ბრალდებულთა წრე გაიზრდება – ბესელია დამნაშავეებს სასამართლო სისტემაში ხედავს

ბრალდებულთა წრე გაიზრდება – ბესელია დამნაშავეებს სასამართლო სისტემაში ხედავს

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით 16 ადამიანია დაკავებული. შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო–ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო–ჩანაწერს.

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო–ჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულთა წრე გაიზრდება. ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებულებს შორის არის მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის“ ერთ–ერთი მონაწილე, გიორგი გასვიანია, გიორგი ფარცვანია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ასევე პარტიის აჭარის ორგანიზაციის ორი წევრი, დები – ირმა და ინგა ხოროიშვილები. დაკავებულები ვიდეოს რამე სახით გავრცელებას და მსგავსი ტიპის დანაშაულში მონაწილეობას არ აღიარებენ. ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ ვიდეო სოციალური ქსელის მეშვეობით გამოუგზავნეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია ითხოვს, ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიების ფარგლებში, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონებიც შეისწავლონ. აჭარის ა–რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს ავრცელებს „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დაკავებულ პირებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს.

„ყველამ იცის, რომ ვიდეოები გავრცელდა ყველგან, ის აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. მოვითხოვთ, გამოძიება დაინტერესდეს და გამოიკვლიოს ყველას ტელეფონი, დაწყებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარით, შემოწმდეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ტელეფონებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩაითვლება ოპოზიციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“, – განაცხადა გია აბულაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს და ეკა ბესელიას კი მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადოს დაკავებულ ქალებს.

თინა ბოკუჩავას მტკიცებით, სუს–მა პარტიის მხარდამჭერებს ვირუსულად გაუგზავნა კადრები იმიტომ, რომ ვინმე დაესაჯათ.

„ჩვენს აქტივისტებს ვიდეომასალა მიზანმიმართულად გადაეგზავნათ, რათა შემდგომ მათი დაკავება მომხდარიყო. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა ვირუსულად შემდგომ ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით, გაუგზავნა ეს კადრები, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხვდებოდნენ, ვინმე უნდა დაესაჯათ. ცხადია, ისინი ვერ დასჯიან ადამიანს, ვინც ეს დაკვეთა გააკეთა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის თავად ამ ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილი“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

გამოძიებისგან დამკვეთის და პირველადი წყაროს გამოვლენას ითხოვს ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. დეპუტატი გამავრცელებლებთან ერთად გამოძიებას სთხოვს, დაადგინოს ვინ დაუკვეთა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

„რიცხვი, როგორც ჩანს, გაცილებით მეტია. მე ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს, იმიტომ, რომ მთავარია გარდა გამავრცელებელი პირებისა, რომლებიც ასევე პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული, ის, ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება. ანუ, ვინც იყო ინიციატორი ამ უკანონო ჩანაწერის გავრცელების და ვინც იყო ამ დანაშაულებრივი ქმედების სათავეში. მე ველოდები გამოძიებისგან ამ პასუხს. ამ კადრების გავრცელების ინიციატორის მიზანი ჩემი განეიტრალებაა, თუმცა, ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ. გავაგრძელებ ბრძოლას იმ მიზნისთვის, რისთვისაც ეს ფორმა იყო გამოყენებული“, – აცხადებს ეკა ბესელია.

ბესელიას შეფასებით, ბრალდების ტვირთი მოსამართლეთა კორპუსზე მოდის, რადგანაც კადრები სასამართლოში დალუქული წესით ინახებოდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გვარი გამოძიებას თავად ბესელიამ მიაწოდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ სასამართლოდან მოხდა დაცული ინფორმაციის გაჟონვა.

„დალუქული ინფორმაციის სასამართლოდან გასვლის შესაძლებლობა გამორიცხულია. ეს არის სიცრუე. მინდა, ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, რომ თუ ამ დანაშაულის გახსნა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, ძალიან მარტივია გადამოწმდეს ის, რომ პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების ლუქები, რომელიც ედო ამ საიდუმლო მასალებს, დღემდე ხელუხლებელია“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

მიუხედავად იმისა, რომ 16 ადამიანი დაკავებულია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ამტკიცებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან თავად ბესელია დგას.

„სასამართლო ხელისუფლებას ეს არანაირად არ აძლევს ხელს, ეს არის დამღუპველი თუ დამტკიცდება რაიმე ფორმით სასამართლო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის კავშირი ამ ბინძურ დანაშაულთან. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დამრჩა ასეთი ვარაუდის საფუძველი, ეს ხომ არ ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომელსაც სურს, თავისი დამოუკიდებელი ადგილი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

კადრების გავრცელებასთან კავშირს უარყოს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს ინფორმაცია არ იყო დაცული, არალეგალურად ჰქონდათ სხვადასხვა ადამიანებს შენახული. დეპუტატი ფიქრობს, რომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, რათა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში მონაწილე ყველა პირმა პასუხი აგოს.

„წინა ხელისუფლების მხრიდან ამ ჩანაწერების დამზადება იყო სირცხვილი, ეს იყო დანაშაული და საფრთხე მომავლისთვის, ვინაიდან ეს ინფორმაცია არალეგალური წყაროებით ვრცელდებოდა, ეს ინფორმაცია არალეგალურად ჰქონდათ სხვადასხვა ადამიანებს შენახული. არავითარი უსაფრთხოების სტანდარტი ამ ინფორმაციებთან მიმართებაში არ შეიძლება დაცული ყოფილიყო. ეს არის სწორედ ამ დანაშაულის მთელი სიმძიმე, რომ წინა ხელისუფლებამ შექმნა ისეთი უკანონო მასალები, რომ ეს მომავალ წლებში საფრთხეს წარმოადგენდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის პათოსს არ იზარებს უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, რომლის განცხადებით, უნდა დადგინდეს პირველი ადამიანი ვინ იყო, ვინც ამ კადრების დისტრიბუცია მოახდინა.

„გამოძიებასთან გვაქვს მთავარი მოთხოვნა – დადგინდეს ვინ იყო კადრების გავრცელების ინიციატორი და პირველწყარო. წყაროა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი მიმართვა და ლოდინი არის სწორედ წყაროს დადგენასთან დაკავშირებით, პირველი ადამიანი ვინ იყო, ვინც ამ კადრების დისტრიბუცია მოახდინა. ზოგმა შემდეგ ვერ გაუძლო ცდუნებას და გამოიყენა შეურაცხყოფისთვის, ესეც დასჯადია, მაგრამ მთავარი არის წყარო“, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას ეჭვი აქვს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„კადრები უამრავმა ადამიანმა გაავრცელა და ამ 16 ადამიანის შერჩევა მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება - ხელისუფლება ცდილობს ისრები ოპოზიციაზე გადაიტანოს. ამ საქმეში ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური და სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულიც იკვეთება. წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის პოლიტიკურ საჯარო ცხოვრებაში გამოყენება. ეს გამოყენება ემთხვევა ხოლმე უმრავლესობის, მთავრობის და ივანიშვილის მხრიდან, მისი რომელიმე გუნდის წევრის შერისხვას.

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ახლა როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ჩვენ ვიღებთ რეაქციას, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და ეს, რა თქმა უნდა, ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ უბრალოდ პოლიტიკური პიარისა და ისრების გადასატანად ხდება ეს ყველაფერი“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

trampi მთავარი შემკვერთია. შემკვეთი......
ეგენი მხოლოდ ჭანჭიკები არიან ....დირიჟორია აუცილებლად დასაქინძი, დირიჟორი....
1 კვირის უკან