ბელგიური საიტი voetbalprimeur.be სატრანსფერო ფანჯრის დახურვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იანვარში ბელგიურ კლუბებში 40 ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. მაგრამ საიტს ახსოვს ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ახლო წარსულში თამაშობდნენ ბელგიის ჟუპილერ ლიგაში და გარკვეული კვალიც დატოვეს, მაგრამ დღეს უკლუბოდ არიან. ამ ფეხბურთელებს შორის თორნიკე ოქრიაშვილიც ახსენეს, თან პატარა ტექსტიც და ვიდეოც დაურთეს. შეგახსენებთ, ოქრიაშვილი 2014-16 წლებში "გენკის" ღირსებას იცავდა.
"26 წლის ქართველს საკმარისი ტალანტი აქვს საიმისოდ, რომ კარგი კარიერა ჰქონდეს, მაგრამ მისი მენტალიტეტი უკეთესის სურვილს ტოვებს. ტრავმების სერიის შემდეგ დეკემბერში მან კონტრაქტი გაწყვიტა რუსულ კლუბ "კრასნოდართან" და მას შემდეგ უკლუბოდაა. შეუძლია კი მას კარიერის გაგრძელება?".
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ, რა თქმა უნდა, შეუძლია. შეუძლია ისიც, რომ (დავესესხებით საიტს) მართლაც კარგი კარიერა ჰქონდეს, მაგრამ აქ მთელი რიგი გარემოებების დამთხვევაა საჭირო, რაც სხვა წერილის თემაა...
ფაქტი კი ერთია - ოქრიაშვილმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განაახლოს თამაში, რადგან ეს მისთვისაც კარგი იქნება და საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელსაც მარტიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის. ამ საქმეში კი ოქრიაშვილის როლი განუზომლად დიდია.