მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საზოგადოებაში აფეთქების მუხტი არ არის, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს ამ მუხტის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ძაბირაძე ამბობს, რომ დღემდე ვერ აუხსნია რატომ ვერ ხედავს ამას ხელისუფლება და ივანიშვილის გუნდი. კონსტიტუციონალისტს აქვს მოლოდინი, რომ თებერვლის შუა რიცხვებში გააქტიურდება ხელისუფლება და პირველ რიგში ივანიშვილი.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი დასტრესილი, იმედისგან დაცლილი, მომავალზე ხელჩაქნეული და ყოველდღიურ ტრაგედიის რეჟიმში მყოფი საზოგადეობა და საქართველო 1992 წლის შემდეგ არ ახსოვს. ბატონო ვახტანგ, რამდენად იზიარებთ ამ შეფასებას? პროცესები, რომლის განვითარებას ვაკვირდებით, შეიძლება შეფასდეს, როგორც რთული პოლიტიკური ვითარება, რომელსაც ემატება მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარება?
ვახტანგ ძაბირაძე: ნამდვილად, ვითარება საკმაოდ რთული და მძიმეა, თანაც ყველა მიმართულებით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რაიმე გამოსავალი, არც რაიმე იმედის მომცემი მოძრაობა ამ ვითარებიდან ჯერჯერობით არ ჩანს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იყო ივანიშვილის დაპირიება, რომ ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ ჯერჯერობით შემოიფარგლა მხოლოდ იმ განცხადებით, რომელშიც ის ბესელიასა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობდა. არადა მოლოდინები გაჩნდა. პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებით არ დასრულებეულა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს უიმედობა და მომავლისადმი საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება თანდათან უფრო ძლიერდება.
თუ ივანიშვილი პირადად არ დაიწყებს საკმაოდ რეალური ნაბიჯების გადადგმას, ეს ვითარება რა პროცესებს მისცეს საფუძველს?
– ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ძალიან რთულ პროცესს ვაკვირდებით. გამუდმებით ეცემა „ქართული ოცნების“ რეიტინგი. თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე ეს რეიტინგი უბრალოდ, განულდება. ფაქტია, რომ აქეთკენ მიდის პროცესი. მეორე უბედურება ის არის, რომ არც ოპოზიციაში ჩანს ახალი და ამავე დროს ისეთი ძალა, რომელიც მიმზიდველი იქნება საზოგადოების უმრავლესობისათვის. ეს პრობლემა ცალკე დგას, ეს სირთულე ანულებს პოლიტიკურ ვითარებას. ასეთ ვითარებაში ყველაფერი მოსალოდნელია. ნებისმიერმა უმნიშვნელო ფაქტორმაც კი, შეიძლება დეტონატორის როლი ითამაშოს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საზოგადოებაში მუხტი აფეთქებისა არ არის, ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს ამ მუხტის ჩამოყალიბება - იმდენად სწრაფად, რომ ვერც შევძლოთ გააზრება და მხოლოდ იმას მოვახერხებთ, რომ ხელში შეგვრჩება აფეთქებული სიტუაცია. პროცესის ასეთი ზვავისებურმა ჩამოშლამ იცის საზოაგდოების ზვავისებური ჩამოშლაც, აქეთ მივდივართ. დღემდე ვერ ამიხსნია რატომ ვერ ხედავს ამას ხელისუფლება, იგივე ივანიშვილის გუნდი, რა ხდება იქ ისეთი, რომ ასე მშვიდად არიან და ასე არარეალურად აფასებენ ამ სიტუაციებს.
თქვენ ამბობთ, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროტესტი გამოვიდეს ქუჩაში, ამას ემატება სამართლიანობის აღდგენის თემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სასამართლო სისტემასთან და უშუალოდ იმ მომსამართლეებთან, რომელთა უვადოდ დანიშვნის თემამ უმრავლესობა გაყო. მოსმართლეთა თემა შესაძლოა გახდებს ქუჩის პროტესტის ინდიკატორი? საზოგადოების ის ნაწილის მხრიდან, რომელიც თვლის, რომ მის მიმართ სასამართლო იყო უსამართლო, პროცესის ქუჩაში გადატანის საფრთხე რამდენად დიდია? გაზაფხული შეიძლება იყოს ის პერიოდი, როდესაც საპროტესტო ტალღამ გადაინაცვლოს ქუჩაში?
– საპროტესტო ტალღა რომ ქუჩაში გადავა, ამაში ორი აზრი არ არის. აქ უბრალიდ ლაპარაკი იმაზეა, რა მომენტში მოხდება ეს. თუ „ქართული ოცნება“ დარჩა დღევანდელ ვითარებაში, ეს ტალღა ძალიან მალე აღვივდება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ქმედითი ნაბიჯების გადადმა დაიწყო, ნელ–ნელა მაინც შეაჩერა პროცესი, იმდენად სახიფათო შესაძლოა აღარ იყოს. თუ ასე დარჩა „ქართული ოცნების“ ასეთი გაურკვეველი ვითარება, მაშინ ეს პროცესი იქნება საკამოდ რთული და უკვე ქუჩაში გადასული პროტესტი საკმაოდ სახიფათო იქნება პირველ რიგში იგივე ხელისუფლებისთვის. ამიტომ მგონია, რომ ეს თემა, რასაც ჰქვია სამართლი და სამართლიანობის აღდგენა (წარსულზე აღარ არის საუბარი, საუბარია დღევანდელ დღეზე), საზოგადოებას ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. იმიტომ კი არა, რომ მოსამართლებს წარსულისთვის სჯიან, არამედ ამ მოსამართლეების არ სჯერათ და დღევანდელზე ფიქრობენ. პროტესტი დღევანდელზეა და არა მათ წარსულ ქმედებებზე. წარსულის პროტესტი რომ იყოს, საზოგადოების მოთხოვნაც იქნებოდა მათი დაპატიმრება. მაგრამ არა, სამართლიანობა დღეს არ არის ქვეყანაში და როდესაც ამ ხალხის უვადოდ დანიშვნას აპირებენ უზენაეს სასამართლოში, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალი საერთოდ აღარ იქნება, რწმენა სასამართლოსადმი საერთოდ არ იქნება. აი ეს არის პრობლემა. ამის გააზრება, მე მგონია, რომ რთული არ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის. თუ აცნობიერებს და მაინც განგებ დგამს ამ ნაბიჯს, მაშინ სხვა თემა შემოდის, რა უნდა ხელისუფლებას, თვითონ ცდილობს ძალა–უფლება დაკარგოს და სხვას გადააბაროს?
თითქოს ხელისუფლება ხელს უწყოს პროტესტის გაღრმავებას, სხვა მხრივ რთულია აიხსნას ამ მოსამართლეთა ლობირება. ძალაუფლების დაკარგვა და სხვისთვის გადაბარება ახსენეთ, მაგრამ მეორე მხრივ პოლიტიკურ ველზე ვერ ვხედავთ პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელმაც შესაძლოა ხელისუფლება გადაიბაროს...
– გეთანხმებით, პრობლემა არის ხელისუფლებაში და პრობლემა არის ოპოზიციაშიც - ფაქტიურად არჩევანი არ გვაქვს - ოპოზიციაში ვერ გამოიკვეთა მეტ–ნაკლებად მაინც მიმზიდველი ჯგუფი. ამიტომ დავრჩით ორ პოლუსზე. მესამე პოლუსი უნდა გაჩნდეს. სხვაგვარად ისევ რთულ დაპირისპირებასთან გვექნება საქმე. რაც შეეხება იმას, რომ თავად ხომ არ ცდილობს ამას ხელისუფლება, თუ ვინმე ცდილობს, ალაბთ ივანიშვილი, მაგრამ მას გარანტიები სჭირდება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლებას საქართველოში. გამსახურდიას გარანტიები არ ჰქონდა და ტრაგიკულადაც დასრულდა მისი ცხოვრება. დანარჩენებმა, შევარდნაძემ და სააკაშვილმა მიიღეს გარანტიები.
მაგრამ ივანიშვილის გარანტიები დღეს რომ ჩანს, მაშინ როგორ და რისთვის აპირებს ამ ძალაუფლების გადაცემას? ეს კიდევ ცალკე პრობლემა და ცალკე საფიქრალი ვერსიაა, იმიტომ, რომ სხვაგვარად ლოგიკიდან ამოვარდნილია მთელი ეს პროცესი. ამიტომ ჩნდება კითხვის ნიშნები. მე მაინც მგონია, რომ სადღაც თებერვლის შუა რიცხვებში „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი რაღაცა ნაბიჯებს გადადგამენ. ველოდები, რომ გააქტიურდება ხელისუფლება და პირველ რიგში ივანიშვილი.