იტალიური საინფორმაციო წყაროები წერენ, რომ ჟოზე მოურინიო მილანშია და დღეს ლანჩზე "ინტერის" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას შეხვდება. როგორც "ტელელომბარდიას" რეპორტიორი დავიდე რუსო დე კარამე გვარწმუნებს, ეს ორი პატივცემული სამომავლო თანამშრომლობაზე ილაპარაკებს და ეს თანამშრომლობა 1 ივლისიდან დაიწყება.
არახალია, რომ "ინტერის" დღევანდელი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის თავზე შავი ღრუბლები მოგროვდა, მეტადრე "ბოლონიასთან" საშინაო მარცხის შემდეგ. ამას გარდა, "ნერაძური" გავარდა იტალიის თასიდანაც...
სავარაუდოდ, სპალეტის სეზონის ბოლომდე აცლიან მუშაობას და მერე კარისკენ მიუთითებენ. გასაკვირი არ არის, რომ მის იდეალურ შემცვლელად სწორედ ის მოურინიო მიიჩნევა, ვინც "ინტერის" მწვრთნელად 2008-10 წლებში მუშაობდა და ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა. ასე რომ, ჟოზეს იქ ყოველთვის სიხარულით შეხვდებიან.
არ დაგვავიწყდეს, რომ მოურინიო არ არის მარტო იმათ შორის, რომელთაც სპალეტის პოტენციურ შემცვლელებად მოიაზრებენ. სერიოზული კანდიდატია ანტონიო კონტეც, ვინც ამასწინათ "ინტერის" ოფისთან ნახეს.