„ამ მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?!“

„ამ მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?!“

„მმართველი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს საზოგადოების, ხელისუფლების ერთობლივი მონაპოვრის, თვისობრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო დისკრედიტაციას“, – ასეთ დასკვნამდე მივიდა „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭომაზე, რომლის შემდეგაც სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა.

პოლიტსაბჭოს განცხადებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია მხარს უჭერს დღევანდელ სასამართლო სისტემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა იმ კორპუსს, რომელთა გადაწყვეტილებას უდანაშაულო ადამიანების არადამიანური მოპყრობა მოჰყვა. შესაბამისად, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თვლის, რომ მაღალი ალბათობით მურუსიძე დააწინაურეს, უფრო ზუსტად კი, დასრულდა ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობის ეპოქა და დაიწყო მურუსიძის ჩრდილოვანი მმართველობის ეპოქა.

„ახალი მმართველის ხელში გადავედით. შეუძლებელია, რომ ამ განცხადებაზე, რაც წავიკითხეთ, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მე ვიცნობდი, უმიზეზოდ ხელი მოეწერა. ეს არის კოლექტიური მურუსიძის დაწერილი განცხადება, რაც მთავარია, ამ განცხადებით გაუქმდა ყველა ის დაპირება, რაც პრეზიდენის არჩვენების პირველსა და მეორე ტურს შორის გაიცა, როდესაც თქვა – მესმის პრობლემებია, ერთი წელი მაცალეთ და მე ყველა პრობლემას გადავწყვეტო.

ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ივანიშვილმა ყველაფერზე უარი თქვა. ჩემთვის წარმოუდგენელია ვთქვა, რომ მაშინ მოგვაყტუა. შესაბამისად, ვაკეთებ დასკვნას, რომ ივანიშვილი ჩამოაშორეს ხელისუფლების მმართველობას და ხელისუფლება გადაიბარა კოლექტურმა მურუსიძემ, რომელმაც დაწერა განცხადება და ივანიშვილს ხელი მოაწერინა. სხვა ახსნა ამ განცხადებას არ აქვს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში ოპოზიციასთან ერთად კრიტიკის ობიექტი არასამთავრობო სექტორიც გახდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული წლის 16 დეკემბერს პარლამენტში წარდგენილი უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის განხილვა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო. შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსამართლეთა შესარჩევად დადგენილიყო კრიტერიუმები.

როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, იმის მიუხედავად, რომ ათივე მოსამართლეობის კანდიდატმა, სამართლებრივი პრობლემის დაძლევის მიზნით, თავად თქვა უარი საკუთარი კანდიდატურის განხილვაზე, პროცესმა აბსოლუტურად კონსტრუქციული სახე მიიღო და გაჩნდა შესაძლებლობა, პოლიტიკური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი დისკუსია შემდგარიყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა სატელიტმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მასთან აფილირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლო ხელისუფლებაზე შტურმი გააძლიერეს.

„მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ დადგება პროცესებს მიღმა და არ დაუშვებს, ჩვენი, საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მონაპოვარის, თვისებრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი სასამართლო სისტემა, არ ჩაერთონ ამ დაპირისპირებაში“, – ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

უმრავლესობის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დაიცავენ საქართველოს სასამართლო სისტემას და იმ მოსამართლეებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან კანონსა და ადამიანებს. მისი თქმით, სასამართლოსთან და მოსამართლეებთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები არალერევანტულია, კონკრეტულად კი გვარებზე საუბარი, რაც მისი შეფასებით, პროცესს აზიანებს. თალკვაძე მხარეებს მუშაობაში ჩართვისკენ და კონსტრუქციული ქცევისკენ მოუწოდებს.

„განცხადებების ნაწილი, რომელსაც ვისმენთ, არ არის რელევანტური, რადგან კიდევ საუბარია კონკრეტულ გვარებზე, მცდელობა, რომ სია იყოს განპირობებული, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ვინმეს სურს ეს საკითხი დარჩეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად.

ჩვენი მიდგომაა ის, რომ ორი თანმიმდევრული გადაწყვეტილება მიღებულია, ღია კარის მტვრევას აზრი აღარ აქვს. პროცესი უნდა წარიმართოს სამუშაო კალაპოტში, ეს უნდა იყოს კანონის შემუშავება რომელიც განმარტავს, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა წარდგენა სამომავლოდ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ამ მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, ხელფასიც კარგი აქვთ, დაცულებიც არიან, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?!“, – ასე უპასუხა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. ფოფხაძის თქმით, მოსამართლეები, რომლთა გამოც პოლიტიკური პროცესები გააქტიურდა, თავად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და ამაზე მეტი დაცვა, რაც მათ ახლა აქვთ, არ სჭირდებათ.

„ამ მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, ხელფასიც კარგი აქვთ, დაცულებიც არიან, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?! ამ მოსამართლეების წინაშე უნდა დავტოვოთ ხალხი?! გვახსოვს ისინი რას უკეთებდნენ მოსახლეობას. ეს ის მოსამართლეები არიან, დასცინოდნენ ნაწამებ ბიჭებს, რომლებიც იარებს აჩვენებდნენ. არ მგონია ამაზე მეტი დაცვა სჭირდებოდეთ მოსამართლებს, რაც უკვე აქვთ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს, სასამართლო სისტემაზე მიზანმიმართულ შეტევად აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, სასამართლო სისტემაზე თავდასხმა ხორციელდება.

„თავი დავანებოთ კონკრეტულ მოსამართლეებს – მიზანმიმართული თავდასხმები მთლიანად სასამართლო სისტემაზე მიმდინარეობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლოში განხორციელდეს რეფორმები. 2012 წლის შემდეგ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. პირიქით, რეფორმების გაგრძელებას უნდა შევუწყოთ ხელი და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოს რეპუტაცია და გამჭვირვალობა უნდა იყოს შენარჩუნებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პოლიტსაბჭოს განცხადების შენაარსს და შეფასებას, რომ ყველა, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი მოსამართლეებთან დაკაშირებული პროცესების მიმართ, მართულია ერთი პოლიტიკური ძალისგან, არ იზიარებს უმრავლესობის წევრი, ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომლის განცხადებით, უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს შექმნის.

„გადაწყვეტილება, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, როდესაც არ დაამტკიცა, თანაც ნაჩქარევად, პარლამენტისთვის სრულიად უპასუხისმგებლოდ შემოთავაზებული სია, სწორი იყო. მე ამ აზრზე ვრჩები. ურთულესი პროცესი გვაქვს გასავლელი და შესაქმნელია კანონი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს შექმნის.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამას. იმედი მაქვს, შევძლებთ, სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდეთ და ამ რეჟიმში დავიწყოთ კანონპროექტზე მუშაობა, მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მოგვცემს შანსს, რომ უზენაესი სასამართლო დავაკომპლექტოთ საუკეთესო მოსამართლეებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ბევრ ადამიანს აქვს ამ საკითხზე კრიტიკული მოსაზრება და აღნიშნულ კრიტიკას თავისი საფუძვლები აქვს.

„არ ვიზიარებ შეფასებას, რომ ყველა, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ამ პროცესების მიმართ, მართულია ერთი პოლიტიკური ძალისგან. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კრიტიკული მოსაზრება და ამ კრიტიკას აქვს თავისი საფუძვლები. ვიზიარებ იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ დისკუსია სამუშაო რეჟიმში განხორციელდეს, რადგან ქვეყანას ძალიან აზიანებს ასეთი რყევები. თუ შევძლებთ, სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. მინდა, მჯეროდეს, რომ აქამდე მივალთ, მაგრამ წინ გველის რთული პროცესები“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პოლიტსაბჭოს განცხადებას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომლის განცხადებით, ეს არ არის საერთო სახალხო დაკვეთა, რომ მურუსიძე იყოს უკუნითი უკუნისამდე სასამართლოს წევრი. როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, სასამართლო სისტემის რეფორმასთან და უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პოზიციას არ იცვლის.

„არ ვიცი, რა ვერდიქტი უნდა იყოს, არ ვიცი, საერთოდ დგას თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში, მაგასაც ვერ ვხვდები. მაგრამ მე გითხარით, რომ ჩემი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით და ვეთანხმები, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ, მაგრამ ამას ღიადაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთო სახალხო დაკვეთა მურუსიძე იყოს უკუნითი უკუნისამდე სასამართლოს წევრი“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს მარტივი ხრიკით გამოძვრეს და თქვას, რომ ყველა ბუჩქის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ ზის.

„ქართულ ოცნებას“ აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა, რადგან მათ მუდმივად მიუთითონ განვლილ 9 წელზე. რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ ხერხი, რომ რეალური პრობლემიდან გადაიტანონ ყურადღება „ნაციონალურ მოძრაობაზე“. რეალური პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოში გაბატონებულია „კლანი“ და ეს კლანურობა უკვე ძალიან ბევრ სფეროს ახასიათებს და არამარტო სასამართლოს. როგორც ჩანს, ეს „კლანი“ ატარებს ვიღაცის ინტერესებს და ამიტომ იცავს მას ხელისუფლება. „ოცნებას“ ძალიან აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა და ძალიან ეშინია არ გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ ექნება ბიოგრაფიაში სისხლიანი 9 წელი. ასეთი ძალა დაასრულებს სწორედ „ქართული ოცნების“ არსებობას“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

იურისტის ირმა ჭკადუას განცხადებით, გვჭირდება სასამართლო, რომელიც არავის გავლენას არ დაემორჩილება და არავის გავლენის ქვეშ არ იქნება. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დაგვიანებულია მურუსიძეზე და ჩინჩალაძეზე საუბარი, რადგან ეს ადამიანები უკვე გამწესებული არიან უვადოდ სასამართლოში.

რაც შეეხება ზოგადად სასამართლოს, ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ ვერავინ ვერასოდეს სასამართლოს ვერ დააკნინებს ისე, როგორც საკუთარი გადაწყვეტილებები. შესაბამისად თვლის, რომ სასამართლომ და მოსამართლეებმა თავად უნდა იზრუნონ, რომ გამოიტანონ სამართლიანი, ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილებები, რაც აამაღლეს სასამართლოს ნდობას და რეპუტაციას.

„არ აქვს მნიშვნელობა წინა თუ დღევანდელი ხელისუფლებისგან, სასამართლო ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს სასამართლოზე ზეწოლა. დღეს, ნამდვილად სასამართლოებში არიან მოსამართლეები, რომლებიც არიან სამართლიანები და ობიექტურები, ღებულობენ კანონიერ გადაწყვეტილებებს“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ თითოეული მოსამართლე, რომელთა კომენტარები ამ ბოლო პერიოდში მოვისმინეთ, საუბრობენ, რომ მათზე ზეგავლენას არავინ არ ახდენდა, თუმცა, მათ განცხადებებში გაკვრით იყო საუბარი იმაზე, რომ 2012 წელს სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური ზეგავლენისგან.

„ეს არ არის საკმარისი. ასევე ისინი უთითებენ, რომ რატომ უნდა დაისაჯოს მხოლოდ სასამართლო, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების დროს ამ ყველაფერში ჩართული იყო პროკურატურა და ნუ დაგვავიწყდება ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები დარბოდნენ პაპკებით, დაჰყავდათ ხალხი ნოტარიუსებში და აფორმებინებინებდნენ ქონებას.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ და ირიბად ჩართული იყვნენ იმ უკანონო ქმედებაში, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ადამიანების უკანონო დაპატიმრება, წამება–არადამიანური მოპყრობა და მივიღეთ ის, რომ გვყავს 180 პოლიტპატიმარი და 25 პოლიტდევნილი. ყველა ის ადამიანი ვინც ამაში იყო ჩართული, უნდა იყოს პასუხისებაში მიცემული, ან მინიმუნ ჩამოშორებული თანამდებობას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

 

 

trampi ესეც ასეეეეეეე ..............................................
როგორც იქნა ........ ხელების ფშვნეტის დროც მოვიდა
ასე არ სჯობიააააა?/
თუ ცირკია, ბარემ მართლა ცირკი იყოს
5 წლის უკან