“ქართული ოცნება“ ზურაბ ადეიშვილის ნარჩევ მოსამართლეებს მფარველობს. აღნიშნულის შესახებ “2020NEWS”-ს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.
დოლიძის თქმით, მმართველი პარტია პრობლემების “ნაციონალურ მოძრაობაზე” გადაბრალებით ცდილობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გაექცეს.
მისი განმარტებით, “ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული განცხადება პირდაპირი მესიჯია, რომ ვინც სასამართლო სისტემას გააკრიტიკებს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად ჩაითვლება.
“ქართული ოცნება” უკვე ყველა რესურს იყენებს იმისთვის, რომ ადეიშვილის ნარჩევ მოსამართლეებს გადაეფაროს. აქ იგულისხმებიან ის მოსამართლეეები, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” განსაკუთრებული გავლენა მისცა. ტაქტიკა, რომ ყველა პრობლემაზე ილაპარაკებენ და “ნაციონალურ მოძრაობას” დააბრალებენ, ძალიან გაცვეთილია. საქმის კეთების ნაცვლად ბუა-ბუას ძახილი “ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ არგებს. ეს ნამდვილად ვერ გააჩერებს ვერც ერთ სფეროში, ვერც ერთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად ადარდებს ის, თუ საით მიექანება ქვეყანა. ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. თუ “ქართულ ოცნებას” არ უნდა, რომ ამ პრობლემას შეხედოს, მაშინ ეს პრობლემა შეხედავს მას, ეს ძალიან მარტივია და ასე ხდება ხოლმე. ჩემი რჩევაა, დაანებონ თავი ყველა ბუჩქის უკან ნაციზმის ძახილს, ხელები დაიკაპიწონ და საქმე გააკეთონ. ყველაზე მეტად “ქართულ ოცნებას” აწყობს “ნაციონალური მოძრაობის” არსებობა, მის გარეშე “ქართული ოცნების” საქმე დიდი ხანია წასული იქნებოდა. “ქართული ოცნების” განცხადება მურუსიძე- ჩინჩალაძის მხარდამჭერი განცხადება იყო. საერთოდ, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს განცხადება თვითონ მურუსიძე-ჩინჩალაძემ დაწერა. თუ აქამდე ღია განცხადებებით ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს მხარს არ უჭერდნენ, დღეს ამ განცხადებით თქვეს, რომ ვინც ხმას ამოიღებს ამ პრობლემაზე, “ნაციონალურ მოძრაობას” დაუძახებენ ,“- განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციაში არ ჩაერთონ.