რუსეთი საქართველოსთან დამარცხდა

რუსეთი საქართველოსთან დამარცხდა

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს. თანხა კი, დაზარალებულებს უნდა გადაეცეს.

გადაწყვეტილებას, სადაც საქართველომ რუსეთი დაამარცხა, მხარი დაუჭირა 16–მა მოსამართლემ, ხოლო 1 მოსამართლე წინააღმდეგ წავიდა. სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მე–4 ოქმის მე–4 მუხლის დარღვევის გამო თითოეულ დეპორტირებულ მოქალაქეს 2 ათასი ევროს კომპენსაცია უნდა მიეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მე–5 მუხლის დარღვევის გამო რუსეთმა თითოეულ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა მისცეს.

როგორც ცნობილია, 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა. ამ პროცესს წინ უძღოდა 2014 წლის 3 სექტემბერს საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართველების უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დადგინდა.

როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავრობის მიერ 2007 წელს გამოჩენილი სისუსტის გაძლიერება მოუწია. მისი თქმით, 2007 წელს საქართველოს მთავრობა დავობდა, რომ საქმეს ოთხი ათასზე მეტი დაზარალებული ჰყავდა, თუმცა სასამართლოს წინაშე მხოლოდ 118 დაზარალებულის ვინაობა ჰქონდა წარდგენილი.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან იუსტიციის სამინისტროს მოუწია საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წელს გამოჩენილი, მე ასე დავარქმევდი, სისუსტის გაძლიერება, რადგან რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ეს სისუსტე გამოიყენა – აღმოჩნდა, რომ 2007 წელს საქართველოს მთავრობას, რომელიც მართალია დავობდა, რომ ოთხი ათასზე მეტი დაზარალებული ჰყავდა ამ საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მხოლოდ 118 დაზარალებულის ვინაობა ჰქონდა წარდგენილი. 2015 წელს ისე, რომ მანამდე ეს საკითხი არ დაუყენებია, რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული სისუსტე ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა და მრავალი წლის შემდეგ მოუწოდა სტრასბურგის სასამართლოს, დაინტერესებულიყო მსხვერპლთა რეალური ვინაობით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მოუწია 2015 წლიდან დაკავშირებოდა თითოეულ დაზარალებულს, ვინც კი მისთვის ცნობილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროში რეალური მონაცემები აღრიცხული და დაარქივებული არ ყოფილა.

„არაერთმა რეალურმა მსხვერპლმა უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე, რადგან სურდათ რუსეთში ცხოვრება და იქ დარჩენა, ვინაიდან ამასობაში იქ იყვნენ დაბრუნებული. არაერთ მათგანს ჰქონდა მიღებული საქართველოს მოქალაქეობის ნაცვლად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. შესაბამისად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ, რომ მრავალი წლის შემდეგ 1795 პირის მონაცემი წარგვედგინა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და დღეს ვხედავთ, რომ 10 მილიონი ევრო რუსეთის ფედერაციამ ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჩაურიცხოს, როგორც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, სულ მცირე, 1500 საქართველოს მოქალაქისთვის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღიარებს რუსეთის ფედერაცია. რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების განხორციელების მექანიზმის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის წარდგენილი ვალდებულების გათვალისწინებით გადაწყდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო რუსეთის ხელისუფლების არგუმენტები და ქართული მხარე დაავალდებულა, რომ დაზარალებულად ცნობილი ადამიანების ამომწურავი სია წარადგინოს. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უარყოფილ იქნა საქართველოს მოთხოვნები დამატებით შესაძლებლობებთან დაკავშირებით და სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს, დაზარალებულად 4 634 ადამიანი ყოფილიყო ცნობილი.

„გადაწყვეტილების განხორციელების მექანიზმის საკითხი გადაწყდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის წარდგენილი ვალდებულების გათვალისწინებით, რომ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით უზრუნველყოს ფულის სამართლებრივი განაწილება ინდივიდუალური განმცხადებლებისთვის. ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ამ დრომდე არ არსებობს პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები“, – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთი გამოსავალს ეძებს. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად უკანონოდ მოქმედებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს არის საქართველოს და მისი მოქალაქეების გამარჯვება, ამ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონკრეტული თანხა, 10 მლნ ევროს ოდენობით, რაც უნდა იქნას გადახდილი რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევისთვის 2006 წელს.

ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, თუ რამდენად უკანონოდ მოქმედებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში, არა მხოლოდ მისი საოკუპაციო პოლიტიკით, არამედ ქმედებით ჩვენი მოქალაქეების და მათი უფლებების წინააღმდეგ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვება და წარმატება.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო დღეს სტრასბურგის სასამართლომ. ამას წინ უძღოდა მასშტაბური სამუშაოები და ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, კონკრეტულად კი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. მიჩვეული ვართ და ახალი არ არის, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ დღესდღეობით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და არის წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ რუსეთის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ზეწოლაზე. დეპუტატის განცხადებით, ახლა მეორე გამოწვევა ის არის, რომ რუსეთმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საქმეები, რომელიც დაგვრჩა სტრასბურგში, მათ შორის სახელმწიფოთაშორისო დავები, დავები, რომელიც ეხება ომს, დავა, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილს ეხება, ბოლომდე იყოს მიყვანილი და იქაც სწორედ ისე იზეიმოს სამართალმა, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა.

ვიცით, რომ რუსეთი ერთ–ერთი ყველაზე ურჩი აღმსრულებელია, თუმცა მის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებული იქნება პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ზეწოლაზე. იმაზე თუ როგორ იქნება გამოყენებული ევროსაბჭო, როგორც მონიტორინგის ინსტრუმენტი, ზოგადად რამდენად აქტიური იქნება ქართული მხარე. თავისით ამას რუსეთი, რა თქმა უნდა, არ შეასრულებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

დათო წითელას ეპიდემიამ ერთი წლის წინ იფეთქა.სერგეენკო ამბობს,რომ 90-იანი წლებში აუცრელი დარჩა 200000-მდე 20-დან 40 წლამდე ჩვენი მოქალაქეო,და სწორედ მათთვის ფასიანი დატოვეს შარშან აცრა.დარწმუნებული ვარ,რომ ეს აუცრელი მოსახლეობა ძირითადად რეგიონებში ცხოვრობს და ძლიერ შეჭირვებულ ფენას მიეკუთვნება.მათი დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებდა ამ აცრის ჩატარებას,თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ერთი ოჯახიდან რამდენიმე ადამიანი შეიძლება აუცრელი ყოფილიყო.საუბარია 5 ან 6 მილიონ ლარზე,რომელიც საქართველოს მთავრობამ ვერ მოიძია შარშან საკუთარი დაუცველი მოსახლეობისათვის.რომ მოეძია წინდახედულება გამოეჩინა და უფასო გაეხადა ყველასთვის დღეს ეს მძიმე მდგომარეობა აღარ იქნებოდა.ხელისუფლებაში არიან ადამიანები,რომელთაც ან სულ ფეხებზე ჰკიდიათ საკუთარი ხალხი ან უნარი არ შესწევს სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღების.ცნობისათვის გეტყვით,როგორც ეს პრესაში წერია,სომხეთში 2007 წლის შემდეგ საერთოდ არ დაფიქსირებულა წითელა,როგორ, მათ არ გამოიარეს ეს ავად სახსენებელი 90-იანი წლები?
5 წლის უკან