რას შეცვლის ცვლილებები?

რას შეცვლის ცვლილებები?

გიგა ბოკერია – უშიშროების საბჭოს მდივანი, თემურ იაკობაშვილი – ელჩი აშშ–ში, ეკა ტყეშელაშვილი – იაკობაშვილის ადგილზე, ასეთია ხელისუფლებაში განხორცელებული საკადრო გადაადგილებების კონფიგურაცია. მთავრობა პირობას იძლევა, რომ ცვლილებები გაგრძელდება, განსაკუთრებით დიპლომატიურ ფრონტზე.  

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებით რეალურად არაფერი შეიცვლება. 

ექსპერტ გიორგი ვოლსკის შეფასებით, „იაკობაშვილი, ბოკერია და ტყეშელაშვილი ახალ თანამდებობებზე ეფექტურები ვერ იქნებიან“. რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებით ხელისუფლებამ საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებები გაძლიერა.

მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოში მორიგი საკადრო ცვლილებები გაცხადდა. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს თემურ იაკობაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტთან კონსულტაციის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულებაც.

საქართველოს ელჩი ამერიკაში ბათუ ქუთელია გიგა ბოკერიას მოადგილე გახდება.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, მთავრობაში განხორციელებული გადაადგილებით პოლიტიკა არ შეიცვლება. 

„ამ გადადგილებით არაფერი შეიცვლება. ეს პოლიტიკას არ შეცვლის. უბრალოდ, იმ ადამიანებმა რომლებიც ისედაც ახდენდნენ ქვეყნის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ფორმირებას, ერთმანეთში ადგილები გაცვალეს. რამდენად პოზიტიური იქნება ეს ცვლილება, ამას გვაჩვენებს დრო“, - განუცხადა ლალიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე კომენტირებისას. 

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთ წარმომადგენელ გია თორთლაძეს, მისი შეფასებით, მთავარი არა კადრების შეცვლა, არამედ ისაა, რომ უწყებებმა „მნიშვნელობა შეიძინონ“. 

„მთავარია, ყველა უწყებამ შეიძინოს მნიშვნელობა. მაგალითად, უშიშროების საბჭო უფრო ეფექტური გახდეს. თუ ეს ცვლილება უფრო ეფექტურს გახდის, მაშინ მას მივესალმები. ასევე უნდა შეიცვალოს რეინტეგრაციის სამინისტრო, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს“, - განუცხადა თორთლაძემ ჟურნალისტებს.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი ვოლსკი განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში გარკვეულ ლოგიკას კი ხედავს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ვერც თემურ იაკობაშვილი, ვერც ბოკერია და ვერც ეკა ტყეშელაშვილი ახალ თანამდებობებზე ეფექტურები ვერ იქნებიან. 

გია ვოლსკის განმარტებით, თემურ იაკობაშვილის რეინტეგრაციის მინისტრის პოსტიდან ელჩის თანამდებობაზე გადაყვანა იმის გამო იყო ლოგიკური, რომ სწორედ თემურ იაკობაშვილის არაკონსტრუქციულმა პოლიტიკამ ბევრად განაპირობა 2008 წლის აგვისტოს და შემდგომ განვითარებულმა პროცესები. 

მისი თქმით, აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაეროსა და ეუთოს მისიების შეწყვეტა იაკობაშვილის მინისტრობის დროს მოხდა. 

ვოლსკის აზრით, გიგა ბოკერიასთვის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნა აშკარად დაწინაურებაა. იგი წარმატებებით ხელმძღვანელობდა ჟენევის ფორმატში მიმდინარე კონსულტაციებს და აქტიურად თანამშრომლობდა როგორც აშშ-სთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ვერც იაკობაშვილი იქნება აშშ-ში საქართველოს ეფექტური ელჩი, ვერც ეკა ტყეშელაშვილი იქნება რეინტეგრაციის წარმატებული მინისტრი და ვერც გიგა ბოკერია იქნება უშიშროების საბჭოს ეფექტური ხელმძღვანელი“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვოლსკიმ განხორციელებული საკადრო ცვლილებების კომენტირებისას.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, განხორციელებული საკადრო ცვლილებებით ხელისუფლებამ როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის მიმართულებები გაძლიერა . 

„აშშ-ს საქართველოს ელჩად თემურ იაკობაშვილის დანიშვნით ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის ამერიკული ხაზი გააძლიერა. დიპლომატიურ სფერო იაკობაშვილისთვის მშობლიურია და მას დიპლომატიურ გამოცდილებას ვერავინ დაუწუნებს“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რამაზ საყვარელიძემ. 

მისივე თქმით, იაკობაშვილი უდაოდ საინტერესო ფიგურა იყო როგორც საზოგადოებისთვის, ისე უცხოელი პარტნიორებისთვის და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მის მიერ შემუშავებული კონცეფცია იმ დონეზეა შესრულებული, რომ მსგავსი დოკუმენტით არც ერთ სფერო არ გამოირჩევა. 

საყვარელიძე უშიშროების საბჭოს მდივნად გიგა ბოკერიას დანიშვნას საყურადღებოდ იმ თვალსაზრისით მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, საშინაო საქმეებში გადასაწყვეტი საკითხები მწიფდება და მათი განხორციელება სწორედ ბოკერიას უშუალო მონაწილეობით მოხდება. 

მისივე თქმით, ისეთი აქტიური ფიგურის, როგორც გიგა ბოკერიაა, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად დაწინაურება გასაკვირი სულაც არ ყოფილა და უნდა ვივარაუდოთ, რომ უშიშროების საბჭო, როგორც ორგანო, გაძლიერდება. 

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ეკა ტყეშელაშვილს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრად მუშაობა არ გაუჭირდება, ვინაიდან, იაკობაშვილმა კონცეფცია უკვე შექმნა და მისგან შემოქმედებითი ნაბიჯების გადადგმა პრაქტიკულად საჭირო არ იქნება.