სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სტუდენტებთან შეხვედრის დროს სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრთან, ხათუნა კალმახელიძეთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და ხელისუფლებას ახლადდაპატიმრებულების გათავისუფლება სთხოვა.
საათნახევრიანი შეხვედრის მცირე ნაწილის ვიდეოვერსია და ტექსტი for.ge-ს საპატრიარქომ მოაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სხვა სასწავლებლის სტუდენტებს. პატრიარქმა ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა, კერძოდ, იმ დაჭერებზე, რომელიც ამ დღეებში განხორციელდა და ხორციელდება, ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებზე, საერთოდ პატიმრებისადმი მოპყრობაზე, ცოდვის სიმძიმეზე... და აღნიშნა, რომ როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს ესა თუ ის ტუსაღი, მისი წამება და ღირსების შელახვა ყოვლად დაუშვებელია:
“ამას ამბობენ, რომ იმართლებენ თავს ვინც ამას აკეთებს, ვინც სტანჯავს, ვინც აწამებს, რომ ისინი მკვლელებია, ისინი ცუდის გამკეთებლებია. მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიე-მეთქი პატიმრებს, პატიმრებს ნუ აწამებთ-მეთქი. ასევე სხვა თანამშრომლებს ვაფრთხილებდი, მაგრამ, ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ აი, ამ საშინელებას.
ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა, წინაშე ღვთისა და ხალხის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანმა გააკეთა ეს საშინელება, უნდა მოინანიოს და თუ არ მოინანია, ეს ცოდვა გადადის თაობიდან თაობაზე. წინაპრების ცოდვა მოეკითხება შვილებს და შვილთა შვილებს.
ცოდვა ეს ხორცმეტია. ცოდვა ამონებს ადამიანს და საშიში მდგომარეობაა მაშინ, როცა ცოდვა ხდება შენთვის სასიამოვნო, როცა ადამიანი კმაყოფილდება და ურიგდება ცოდვას.
ზოგიერთი ვერა გრძნობს ამ ცოდვების სიმძიმეს და იმართლებს თავს და პირიქით, ისეთი შემთხვევაც კი არის, რომ ამბობენ არჩევნები გაივლის და მერე ჩვენ გიჩვენებთ რასაც გავაკეთებთ.
არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ და მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას და ასევე ავადმყოფები“.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ აღნიშნა, რომ ეკლესია დიდი ხანია აყენებს საკითხს ციხის მოძღვრის - კაპელანის დანიშვნის შესახებ, რაც დღემდე არ არის დადებითად გადაწყვეტილი. მართალია, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სასულიერო პირები ხშირად დადიან, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც მოძღვარს მეტი სოციალური დატვირთვა და ზედამხედველობის უფლება აქვს.
“ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ნება დაერთოთ და მუდმივად დაგვენიშნა კაპელანები, მოძღვრები ციხეში და ამაზე უარი გვითხრეს“, - განაცხადა პატრიარქმა და იქვე დასძინა:
“მე მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაიღუპება, გამოვა ამ მძიმე ცოდვებიდან, იმიტომ რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის“.