გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანურ ლიგა ენდესაში მადრიდის “რეალს” საოცარი მატჩი მოუგო, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.
მალაგელებმა “სამეფო კლუბთან” 21-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, საბოლოოდ კი, დამატიზმით აღსავსე შეხვედრაში 103:102 იმარჯვეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:52 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 10 მოხსნა (4 შეტევაში) წაამატა.
ქართველმა ცენტრმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს (34) ჩამორჩა, რომელმაც 27 ქულას 9 პასი და 5 ჩაჭრა წაამატა და ამასთან, მატჩის მომგები სამქულიანიც ჩააგდო.
“უნიკახამ” 12 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფესთან” ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 9 თებერვალს, ისევ შინ, “მარესასთან” გამართავს.