რა კავშირი აქვს უკრაინელ ფეხბურთელ შევჩენკოს რუსი ოლიგარქის ბიზნესთან

რა კავშირი აქვს უკრაინელ ფეხბურთელ შევჩენკოს რუსი ოლიგარქის ბიზნესთან

უკრაინის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო რომან აბრამოვიჩის ოქროს იმპერიის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამ ინფორმაციას Deutsche Welle თავის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ჰოლდინგი Highland Gold Mining Limited-ი ჩუკოტკაზე  ყოველწლიურად 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ოქროსა და ვერცხლს მოიპოვებს. სწორედ ამ ბიზნესთან აკავშირებს გერმანული საინფორმაციო სააგენტო უკრაინელ ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთის რეესტრის მონაცემებით, 2015 წლის დეკემბრიდან ანდრეი შევჩენკო საინვესტიციო საბროკერო კომპანია  MC Peat & Co. LLP-ის თანამფლობელად ითვლება. ეს ლონდონური ფირმა უფლებამოსილია მოიზიდოს ინვესტორები  რომან აბრამოვიჩის Highland Gold Mining-ის ბიზნესისთვის. MC Peat & Co. LLP-ს აქვს რუსი ოლიგარქის ჰოლდინგის აქციების ბროკერის ოფიციალური სტატუსი. როგორც წესი, საინვესტიციო საბროკერო კომპანიები იღებენ საკომისიოს ფასიანი ქაღალდების გაყიდებისა თუ განთავსებისთვის. Highland Gold Mining-ის აქციები ბოლო წლებში ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა, კაპიტალიზაციამ კი 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

თავად ანდრეი შევჩენკომ Deutsche Welle-ს მიერ მისი ასისტენტისთვის გადაგზავნილ კითხვებს არ უპასუხა. ჟურნალისტი ცდილობდა თავად უკრაინის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელისგან მიეღო პასუხი, თუ რა როლი აქვს მას საინვესტიციო საბროკერო კომპანიაში. როგორც Deutsche Welle იუწყება, ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ შევჩენკოს გამოჩენა MC Peat & Co-ში რომან აბრამოვიჩთან მის მეგობრობას უკავშირდება. ანდრეი შევჩენკოსა და რომან აბრამოვიჩის მეგობრობა კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც უკრაინელი ფეხბურთელი რუსი ოლიგარქის კუთვნილ საფეხბურთი კლუბ "ჩელსიში" თამაშობდა.