უცნობი ისტორია: ლობანოვსკი ჩივაძეს - ჩართე სიჩქარე! ათ წუთში საშამ ტრავმა გაიმიზეზა

უცნობი ისტორია: ლობანოვსკი ჩივაძეს - ჩართე სიჩქარე! ათ წუთში საშამ ტრავმა გაიმიზეზა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს, ვალერი ლობანოვსკის 80  წელი შეუსრულდებოდა. ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს იმ ისტორიების გახსენება, რომელიც ამ გამორჩეულ სპეციალისტს უკავშირდება...

...1986 წლის აპრილში ჩერნობილის ტრაგედია მოხდა. ამ დროს საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრები მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას ასრულებდა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოლეგ ბლოხინმა დღიურში ჩაწერა: “თამაშის ხარისხი არ გვივარგა და არც განწყობაა კარგი. არ ვიცი, შეიძლება ღირდეს კიდეც, საერთოდ მივატოვოთ ეს საქმე და გავეცალოთ. ძალიან გვინდა, სახლში ვიყოთ”.

საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელებმა თითქმის არაფერი იცოდნენ ჩერნობილის ტრაგედიაზე. თუმცა, ცხადია, ძალიან განიცდიდნენ მომხდარს და გამუდმებით ნერვიულობდნენ. საინტერესოა, რომ 1986 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა (რუმინეთთან, ესპანეთთან, ინგლისთან და მექსიკასთან) და ერთიც ვერ მოიგო. ამას მოჰყვა ის, რომ ნაკრების თავკაცი ედუარდ მალოფეევი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა...

7 მაისს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ფინეთთან და გოლი ვერ გაიტანა. “გასაგებია, რომ ნაკრებში არაერთი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მათ გაერთიანება სჭირდებათ. თუ ნაკრებში არ იქნება კარგი მწვრთნელი, ვერაფრით დამყარდება კარგი მიკროკლიმატი”, - ესეც ბლოხინის დღიურიდანაა.

11 მაისს საბჭოთა სპორტის მესვეურებმა გაფართოებული კრება ჩაატარეს. კრებაზე ნაკრების სახელით ბლოხინმა ილაპარაკა. მეორე დღეს კი გაჩნდა ინფორმაცია: “ედუარდ მალოფეევის თხოვნის გათვალისწინებით, ის გათავისუფლებულია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. ვინაიდან ნაკრებში არის 11 ფეხბურთელი კიევის “დინამოდან”, გუნდს ვალერი ლობანოვსკი ჩაიბარებს”.

იმ წელს ვალერი ლობანოვსკის ხელმძღვანელობით კიევის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ყველა მოწინააღმდეგე გააცამტვერა. დასკვნით მატჩში კიეველებმა 3:0 მოუგეს მადრიდის “ატლეტიკოს”. ლობანოვსკის საშველად ერთხელაც უხმეს. არადა, სამი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ნაკრებმა ჩააგდო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, საბჭოთა ფეხბურთის მესვეურებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, რომ ლობანოვსკის გაეგრძელებინა მუშაობა.

მალოფეევი ძალიან თავისებური მწვრთნელი იყო. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გუნდში ძმური ატმოსფერო ყოფილიყო. აი, ტაქტიკურ ნიუანსებზე კი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ ამახვილებდა. მას სჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა დიდწილად გუნდური ატმოსფეროსა და მეგობრული სულის შენარჩუნებით იყო შესაძლებელი. ამას ქვეცნობიერად ვერ ეთანხმებოდნენ კიევის “დინამოს” ფეხბურთელები, რომლებიც ტაქტიკური ნიუანსების მკაცრად შესრულებას იყვნენ მიჩვეულნი ლობანოვსკის ხელში.

ლობანოვსკის პირველი გადაწყვეტილება ასეთი იყო - მან კარისკენ მიუთითა მინსკის “დინამოს” რამდენიმე ფეხბურთელს. სანაკრებო განაცხადში შეიყვანა ალექსანდრე ჩივაძე, ხოლო თანაშემწედ იური მოროზოვი დანიშნა.

მეხიკოს აეროპორტში ლობანოვსკის ჟურნალისტები შემოეხვივნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მას ასეთი რამ ჰკითხა: “გვითხარით, ჩერნობილის ავარიის გამო კიევის “დინამო” დაზარალდა?

“რა თქმა უნდა, კიევის “დინამო” დაზარალდა. ამ ავარიის შემდეგ ზუსტად ერთი კვირა იყო გასული, როცა ჩვენმა გუნდმა თასების მფლობელთა თასის გათამაშება მოიგო”, - ასეთი იყო ლობანოვსკის პასუხი. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ნაკრები იმ აეროდრომზე დაეშვა, რომელიც მიწასთან გაასწორა მექსიკაში 1985 წელს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე საბჭოთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ერთ-ერთ მექსიკურ კლუბს დაუპირისპირდა. ლობანოვსკიმ ალექსანდრე ჩივაძეს უთხრა: “ჩართე სისწრაფე მაქსიმალურად. მინდა ვიცოდე, შემიძლია თუ არა დაგეყრდნო ოფიციალურ მატჩში”.

10 წუთის შემდეგ ჩივაძემ ტრავმა გაიმიზეზა...

საბჭოთა კავშირის ნაკრები ჯგუფში უნგრეთთან, საფრანგეთსა და კანადასთან ერთად მოხვდა. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები უკვე წინასწარ ზეიმობდნენ პლეი ოფში გასვლას.

“ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. პრობლემა მხოლოდ მაშინ გვექნებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატი ჰოკეიში რომ იმართებოდეს”, - ამბობდა საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯი ჟოელ ბატსი.

“ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ და ეს ჯგუფი უსათუოდ უნდა მოვიგოთ”, - მიიჩნევდა მუნდიალის დაწყების წინ ფრანგთა ფორვარდი დომინიკ როშტო.

უნგრეთთან შეხვედრის წინ ნაკრებში მინსკის “დინამოს” ერთადერთ წარმომადგენელ სერგეი ალეინიკოვს ლობანოვსკიმ შემდეგი უთხრა: “სერიოჟა, დღეს ჩვენ ერთად უნდა გავაჩუმოთ ისინი, ვინც მაკრიტიკებდნენ მექსიკაში შენი წამოყვანის გამო. შენ უნდა გააჩერო ლაიოშ დეტარი”.

მე-4 წუთზე ალეინიკოვმა გოლი გაიტანა და დეტარი თამაშიდან გამოთიშა. საბჭოთა ნაკრებმა 6:0 მოუგო ნაკრებს, რომელმაც მუნდიალის დაწყების წინ ბრაზილია 3:0 გაანადგურა. ფრანგულმა “ეკიპმა” დაწერა - მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთს საბჭოთა კავშირი აჩვენებსო.

1986 წლის 5 ივნისს საბჭოთა კავშირის ნაკრები საფრანგეთს უნდა შეხვედროდა. თამაშის დაწყების წინ ლობანოვსკი მეტოქის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ტაქტიკურ სქემას ხაზავდა, როცა კარი გაიღო და სასტუმროს ოთახში  კიევის “დინამოს” დუეტი შევიდა - იგორ იარემჩუკი და პაველ იაკოვენკო. დაგვიანების მიზეზი ის იყო, რომ მათ ჩაეძინათ.

რა მოხდა შემდეგ? “ლობანოვსკის მათთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. უბრალოდ, ისეთი თვალებით შეხედა, ორივე გაფითრდა. მინდორზე ეს დუეტი საუკეთესო იყო. წამითაც არ გაჩერებულან, ბოლომდე დაიხარჯნენ”, - ასე გაიხსენა ეს მომენტი მოგვიანებით ანდრეი ბალმა, რომელიც დღეს აღარ არის ცოცხალი.

იმ დღეს ალეინიკოვმა თამაშიდან გამოთიშა მიშელ პლატინი, საბჭოთა კავშირმა კი ისევ არ წააგო - 1:1.

ოთხი დღის შემდეგ ლობანოვსკის გუნდმა მეორე ტაიმში დაჩაგრა კანადა და 2:0 მოუგო. მწვრთნელმა თავიდან ლიდერები დაასვენა. სათადარიგოებმა ვერაფერი მოუხერხეს აუტსაიდერს, თუმცა მეორე ტაიმში მინდორზე იგორ ბელანოვი და ალექსანდრ ზავაროვი გავიდნენ, გაიტანეს და საბჭოთა გუნდს მოაგებინეს.

პლეი ოფში საბჭოეთს მეტოქედ ერგო ბელგია. გუნდი საპლეიოფო შეხვედრას სასწაულ ფიზიკურ ფორმაში შეხვდა. მთავარმა მწვრთნელმა გი თისმა ტურნირის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე გაგზავნა მექსიკაში სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები, რათა მათ შეესწავლათ, რა მეთოდით იქნებოდა წვრთნა უკეთესი მაღალმთიან რეგიონში.

გი თისმა თამაშის წინ ფავორიტის მანტია მეტოქეს მოარგო: “ისინი მინდორზე კი არ მუშაობენ, თამაშობენ. საბჭოელები თამაშისგან კმაყოფილებას იღებენ”, - თქვა მან.

და მაინც, მაშინ ბელგიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა. კარს ჟან-მარი პფაფი იცავდა. დაცვაში გამოირჩეოდნენ ერიკ გერეტსი და სტეფან დემოლი, ნახევარდაცვაში ბრწყინავდნენ ფრანკ ვერკოტერენი და ენცო შიფო, შეტევაში კი - “ბრიუგეს” ლეგენდა იან კულემანსი იდგა.

ლობანოვსკის ბელგიელებთან მატჩამდე ყველა ლიდერი გამოუჯანმრთელდა. ჩივაძემაც მოიშუშა ტრავმა. 14 ივნისს ნაკრების ბაზაზე ლეგენდარული სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე მივიდა და ჩივაძეს უთხრა: “მე ველაპარაკე ლობანოვსკის. ის შენ ხვალ გაყენებს”.

დილით ჩივაძეს გუნდის უფროსი ნიკიტა სიმონიანი ელაპარაკა. “ხომ გესმის, მთელი ღამე ვმსჯელობდით. ეს არის პლეი ოფი და არა ჯგუფური ეტაპის მატჩი. იქნებ, დღეს თადარიგში დაჯდე” - ჩივაძე დათანხმდა. არადა, ლობანოვსკის უნდოდა მისი დაყენება...

საბოლოო ჯამში მინდორზე კიევის “დინამოს” 9 ფეხბურთელი გავიდა. ამას დაემატნენ მეკარე რინატ დასაევი და სერგეი ალეინიკოვი. პირველ ნახევარ საათში საბჭოთა კავშირმა მეტოქე საჯარიმოში გამოკეტა. ბობი ჩარლტონმა, დიეგო მარადონას შემდეგ, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად იგორ ბელანოვი დაასახელა. რაოდენ დიდი იყო მისი სიხარული, როცა ბელანოვმა ულამაზესი გოლი შეუგდო პფაფს...

მიუხედავად ტოტალური პრესინგისა, პირველი ტაიმის ბოლომდე ბელგიელებმა გათანაბრება ვერ შეძლეს. მეორე ტაიმში საბჭოთა ნაკრებმა ბოლომდე დაიხია უკან. ვერკოტერენის გადაცემის შემდეგ შიფომ შეაგდო. საბჭოელები ტყუილად შესცქეროდნენ ესპანელ გვერდით მსაჯს და შვედ არბიტრ ერიკ ფრედრიკსონს. თამაშგარე არ დაფიქსირდა.

ზავაროვის გადაცემა და... ბელანოვის გოლი. ტრიბუნებზე წითელი დროშები აფრიალდა. ექვს წუთში კულემანსმა წონასწორობა აღადგინა. თამაში დამატებით დროში გადავიდა. აქ უკვე თავი იჩინა ბელგიელთა დიდებულმა ფიზმომზადებამ. ისინი 3:2 დაწინაურდნენ. ბელანოვმა ზუსტად დაარტყა 11-მეტრიანი და 3:3, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 9 წუთით ადრე საბჭოთა ფეხბურთელებს ძალა აღარ ჰქონდათ...

საბჭოთა კავშირში ბევრმა ვერც კი დაიჯერა ნაკრების მარცხი ბელგიელებთან. ყველა მსაჯებს აბრალებდა წაგებას. “ფრედრიკსონი - ანტიკომუნისტი! მან ჩვენი ნაკრები მოკლა”, - აი, ეს დაწერა პირველ გვერდზე “ფუტბოლ-ჰოკეიმ”.

პრესკონფერენციაზე ლობანოვსკიმ თქვა, რომ ბელგიამ ძალიან კარგად ითამაშა. ამ გუნდმა საბჭოეთს მეოთხედფინალში ესპანეთიც მიაყოლა და მხოლოდ ნახევარფინალში შეძლეს მათი შეჩერება მომავალმა ჩემპიონებმა - არგენტინელებმა.

“ეს ჩემი ცხოვრების მატჩი იყო. მსგავსი არ ყოფილა ჩემს კარიერაში. მატჩამდე საბჭოთა კავშირის ნაკრები მონსტრს ჰგავდა და ჩვენ ჩემოდნების ჩალაგება დავიწყეთ. არ გვჯეროდა, თუ მოგებას შევძლებდით. ეს იყო დიდებული მწვრთნელის დიდებული გუნდი”, - იხსენებდა ამ შეხვედრას კულემანსი.

...ერთი ფრაგმენტი დიდებული მწვრთნელის კარიერიდან, რომელმაც, ოლეგ ბლოხინის თქმით, შეცვალა ფეხბურთი. გასახსენებელი მანამდეც ბევრია და მერეც. თუნდაც ბოლო, დიდებული კიევის “დინამო” ანდრეი შევჩენკოთი...

ვალერი ლობანოვსკი 2002 წლის 13 მაისს 63 წლისა გარდაიცვალა...