„არ შემიძლია სცენაზე თამაში, როდესაც კაცებს ციხეებში აუპატიურებენ“

„არ შემიძლია სცენაზე თამაში, როდესაც კაცებს ციხეებში აუპატიურებენ“

„მინდა, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში, მაგრამ არ შემიძლია თამაში მაშინ, როდესაც კაცებს ციხეებში აუპატიურებენ“, - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა საკუთარ მაყურებელს და პროტესტის ნიშნად რუსთაველის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლი „მტრის ნიღაბი“ დაწყებისთანავე ჩაშალა. 

მსახიობის ამ განცხადებას მაყურებელი ტაშით შეეგება. თუმცა თეატრიდან გასულ ბესო ზანგურსა და რუსთაველის თეატრის მმართველ ზაალ ჩიქობავას შორის შელაპარაკება მოხდა. ზაალ ჩიქობავა მას მსახიობის ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებდა და საყვედურობდა, რომ სპექტაკლის ჩაშლის შესახებ დილიდანვე არ გააფრთხილა კოლეგები. ამის მიუხედავად, ბესო ზანგური მიიჩნევს, რომ ეს მისი  დემარში იყო და ასეთნაირად სურდა, საჯაროდ გამოეხატა სათქმელი.  

ზაალ ჩიქობავას რეპლიკას მსახიობის ეთიკის შესახებ კი ბესო ზანგურის ასეთი პასუხი მოჰყვა: „შენთვის სტურუამაც დაარღვია ეთიკა და გააგდე იგი თეატრიდან“.

For.ge. ბესო ზანგურ ესაუბრა.

- ჩვეულებრივად გავედი სცენაზე და მაყურებელს ვუთხარი, რომ ვაპროტესტებ სცენაზე თამაშს, რადგან ქვეყანაში ისეთი მოვლენები მიმდინარეობს, როგორიცაა ადამიანების გაუპატიურება და ჯალათების ბატონობა. ამის გამო გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და სოლიდარობა გამოვუცხადე იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან და არიან ამ დიქტატურის ქვეშ, მათ ხელებზე ბორკილებდადებულებს აუპატიურებენ და აწამებენ. ამიტომაც არ ვითამაშე სპექტაკლი.

თეატრიდან გასულს ზაალ ჩიქობავასთან შელაპარაკება მოგიხდათ?

- თეატრიდან გამოსულს დამეწია მმართველი და მითხრა, რომ ცოტა ადრე შემეძლო გამეფრთხილებინა, თუმცა მე პრინციპულად არ გავაფრთხილე.

გინდოდათ ამ სახით საჯაროდ გამოგეხატათ პროტესტი?

- რა თქმა უნდა. სპექტაკლის სანახავად მოსული მაყურებლისთვისაც მინდოდა, მეთქვა, რომ თეატრში სიარულის დრო ყოველთვის არის, მაგრამ არის დრო, როდესაც პროტესტი ყველაფერზე მაღლა დგას.

მაყურებელი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, მართალია, რომ მათ მოწონების ნიშნად ტაში დაგიკრეს?

- ამ გადაწყვეტილების შესახებ მაყურებელს უბრალოდ ვუთხარი. მათი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს პოზიციას ძალიან კარგად, ტაშით შეხვდნენ და ჩემს საყვარელ მაყურებელში ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც ინტრიგას შემოაგდებდა ან რაღაც კითხვას დამისვამდა. პირიქით, ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თეატრში ჩემს მოღვაწეობას, ჩემი, როგორც მსახიობის, კარიერას, აზრი აქვს, რადგან მაყურებელს ვუყვარვარ. ერთსულოვანი იყო დარბაზი.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ დროებით დატოვეთ სცენა?

- უბრალოდ, მე იმ დღეს არ ვითამაშე სპექტაკლი. სანამ არჩევნები არ ჩატარდება, სანამ სამართალი არ იზეიმებს, მანამდე არ ვითამაშებ სპექტაკლს, რადგან მე პროტესტის გრძნობა გამაჩნია, რადგან ვარ ადამიანი, ვარ შვილების მამა. მე რომ დამიჭირონ ციხეში, მინდა, რომ ჩემი შვილი იმედიანად იყოს, რომ მამამისს არ აუპატიურებენ. ასევე, თუ ჩემი შვილი დააშავებს რამეს, დანაშულს ჩაიდენს და სასამართლო მისცემს იმ წლებს, რომლებიც მან ჩადენილი დანაშულის საფასურად უნდა მოიხადოს, მე მშვიდად უნდა ვიყო, რომ იქ, ციხეში, ის კანონის შესაბამისად იხდის სასჯელს და არ არის წამებისა და ჯალათების ქვეშ.

ბოლო დროს საზოგადოებაში არაერთგზის დაისვა შეკითხვა - წარმოგვედგინა, რომ ქართველ კაცს ამის გაკეთება შეეძლო?

- კი წარმომედგინა, სადაც გირგვლიანს, ბუტა რობაქიძეს, ვაზაგაშვილებს, გამცემლიძეს და სხვებს ასე ჯალათურად კლავენ და ხალხი ხმას არ იღებს, ზუსტად ვიცოდი, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. თუ ახლაც ეს უბედურება ასე გაატარა ჩემმა ერმა, პირდაპირ ვაცხადებ, რომ დავტოვებ ქვეყანას და წავალ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. თუ ამასაც ერი გაატარებს, ზუსტაც ვიცი, რომ ზეგ უკვე სახლში შემოვლენ და სახლში დაიწყებენ ამის გაკეთებას, რაღა ციხეში წაგვიყვანონ და თავიანთი ბალანდა გვაჭამონ?!

ბატონი რობერტი არ იმყოფება საქართველოში და, შესაბამისად, ამ საკითხის შესახებ მასთან არ მისაუბრია. ვერც სხვა მსახიობების პოზიციის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამას წინათ რაღაც ვთქვი ინტერვიუში, რაც სხვანაირად გაიგო ზოგიერთმა და ამის გამო ბოდიშის მოხდა მომიწია. ამიტომ მათ ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი.

ზაალ ჩიქობავასთან თქვენი შემდგომი დამოკიდებულება როგორ გაგრძელდება?

- არ მსურს ზაალ ჩიქობავაზე ლაპარაკი.

გასული წლის 26 მაისს კინოთეატრირუსთაველიგუანტანამოს ციხეს დაემსგავსა და იქაც მსგავსი ფაქტები ხდებოდა, როდესაც ადამიანებს დუბინკებით აყენებდნენ შეურაცხყოფას. დღემდე ეს ფაქტები მიჩქმალულია.

- ასეთი რაღაცები სულ ხდებოდა, ახლა ჩვენ სად ვართ, იცით? ჩვენ ვართ უფსკრულის პირას. ადამიანმა, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა და, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, ამ უფსკრულის პირას გადავარდნილებს უკვე ხელი შეგვაშველა, თითქოს ხელი გვტაცა ქეჩოში და აქეთ გვაბრუნებს, რადგან არ უნდა ჩვენი საბოლოო დაღუპვა. თუ ვაცლით ამ ადამიანს და, თუ მივყვებით, მაშინ გადავრჩებით, თუ არადა, ჩავიჩეხებით.

მოკლედ, რაც საქართველოში ხდება, თქვენ ახლა ჯერომ სელინჯერის რომანის ეპიზოდს შეუდარეთ („თამაში ჭვავის ყანაში“) - როცა უფსკრულის პირას მყოფ ბავშვებს გადაჩეხვისგან იცავენ.

- დიახ, ასეა. სხვათა შორის, 26 მაისს ჩვენთან სპექტაკლი იყო დანიშნული, მაგრამ ეს ტრაგედია 25-ში ღამით მოხდა და მეორე დღეს რუსთაველის თეატრს სპექტაკლი არ უთამაშია.
პროტესტის ნიშნად?

- არა, არ ვიცი, რის ნიშნად. მე არ ვერევი დირექციის საკითხებში, თუმცაღა, დირექცია ერევა რაღაც საკითხებში... მე არ შემიძლია გითხრათ, რის გამო არ დანიშნა დირექციამ სპექტაკლი. არ მინდა დირექციაზე საუბარი. ეს კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ გლდანის ციხეში, იყო წერტილი იმ დაწერილი პიესისა და თხზულებისა, იმ დაწერილი კოშმარული ტრაგედიისა, რომელიც აქამდეც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამან დაუსვა მათ საბოლოო წერტილი. უკვე ახალგაზრდობა გამოვიდა გარეთ, ახალგაზრდობა კი არის ძალა, რომელთა წინაშეც დაპირისპირება არც ყოფილა პრაქტიკაში და ვერც ახლა მოხდება.