პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო უმუშევარია და წარსულის გასახსენებლად ბევრი თავისუფალი დრო აქვს. „განსაკუთრებულიც“ თავის კარიერაში განსაკუთრებულ მატჩებს იხსენებს და მათ შორის, ერთ-ერთი გამოარჩია კიდეც.
„როდესაც თამაში დასრულდა, მკვდარი ვიყავი. სამი ევროპული ფინალი მაქვს ჩატარებული, აქედან ორი ჩემპიონთა ლიგის, მოვიგე უამრავი ტიტული, ბევრ საოცარ თამაშში ვიყავი ჩართული, მაგრამ ემოციურად, ინტენსივობით, „სელტიკთან“ თამაში ყველაზე მაღლა დგას“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ 2002-2003 წლების სეზონში უეფას თასის ფინალში „პორტუმ“ გლაზგოს „სელტიკი“ სევილიაში დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში „დრაკონებმა“ გამარჯვების გოლი გაიტანეს.
„პორტუს“ რიგებში დუბლი შეასრულა დერლეიმ, ხოლო ერთხელ თავი ალენიჩევმა გამოიჩინა. გლაზგოელთაგან ასევე დუბლის ავტორი გახდა ჰენრიკ ლარსონი.
რაც შეეხება მოურინიოს, ხსენებული ფინალის გარდა, 2004 და 2010 წლებში ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი, ხოლო 2017 წელს ევროპა ლიგის ფინალიც აქვს მოგებული.