცვლილებით, 2025 წლამდე შეიძლება უვადოდ გამწესება არ მოხდეს და გამოყენებულ იქნას გამოსაცდელი ვადა. ჩვენ გვინდა, რომ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, ახალი მოსამართლეები შემოვიდნენ სისტემაში, რომლის შემდეგ გაჯანსაღდება არსებული სისტემა. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი გეგმაც და გრძელვადიანი ხედვაც და აი, სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, – აცხადებს ეკა ბესელიამ.

ინიციატივას მიესალმება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომლის განცხადებით, თუ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, ეს არავითარი პრობლემა არ არის. გარდამავალ დებულებებში, სადაც მოსამართლის გამწესებაზე არის საუბარი, ჩაიწეროს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა ამოქმედდეს გარკვეული დროის შემდეგ.

„კონსტიტუციაში არის ნორმა, რომელიც იძლევა საშუალებას, უვადოდ კი არ დავნიშნოთ პირი, რომელიც პირველად გამწესდება, არამედ სამი წლის ვადით დაინიშნოს, ანუ ე.წ. გამოსაცდელი ვადით. ამ ნორმის გამოყენებაც არის შესაძლებელი. თუ კონსტიტუციაში არ შევიდა შესაბამისი ცვლილება, რა თქმა უნდა, შეჩერება შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება კითხვას, რამდენად სწორად არის წარმოდგენილი შეჩერების საკითხი, კონსტიტუცია ყველაფერს ამბობს ამის თაობაზე. მოსამართლე უნდა შეირჩეს კომპეტენტურობის, კეთილსინდისიერების და მორალის საფუძველზე“, – აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუკი მოსმართლეობის კანდიდატი ამ სტანდარტს არ პასუხობს, ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციონალისტის შეფასებით, უარყოფითი დასკვნა უნდა გააკეთოს პარლამენტმა.

„მაგრამ საკითხი პოლიტიკაში გადავიდა, ეს უკვე პოლიტიკის საკითხია და არა კონსტიტუციის. ვფიქრობ, რომ გადამეტებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და ალბათ, ამაზეც არის საჭირო ფიქრი. თუ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დაიგეგმა, ბარემ ეს საკითხიც განიხილონ.

არსებობს, მოსამართლეთა კომფერენცია და რატომ მიენიჭა ასეთი უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინაიდან ყოველი ხელისუფლება შეეცდება ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ამიტომ, რაღაცა დამაბალანსებელი უნდა იყოს. მთავარია, ახლა, გარკვეული დროით გაიყინოს ის ნორმა, რომელიც უვადოდ გამწესებას ეხება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილმა.

გრიგორი არ შეიძლება ერთ უწყებას გააჩნდეს უმნიშვლენოვანესი ეკსკლუზიური უფლებები. ეს იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას კლანი, რომელსაც კანონითაც კი ვერ შეეხები. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილია კლანი, რომელიც კონსტიტუციითა დაცული !!! აი, ესეც კობახიძის "უნაკლო" კონსტიტუცია !!! ფეხებსაც ვერ მოჭამთ, თუ კონსტიტუცია არ დაარღვიეთ , ამის უფლებას კი ევროპა არ მოგცემთ !
5 წლის უკან