ზაზას 5 ქულა, 8 მოხსნა და

ზაზას 5 ქულა, 8 მოხსნა და "დეტროიტის" განიავებული სოლიდური უპირატესობა

ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“, რომელიც საკუთარ მოედანზე ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით, 111:101 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ „დეტროიტმა“ პირველი პერიოდი 18 ქულის სხვაობით მოიგო და ზუსტად ამ უპირატესობით გავიდა დიდ შესვენებაზეც. თუმცა, „პისტონსმა“ მეორე ტაიმი ცუდად ჩაატარა, რაც მარცხის ფასად დაუჯდა. მესამე მეოთხედში „კლიპერსმა“ 18-ქულიანი ჩამორჩენა 11-მდე შეამცირა, ხოლო ბოლო პერიოდში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. დასკვნითი თორმეტი წუთი სტუმრებმა 21(!) ქულით მოიგეს და ბუნებრივია, შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 24:49 ქუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„დეტროიტის“ რიგებში ბლეიქ გრიფინი გამოირჩა 24 ქულითა და 11 მოხსნით, ხოლო ანდრე დრემონდმა მატჩი 12 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. „კლიპერსის“ რიგებში კი, ბრწყინვალედ გაისარჯა ლო უილიამსი, რომელმაც არასრულ 35 წუთში 39 ქულა, 9 პასი და 3 მოხსნა მიითვალა.

„დეტროიტი“ კი ამ წაგების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა 22 გამარჯვებითა და 29 მარცხით. მომდევნო შეხვედრას ფაჩულია და მისი თანაგუნდელები 5 თებერვალს, საკუთარ დარბაზში „დენვერ ნაგეტსთან“ ჩაატარებენ.