„ღამით ქურდულად გადიხარ ცარიელ კედელთან, რადგან იცი, რომ მიცვალებულები სასაყვედუროდ არ ბრუნდებიან“

„ღამით ქურდულად გადიხარ ცარიელ კედელთან, რადგან იცი, რომ მიცვალებულები სასაყვედუროდ არ ბრუნდებიან“

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის 13 თვისა  და 13-დღიანი ბრძოლის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ომმა 15 ათასამდე  ქართველის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 ათასი ადამიანი  დევნილად იქცა. სოხუმის დაცემას დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად, დახვრიტეს. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

საქართველოში 27 სექტემბერი ვეტერანთა შეკრების დღედ იქცა. გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალთან ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები იკრიბებიან, ამ ტრაგედიას იგონებენ და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს პატივს მიაგებენ. როგორც წესი, გმირთა მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადოების ცნობილი სახეების იკრიბებიან ხოლმე და მემორიალს ყვავილებით ამკობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სოხუმის დაცემიდან 19 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

"დღესაც საქართველო დგას არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი არის ძალიან სერიოზული, რადგან პოლიტიკურ ელიტაში კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს. ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აპირებენ საქართველოში დააბრუნონ კანონიერი ქურდები, ადამიანები, რომლებსაც გეგმაში აქვთ აღადგინონ "მხედრიონის" ტიპის დაჯგუფებები. უფრო მეტიც, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია იყვნენ პოლიტიკოსები და ერთ სიტყვას არ ამბობენ პუტინზე. ერთ სიტყვას არ ამბობენ ოკუპანტებზე და უნდათ მოტყუებით, მოქრთამვით, მოსყიდვით მოვიდნენ ხელისუფლებაში და შებღალონ თითოეული იმ ადამიანის ხსოვნა, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერი გმირთა მოედანზე წუხელ ღამით მივიდა, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. უცნობია, რატომ გადაწყვიტა მერაბიშვილმა მემორიალთან ღამით მისვლა და რამ შეუშალა ხელი იმაში, რომ დღეს ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას შეხვედროდა. გენერალი გია ყარყარაშვილი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ზურგი შეაქცია. For.ge-ს გენერალი ყარყარაშვილი ესაუბრება.

გია ყარყარაშვილი: როდესაც დღეს მემორიალთან მივედი, დედებისგან ეს აღშფოთება და უკმაყოფილება მოვისმინე. ყველანაირი უკუღმართი გამოგონება ხომ ჩვენთან უნდა მოხდეს. რა არის ასე ქურდულად, მალულად გასვლა მემორიალთან, ცარიელ კედელთან? ერთადერთი დღე აქვთ დედებს, 27 სექტემბერი, როდესაც მომსვლელი ხალხისგან იღებენ ნუგეშს, მადლიერებას, მათ ეფერებიან და პატივს მიაგებენ. ამ შავკაბიან ქალბატონებს და გადარჩენილ, დაინვალიდებულ მამაკაცებს ერთადერთი დღე აქვთ, რომ ვიღაც მოვა და მათ ხელს ჩამოართმევს და ამის ღირსადაც არ ხდიან. რა უბედურებაა! ზნეობა ხომ უნდა გქონდეს, ქურდულად, მალულად, ღამით გადიხარ ცარიელ კედელთან, რადგან იცი, რომ მიცვალებულები სასაყვედუროდ არ ბრუნდებიან. სხვა რა უნდა ვთქვა, არ ვიცი.

ხომ არ ფიქრობთ, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან შეხვედრის ეშინია და სწორედ ამიტომ მივიდა მერაბიშვილი მემორიალთან ღამით?

- არა მგონია, ეს ხომ პირველი წელი არ არის, როდესაც ისინი ასე იქცევიან. დიდი ხანია ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ზურგი შეაქცია. ისინი საკუთარ ხალხს გაურბიან. ეს ხომ პირველი წელი არ არის, რომ ღამით გადიან მემორიალთან. შარშანაც ასე მოიქცნენ, შარშანწინაც, ისინი საკუთარ ხალხს გაურბიან და ამის აღიარებაც არ უნდათ.

მემორიალი ხომ პოლიტიკური ასპარეზი არ არის, არავინ არაფერს გეტყვის, მოდი გაამხნევე, დაელაპარაკე შავკაბიან დედას, მისი ტკივილი მოისმინე. რა უბერუდება ჭირთ?! დასნეულდა უბრალოდ ეს ხელისუფლება.

ბატონო გია, ნებისმიერ ქვეყანაში ვეტერანებს უდიდეს პატივს მიაგებენ, ისინი სერიოზული სოციალური შემწეობით სარგებლობენ და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში კი მათ ყველანაირი სოციალური დახმარება მოუხსნეს, ხოლო როდესაც მათ პროტესტი გამოხატეს, ჩვენ მოწმენი გავხდით იმისა, როგორი სასტიკი მეთოდებით დაარბია ხელისუფლებამ ვეტერანების აქცია. რატომ აქვს ხელისუფლებას ამ კატეგორიის ადამიანებთან ამგვარი დამოკიდებულება?

- არ მინდა ცალკე ვეტერანთა აქციის დარბევა გამოვყო. ჩვენ ვიცით, რომ არა მხოლოდ გარეთ არბევს ხელისუფლება ვეტერანებს, გავიგეთ ისიც, თუ როგორ ექცევა ციხეში პატიმრებს. უბრალოდ მათთვის ადამიანი ღირებულება არ არის. ვარდების რევოლუციის მოხდენის პირველივე დღიდან ადამიანმა დაკარგა ფასი. მთავარ ფასეულობად გადაიქცა სახელმწიფო და ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოში ხელისუფლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ცხრამეტი წლის წინ რისთვისაც ქართველი ახალგაზრდობა იბრძოდა, ანუ ტერიტორიული მთლიანობა მიღწეული დღესაც არ არის, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია და უკანასკნელმა წლებმა გვაჩვენა, რომ მისი გადაწყვეტა კიდევ ძალიან შორეული პერსპექტივის საქმეა. რა ხდება ჩვენს თავს?

- ამ თემას ერთ კითხვაში ვერ ჩავტევთ. ერთი ვიცი, რომ ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ზურგი შეაქცია და მისი გადაწყვეტა გაურკვეველი ვადით გადადო. ასევე ზურგი შეაქცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებსა და ოსებს.“