23 სექტემბერს ლონდონში ფოტოგამოფენა „2003-2012: საქართველო, ძალადობა“ გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორია ბრიტანეთის ქართველ ემიგრანტთა ორგანიზაცია „საერთაშორისო კვალი - საქართველო“, ხოლო პროექტის მხარდამჭერი საქართველოში არის ინტერნეტ-პორტალი for.ge. გამოფენაზე წარმოდგენილია 120-მდე ფოტო, რომლებზეც 2003 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებია ასახული, როგორიც იყო 2007 წლის 7 ნოემბერი, 2009 წლის 15 ივნისი, 2011 წლის 26 მაისი, ასევე გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის და სხვათა საქმეები. გარდა ამისა, გამოფენის გახსნაზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული ფილმის „დემოკრატიის შუქურა“ ჩვენება მოეწყო. და ბოლოს, გამოფენაზე ასევე უკანასკნელ დღეებში გავრცელებული მასალაც მოხვდა, რომელზეც პატიმრების წამებაა ასახული. როგორც მოგახსენეთ, გამოფენა 23 სექტემბერს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა.
ფოტოგამოფენაზე ქართველ ემიგრანტებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც იყვნენ მიწვეულები, მათ შორის დიპკორპუსის წარმომადგენლები. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, წარმოდგენილი მასალის ნახვა ძალიან მძიმე იყო როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით შოკირებულები იყვნენ პატიმრების წამების ამსახველი კადრების ხილვით.
For.ge გაესაუბრა ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტს, ალექსანდრე ანთაძეს, რომელიც გამოფენას ესწრებოდა და რომელიც ამბობს, რომ ამ ყველაფრის ნახვა ემოციურად ძალიან მძიმე იყო.
„ჩვენ მიწვეულები ვიყავით ამ გამოფენაზე სტუმრის სტატუსით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხალხის დარბევის კადრები, ხოლო შემდეგ გვაჩვენეს გოგა ხაინდრავას ფილმი „დემოკრატიის შუქურა“. რა თქმა უნდა, ეს იყო შემზარავი, ძალიან დამთრგუნველი და მტკივნეული იყო საყურებლად. ამ კადრებმა ქალბატონებს ცრემლებიც კი მოგვარა. საერთოდაც ამ ყვალაფრის ნახვის შემდეგ შეკრებილი საზოგადოება შოკირებული და დათრგუნული იყო“, - აცხადებს ალექსანდრე ანთაძე.
მისი თქმით, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვისაც გული აქვს და შებრალების და შეწყალების უნარი გააჩნია, უცხოელებიც შოკირებული და აღშფოთებულები იყვნენ. ალექსანდრე ანთაძე ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა გოგა ხაინდრავას ფილმი ერთ-ერთმა ბრიტანულმა არხმა „Channel Four” აჩვენოს, რადგან გამოფენაზე მყოფი უცხოელი სტუმრებიდან ერთ-ერთმა ასეთი ინიციატივა გამოხატა.
აქვე ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ ფოტოგამოფენაზე უცხოელების ნაკლებობა იყო და სასურველი იქნებოდა, ეს გამოფენა უფრო მეტ უცხოელს ენახა, რათა ყველამ ნახოს, საქართველოში რაც ხდება.
ფოტოგამოფენაზე იმყოფებოდა ასევე „ქართული ოცნების“ წევრი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელიც ამბობს, რომ გამოფენა და ფილმის ჩვენებამ ძალიან ემოციურად ჩაიარა.
„ბევრი ემიგრანტი მონაწილეა იმ მოვლენების, რაც გოგა ხაინდრავას ფილმშია აღწერილი და იმ კადრებზეც არიან აღბეჭდილები. იქ არიან ასევე ომის შემდეგ წასული ადამიანები და ასევე დაკარგული ტერიტორიებიდან წამოსული პირები. მათთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე საყურებელი და საღამო ძალიან ემოციური იყო. ღონისძიებას უცხოელებიც ესწრებოდნენ, რადგან იქ მყოფი ქართველებიდან ბევრ უცხოელი მეუღლე ჰყავს, ასევე ჰყავთ ახლობლები და ვინც დაინტერესდა, ყველა იყო გამოფენაზე მოსული“, - აცხადებს ნინელი ჭანკვეტაძე.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უცხოეთში ძალიან მწირი და ცალმხრივი ინფორმაცია აქვთ.
„ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ ჟვანიას მკვლელობის, რომელიც დღესაც თაროზეა შემოდებული და გამოუძიებელია, მონაწილე ვართ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის და რეზინის ტყვიები საკუთარ სხეულზე გვიგრძვნია. ჩვენი ხელისუფლება რომ აცხადებს, თითქოს ადამიანებზე ძალადობის შესახებ არაფერი იცოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ იყო, რომ ადამიანს რეზინის ტყვია ესროლეს და მან მხედველობა დაკარგა, მაგრამ ამის გამო დღესაც არავინ არის დასჯილი. რა თქმა უნდა უცხოელები არ არიან ისეთ დონეზე ინფორმირებულები, როგორც ჩვენ, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე უკანონობებს ვაპროტესტებთ და დამნაშავეების დასჯას ვითხოვთ. ამიტომ, უცხოელებისთვის სრული შოკი იყო ის ინფორმაცია, რაც მათ ამ გამოფენაზე მიიღეს, განსაკუთრებით შოკის მომგვრელი იყო ის ბოლო კადრები, რომლებზეც პატიმრების წამება არის აღბეჭდილი. უცხოელებისთვის წარმოუდგენელია, რომ ასეთი მოვლენების გამო არავინ არასოდეს დასჯილა და იგივე ნაცმოძრაობა, რომელმაც ასეთი დანაშაულები ჩაიდინა და ყველაფერ ამას აგრძელებს, კვლავაც აპირებს ხელისუფლების სათავეში ყოფნას“, - აღნიშნავს ნინელი ჭანკვეტაძე.
მისი თქმით, ქართული ემიგრაცია ძალია გააქტიურებულია, რადგან ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვის ზურგზეც ამ მოვლენებმა გადაიარა. მათგან ბევრია ისეთი, რომელიც ხელისუფლებამ პრაქტიკულად იძულებული გახადა, ქვეყანა დაეტოვებინათ.