მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა განაახლეს. როგორც ჩანს, მოლაპარაკებას არც შედეგი მოჰყვება და არც უკვე აღარც იმედი არსებობს იმისა, რომ ახლო მომავალში რაიმე შეიცვლება. ამიტომაც მოვაჭრეები თვითნებური გადაწყვეტილების გზას დაადგნენ.
როგორც ერთ-ერთი დასაქმებული მევლუდ ღარიბაშვილი ამბობს, მათ საკუთარი დახლები თვითნებურად გახსნეს, რადგან გუშინდელი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა მერიას, კულტურის სამინისტროსა და ჯვრის წინამძღვარს შორის.
„შეხვედრა იყო წინამძღვარ კონსტანტინე ჭინჭარაულს, მცხეთის მერიას და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. კონსტანტინე ჭინჭარაული მოითხოვდა, რომ ჩვენი დახლები დაახლოებით 500 მეტრით შორს განგვეთავსებინა, სადაც რეალურად მხოლოდ ძროხები დადიან და ტრიალი მინდორია. ბუნებრივია, ჩვენ ამის წინააღმდეგები ვართ. რადგან გუშინ შეთანხმება კიდევ ერთხელ ვერ მოხდა, დღეს გადავწყვიტეთ დახლები თვითნებურად გაგვეხსნა. ამ ეტაპზე ადგილზე 10-მდე გარემოვაჭრე ვართ და ნელ-ნელა ყველანი მოდიან“, - განუცხადა „აიპიენს“ ღარიბაშვილმა.
ხუთაშაბათის შეხვედრას გარემოვაჭრეებთან ტაძრის წინამძღვარი, მცხეთის მერიის წარმომადგენლები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წინამძღვარმა მათ შესთავაზა გარემოვაჭრეებისთვის განკუთვნილი დახლები დროებით, ტაძრამდე მისასვლელი გზიდან 18 მეტრის დაშორებით განთავსდეს.
მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, რევაზ მამულაშვილის განმარტებით, დახლების ჩადგმა 3-4 მეტრის მოშორებით შესაძლებელია, თუმცა წინამძღვარი კატეგორიულად ითხოვს დაშორება სავალ გზასა და გარემოვაჭრეებისთვის განკუთვნილა ადგილს შორის 18 მეტრი იყოს.
„მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, წინამძღვარი არ გვთანხმდება ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიაზე მოხდეს გარევაჭრობის დაშვება, შესაბამისად, სურვილი, რომ მოხდეს შეთანხმება მონასტრის წინამძღვრის მხრიდან არ ჩანს, მუნიციპალიტეტი კი მოკლებულია შესაძლებლობას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს“, - აცხადებს მამულაშვილი.
ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო. ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, მათ აქამდე მუშაობა შეჩერებული ჰქონდათ.
სხვათა შორის, წინამძღვრის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ტურისტული კომპანიების ნაწილი. The best adventure in Georgia-ს წარმომადგენელი ირაკლი ხოტეველი ამბობს, რომ ჯვრის მონასტრის ტეროტორიაზე სერიოზული ანტი-სანიტარიაა და ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე დაგხვდეს კარგი გარემო, ამ შემთხვევაში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია ძალიან მოუწესრიგებელია, არის ანტისანიტარია, ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია საპირფარეშოები.
ჩვენ გარევაჭრობის წინააღმდეგი არ ვართ, ხალხმა უნდა გაყიდოს პროდუქტი და ჰქონდეთ შემოსავალი, მაგრამ აუცილებლად მუნიციპალიტეტმა უნდა გადაჭრას პრობლემა, რომ ესთეტიურად გამოიყურებოდეს ელემენტარულად ის დახლები, სადაც ვაჭრობენ და მიაქციონ ყურადღება, რომ სუფთად იყოს ეს ყველაფერი.
მე ვეთანხმები ჯვრის მონასტრის წინამძღვარს, რომ მოწესრიგებული უნდა იყოს ტერიტორია, ეს საქვეყნო საქმეა, რომელზეც ქვეყანამ უნდა იზრუნოს, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ჩემი აზრით, ძალიან სწორი პროტესტის ფორმა იყო. დიდი რაოდენობით ტურისტები მიდიან ჯვირს მონასტერში, იქ კი მოწესრიგებული სიტუაცია უნდა დახვდეთ. აჩვენებ ადამიანს, რომ არის შესანიშნავი, ძველი ქრისტიანული ძეგლი, მიდიხარ ადგილზე და შემდეგ ნაგავი გხვდება, საპირფარეშოები გაუმართავია, უსახური ჯიხურები დგას“, - განაცხადა ხოტეველმა.