ირმა ინაშვილი:

ირმა ინაშვილი:"სწორედ სააკაშვილი ფლობდა ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა ციხეებში"

იმ ფონზე, როდესაც გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორზე, საპყრობილის ყოფილ მორიგე ოფიცერზე ვლადიმერ ბედუკაძეზე საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა, ბელგიის პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ ვლადიმერ ბედუკაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. საქმე ეხება პატიმართა წამების სკანდალურ კადრებში მხილებულ დამნაშავე პირებს.

როგორც For.ge-სთან საუბარში მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი აცხადებს, ბედუკაძის ადვოკატი ამრანი ხსენებულ სარჩელში იმ დამნაშავე პირთა წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რომლებიც პატიმრებზე ძალადობას ახორციელებდნენ.

ირმა ინაშვილის თქმით, საქმე მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკებს არ ეხება. სარჩელში პირდაპირ მითითებულია მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, მურთაზ ზოდელავას გვარები.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ციხეებში და როგორ აწამებდნენ პატიმრებს. გენერალურმა პროკურორმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია, როდესაც ბედუკაძეს ცილი დასწამა 2 მილიონი ევროს აღებაში, ქვეყნის პრეზიდენტმა ბედუკაძე გამოაცხადა სამშობლოს მოღალატედ. ყველა ეს ინფორმაცია, როგორც ფაქტი, აისახა ჩემს სარჩელში. ეს გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს“,_ განაცხადა ადვოკატმა ამრანმა.

პარალელურად, ადვოკატ ამრანის მასალები ირმა ინაშვილის ჩვენებასაც მოიცავს, რომელშიც ნათქვამია, რომ ციხეებში ყველა ეს დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ვანო მერაბიშვილი.

ამდენად, ინაშვილის განმარტებით, დამნაშავე პირთა შორის ფიგურირებს მოქმედი პრემიერ-მინისტრიც.

„შესაძლოა, ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანს ჰგონია, რომ ის გადარჩება, მაგრამ ეს არ მოხდება. სააკაშვილი, ახალაია, მერაბიშვილი და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები თანაბრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ვერც ვანო მერაბიშვილი გადარჩება, ვერც სააკაშვილი და ვერც ახალაია, თუ ზოდელავა“, - აცხადებს ირმა ინაშვილი, რომელიც უპრეცენდენტოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბელგიის პროკურატურამ ადვოკატ ამრანის სარჩელი წარმოებაში მიიღო. როგორც წესი, მოქმედი პრეზიდენტების შესახებ მსგავსი სარჩელების წარმოებაში მიღებას ერიდებიან ხოლმე.

ადვოკატი ამრანი ანალოგიურ სარჩელის შეტანას საქართველოს გენერალურ პროკურატურაშიც გეგმავს, რათა ხსენებული მაღალჩინოსნები, პირველ რიგში, საქართველოში გასამართლდნენ.

For.ge ირმა ინაშვილს ესაუბრა.

-ეს არის ადვოკატ ამრანის სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს გამოძიების დაწყებას ყველა იმ პირთა მიმართ, ვისაც პატიმრების წინააღმდეგ ჩადენილი აქვს დანაშაული; ვინც აწამა პატიმრები, ვინც იყო ამ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი და ვინც იყო შემსრულებელი. საინტერესო ის არის, რომ ამ სარჩელში პირდაპირ არის დაფიქსირებული სააკაშვილის გვარი. ასევე, დაფიქსირებულია ის მომენტი, რომ სწორედ სააკაშვილი ფლობდა ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა ციხეებში, სწორედ სააკაშვილთან თანხმდებოდა ეს ყველაფერი, რაც კი ვიდეომასალას შეეხება. ასევე, სააკაშვილისაგან მოდიოდა მუქარა ბედუკაძის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ბედუკაძემ ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ იგი ბელგიაში იმყოფება.

რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ბედუკაძის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა?  მუქარის შემცველი ზარების საფუძველზე?

- რა თქმა უნდა, ეს არის სატელეფონო ზარები. ასევე, ქუჩაში შეხვდნენ მას ქართველები, რომლებმაც ურჩიეს, რომ უნდა გაჩერდეს, ხმა არ ამოიღოს სააკაშვილის წინააღმდეგ, თორემ აკუწავენ. ეს ყველაფერი ასახულია ადვოკატ ამრანის საჩივარში. საინტერესო ის არის, რომ ეს არის უპრეცენდენტო სარჩელი, რადგან ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტზეა საუბარი. მოქმედი პრეზიდენტის გვარია ამ საჩივარში დაფიქსირებული. სხვათა შორის, ადვოკატთა ნაწილი, ვისაც ბელგიაში შევხვდით, შიშობდა, რომ, შესაძლებელი იყო, ბელგიის პროკურატურას არ მიეღო ეს საქმე, მაგრამ სწორედაც მიიღო პროკურატურამ ეს სარჩელი და ამიტომაც არის ეს უპრეცენდენტო. პირველად ხდება, რომ ადვოკატის საჩივარში საუბარია მოქმედ პრეზიდენტზე, რომელსაც ხელს ადებენ პატიმრების წინააღმდეგ წარმოებულ მთელ პროცესში, ამ სადიზმში, ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაში და, ასევე, კონკრეტულად ბედუკაძის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებში.

ბაჩო ახალაიას, მურთაზ ზოდელავას და სხვა მაღალჩინოსნების გარდა, ასევე, აქ საუბარია დაბალი რანგის ჩინოვნიკებზე.

- რა თქმა უნდა, სარჩელი ერთობლივად არის აღძრული, დაბალი რანგის ჩინოვნიკებიდან მაღლის ჩათვლით და მაღლიდან დაწყებული, დაბლის ჩათვლით. ეს საჩივარი ყველა იმ დამნაშავე პირზე ვრცელდება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ვინც მფარველობდა ამ პროცესსს და ვინც იყო შემსრულებელი.

ბელგიის სასამართლო პროცედურულად როგორ განიხილავს სარჩელებს? სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ხანგრძლივვადიანი ხომ არ იქნება ეს პროცედურა? წინასწარ რისი თქმა შეგიძლიათ, რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეთ ამ ადამიანებს?

- წინასწარ არ შემიძლია არანაირი პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენ ხანში შეიძლება, ამ საქმის ირგვლივ გამოძიება დაიწყოს. ჩათვალეთ, რომ გამოძიების დაწყებაზე თანხმობა პროკურატურამ უკვე განაცხადა იმით, რომ სარჩელი მიიღო. ეს მნიშვნელოვანია. დანარჩენს შევხედოთ. როგორც ადვოკატი ამრანი ამბობს, ბოლო დროს ამ ტიპის პროცესები ძალიან დაჩქარებულია. მით უმეტეს, ეს არის ძალიან რეზონანსული საქმე, ყველა ევროსტრუქტურა ფეხზე დგას, პირველი პირების დონეზე, და ამიტომ გამორიცხული არ არის, იმაზე უფრო მეტად დაჩქარდეს, ვიდრე ეს გვგონია. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით არის დიდი ეპიზოდი, რომელიც უშუალოდ მე მივეცი ადვოკატს ჩვენების სახით, 2011 წელს ხდებოდა ეს დანაშაულებები, რა კადრებიც იქნა გავრცელებული.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ მერაბიშვილის წყარომ გადმოგცათ ეს ვიდეომასალები. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ინფორმაცია?

- ამის შესახებ მე უკვე განვაცხადე, რომ მე მომიტანეს მერაბიშვილის სახელით, თუმცა ამის მეტი არაფერი ვიცი.