"სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დამკვიდრება ყველა ხელისუფლებას გადაიყოლებს"

სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დამკვიდრება ყველა ხელისუფლებას გადაიყოლებს, - ამის შესახებ “2020NEWS"-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

ხიდაშელის განმარტებით, “ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული განცხადება სკანდალური მოსამართლეების პირდაპირი მხარდაჭერაა. მისი თქმით, პარტიის საგანგებო განცხადება მართლმსაჯულების გაჯანსაღების პროცესისთვის ძალიან ცუდი გზავნილია.

“გავრცელებული განცხადება აჩვენებს, რომ ხელისუფლებაში ძლიერია გუნდი, რომელიც მურუსიძის და მოსამართლეთა კორპორაციის მხარდამჭერია და ისინი სწორედ მათი საშუალებით აპირებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. მოქმედი ხელისუფლება ახერხებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დამარცხდეს. ეს განცხადება ამის ნათელი დადასტურებაა. პრინციპულად არ ვაპირებ ეს თემა პოლიტიკური გადასახედიდან შევაფასო, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობა ძალიან ფუნდამენტური საკითხია. ხელისუფლებები იცვლებიან, დამოუკიდებელი სასამართლო კი მუდმივია. "ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ ამ ხელისუფლებასაც და შემდეგ ხელისუფლებასაც მოინელებს, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლოში ფესვებს გაიდგამ,” - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, გუშინ პარტია “ქართული ოცნების ”პოლიტსაბჭომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციაში არ ჩაერთონ. განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ სკანდალური მოსამართლეების საკითხს “ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს და ყველა, ვინც სასამართლო სისტემას აკრიტიკებს, ამ პოლიტიკურ გუნდს უკავშირდება. ექსპერტების აზრით, “ქართულმა ოცნებამ” ამ განცხადებით პოლიტიკური თვითმკვლელობა მოახდინა.