ოფიციალურად: იგუაინი

ოფიციალურად: იგუაინი "ჩელსის" ფეხბურთელია

გონსალო იგუაინი ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელია. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. იგუაინი „არისტოკრატების“ რიგებში ტურინის „იუვენტუსიდან“ იჯარით გადავიდა, რომელიც ძალაში სეზონის ბოლომდე იქნება.

„გონსალო მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ჩვენი პირველი სამიზნე იყო. ის იცნობს ჩვენს მწვრთნელს, მაურიციო სარის. ადვილი არ იყო ამ ბრძოლაში გამარჯვება, რადგან გონსალოს სხვა მსურველებიც ჰყავდა, მაგრამ მოხარულები ვართ, რომ მიზანს მივაღწიეთ და სეზონის დარჩენილ ნაწილში დაგვეხმარება“, - განაცხადა მარინა გრანოვსკაიამ.

„როდესაც შანსი მივიღე, რომ „ჩელსიში“ გადავსულიყავი, ბევრი არ მიფიქრია. ეს გუნდი ყოველთვის მომწონდა, მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც შესანიშნავ სტადიონზე თამაშობს. პრემიერლიგაში თამაში კი ყოველთვის მსურდა. იმედი მაქვს გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც გამომიცხადეს“, - აღნიშნა იგუაინმა.

ხელშეკრულების თანახმად, "ჩელსის" იგუაინთან საიჯარო კონტრაქტის 2020 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების შემთხვევაში "იუვენტუსისთვის" 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო სრულად გამოსასყიდი თანხა 36 მილიონ ევროს შეადგენს.

31 წლის არგენტინელი „იუვენტუსმა“ 2016 წელს „ნაპოლიდან“ შეიძინა, თუმცა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ „მილანში“ გაანათხოვრა. ლომბარდიულ გრანდში „პიპიტამ“ სეზონის პირველ ნახევარში 8 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელი "ჩელსიში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

იგუაინს „იუვენტუსისა“ და „მილანის“ გარდა, „ნაპოლიში“, „რეალსა“ და „რივერ პლეიტში“ უთამაშია. „ჩელსი“ კი მის კარიერაში პირველი ინგლისური გუნდია. აღსანიშნავია, რომ სარისთან ერთად აქამდე „ნაპოლიში“ მუშაობდა.