2002 წლის NBA-ს დრაფტი, ცქიტიშვილი მე-5 ნომრად... რა მოხდა და რატომ?

2002 წლის NBA-ს დრაფტი, ცქიტიშვილი მე-5 ნომრად... რა მოხდა და რატომ?

არიან სპორტსმენები, რომელთა კარიერასთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა ჩნდება. მაგალითად გიორგი ქინქლაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი... რატომ ვერ იქცა, ქინქი მარადონად, ან ცქიტიშვილი - ნოვიცკიდ? რა დააკლო ერთმა თუ მეორემ? დაუშვეს თუ არა კარიერის გარკვეულ მონაკვეთში შეცდომა კლუბის შერჩევისას?

გიორგი ქინქლაძის მოსაზრებებს არ ვიცნობ, ამიტომ მასზე წერისგან თავს შევიკავებ. ნიკა ცქიტიშვილთან კი ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია და თავადაც კარგად იცის, რატომ ვერ იქცა დირკ ნოვიცკიდ.

2002 წელს, როცა 2015 სმ სიმაღლის ნიკა NBA-ში მოხვდა, ყველა ერთთავად ნოვიცკის ადარებდა, მასსავით მოქნილი, სწრაფი (სიმაღლის კვალობაზე), მობილური და სნაიპერიაო. ცქიტიშვილის "დენვერი" 2002-ში ნოვიცკის "დალასს" რომ დაუპირისპირდა, გერმანელი ქართველს თბილად შეხვდა, თამაში შეუქო და უთხრა - შეგიძლია ამერიკაში ჩემზე არანაკლებ წარმატებული კარიერა გქონდესო...

დღეს, 39 წლის დირკი კვლავ NBA-ს სნაიპერია, ნიკა ამ სეზონში აზიაში, ლიბანში თამაშობდა, ამჟამად კი თბილისშია.

იჩქარა NBA-ში წასვლა?

რა მოხდა, რატომ ვერ მოიკიდა ცქიტომ ფეხი NBA-ში? სადმე ხომ არ მოუვიდა შეცდომა? აი, რა მითხრა ამასწინათ:

- ვიცი, ამერიკაში 2002-ში არ უნდა წავსულიყავი. თინეიჯერულ ასაკში NBA-ს კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შეცდომა იყო. მანამდე ევროპაში სათამაშო დრო ძალიან ცოტა მქონდა, იტალიური "ბენეტონის" შემადგენლობაში ევროლიგაზე ჯამში 40 წუთიც არ მქონდა ნათამაშები. არ უნდა ავჩქარებულიყავი, ევროპაში კიდევ ორი წელი მეთამაშა და NBA-ზე შემდეგ მეფიქრა.

2002 წელი რომ იდგეს, არ წავიდოდა?

ნიკას ვკითხე: დროის დაბრუნების შესაძლებლობა რომ გქონდეს, ამერიკაში 18 წლისა არ წახვიდოდი-მეთქი? კითხვითვე მიპასუხა:

- შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას. ამერიკული გუნდები გპირდებიან, რომ NBA-ს დრაფტზე ტოპ-ხუთეულში აგიყვანენ, რაც გარანტირებულ სამწლიან კონტრაქტს გულისხმობს. ასეთ დროს, არ გაგიჩნდება შეგრძნება, რომ შენ ამას იმსახურებ, რომ შეგიძლია ვარსკვლავებში ვარსკვლავურად ითამაშო? არ შეგემატება თვითრწმენა, თავდაჯერება?

რატომ არ არის წუთები?

"დენვერ ნაგეტსმა" ცქიტიშვილი დრაფტზე მე-5 ნომრად აიყვანა და მოხდა ის, რასაც თორნიკე შენგელიამ დროულად გამოასწრო: მწირწუთიანობას.

- NBA-ს რეგულარულ სეზონში კვირაში 3-4 თამაშია, გუნდები მატჩიდან მატჩამდე შედიან ფორმაში, თუ მოედანზე გასვლა იშვიათად გიწევს, ვერც ფორმაში შეხველ და სათამაშო პრაქტიკაც არ გექნება. ვარჯიშებზე ხომ არავინ იტვირთება, რათა მომდევნო დღის თამაშისთვის საღად იყოს. მთელი სეზონი მხოლოდ ინდივიდუალური წვრთნა ბევრს არაფერს შეგმატებს, - ეს თორნიკე შენგელიას სიტყვებია.

ცქიტიშვილის "დენვერში" გატარებულ პირველ სეზონში საშუალოდ 16.3 წუთს თამაშობდა, მას მერე, ოთხი წლის განმავლობაში მისი წუთობრივი მონაგარი 2.6-დან 7.9-მდე მერყეობდა. არადა, სკიტაზე მოთხოვნილება იყო: "დენვერიდან" "გოლდენ სტეიტმა" გადაიყვანა, შემდეგ იყო "მინესოტა", "ფინიქსი" და 2006 წელს იგი ევროპაში დაბრუნდა.

რას ელოდნენ ევროპელები?

უკვე შუასაკალათბურთო ხნის ცქიტიშვილს ყველაფერის ახლიდან დაწყება მოუწია. თამაშობდა იტალიასა და ესპანეთში, ყველაზე დიდი დრო მადრიდის "ფუენლაბრადაში", "ბარსასა" და "რეალის" წინააღმდეგაც არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა. თუმცა მისგან ესპანელ-იტალიელებიც იმაზე მეტს მოელოდნენ, რასაც აკეთებდა. რატომ? იმიტომ, რომ ცქიტიშვილი NBA-ს დრაფტის მე-5 ნომერი იყო.

ის კი ავიწყდებოდათ, რომ 2002 წლის შემდეგ ოთხი წელიწადი სათამაშო პრაქტიკის ძიებაში გაატარა, რაც ახალგაზრდა კალათბურთელისთვის დიდი შეფერხებაა. მაღალი დონის პროფესიონალად ხომ სწორედ 18-24 წლის ასაკში ყალიბდებიან.

სათამაშო პრაქტიკა კი ისეთი რამაა, თუ ერთი წელი გაგიცდა, მანამდე მაიკლ ჯორდანივითაც რომ გეთამაშა, უამრავი ნიუანსის გახსენება გჭირდება. ყველაზე მთავარი კი ინგლისურად რომ ვთქვათ "კონფიდენსია", რაც ნიკას არაერთხელ უხსენებია. ის სიტყვასიტყვით არ ითარგმნება, თუმცა დაახლოებით თვითრწმენას ნიშნავს.

საკალათბურთო თვითრწმენა კი ასე უნდა განვმარტოთ: მოთამაშე დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში, უნდა სჯეროდეს, რომ ამა თუ იმ მატჩისთვის მაქსიმალურადაა მომზადებული და იმდენად კარგ ფორმაშია, რამდენსაც სტყორცნის იმდენს ჩააგდებს. ასეთი თვითრწმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალათბურთში, რადგან იქ ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- "კონფიდენსი" რამდენადაც კალათბურთელზეა დამოკიდებული, იმდენად მწვრთნელზე - როცა გრძნობ, რომ ერთი გაფუჭებული ტყორცნის შემდეგ მწვრთნელი არ გამოგცვლის, სულ სხვა შემართებით და თავდაჯერებით თამაშობ, - ეს ცქიტიშვილის სიტყვებია.

შეიძლება სიმაღლე კალათბურთელს ხელს უშლიდეს?

მსოფლიოს მასშტაბით სკაუტები ტანმაღალ ბავშვებს ეძებენ, რათა მაღალი დონის კალათბურთელებად გამოზარდონ. 210 სმ-ს გადაცილებული მოთამაშეები გაცილებით ძვირად ფასობენ, ვიდრე ორ მეტრზე დაბლები. იმიტომ, რომ ცოტანი არიან.

ნიკა ცქიტიშვილი 215 სმ სიმაღლისაა. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რატომაც აიყვანეს იგი დრაფტის მე-5 ნომრად. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სიმაღლე გარკვეულწილად ხელისშემშლელ ფაქტორადაც იქცა. ეგ როგორ? - გაიკვირვებს მავანი.

საქმე ისაა, რომ ნიკა ბუნებრივად არ არის დუაით ჰოვარდისებრი ტარანული აღნაგობისა. NBA-ში კი ცენტრის პოზიციებზე ძირითადად ყველა გუნდს ჰყავს მძიმე ცენტრი. შესაძლოა, ცქიტიშვილი მათზე მაღალია, მაგრამ ფიზიკურად ნამდვილად არ არის ისეთი განიერი რომ NBA-ს ცენტრები სამწამიანი ზონიდან გააჩოჩოს (როგორც ამას ზაზა ფაჩულია აკეთებს). ასე რომ, ამერიკაში სკიტას ცენტრობა გამოვრციხოთ.

მძიმე ფორვარდი? დღეს ნიკა გაცილებით ღონიერია, ვიდრე 2002 წელს იყო. მაშინ, მას მეოთხე ნომრის პოზიციაზე თამაშისასაც გაცილებით მძიმე კონკურენტებთან უწევდა ბრძოლა. თან მთლად ახალგაზრდა, გამოუცდელი იყო, არადა, ცენტრზე არანაკლები ჭიდაობა მძიმე ფორვარდებს უწევთ.

ამიტომ, "დენვერის" მწვრთნელი ხშირად ათამაშებდა მსუბუქი თავდამსხმელის პოზიციაზე. შესაძლოა, თქვათ - 215 სმ სიმაღლის მესამე ნომერი, კარგი სამქულიანი ტყორცნით - იდეალური ვარიანტია!

თუმცა არც მთლად იდეალურადაა საქმე. თავად განსაჯეთ: მსუბუქ ფორვარდად მოთამაშე ცქიტიშვილისთვის არაერთხელ დაუვალებიათ კობი ბრაიანტის და მისებრი სწრაფი კალათბურთელების დაჭერა. მარტივი ლოგიკაა - 215 სმ სიმაღლის კაცი თავისზე 10 სმ-ით დაბალზე სწრაფი ვერ იქნება. შესაბამისად, ვერც დაცვისას იქნება ეფექტური.

მაშ რა არის სკიტას ოპტიმალური პოზიცია? ამ შეკითხვას ქვემოთ ვუპასუხებთ. მანამდე მის საქართველოს ნაკრებში თამაშებს გადავავლოთ თვალი.

ეროვნულ გუნდში ხომ ჰქონდა დრო?

საქართველოს ნაკრებში ხომ ჰქონდა საკმარისი სათამაშო დრო? - იკითხავთ. ეროვნულ გუნდში მას 1998-დან 2012 წლამდე სიხარულით იწვევდნენ, თუმცა აქაც იყო დიდი მოლოდინი, რაც სავსე ტრიბუნების წინაშე მოთამაშე ახალგაზრდასთვის უთუოდ ფსიქოლოგიურ ბარიერად იქცეოდა. თუმცა სათამაშო პრაქტიკაზე ბოდიში - წელიწადში ნაკრები 3-4 ოფიციალურ მატჩს ატარებდა, მხოლოდ 2010 წლიდან ავიდა 7-8-მდე. მაგრამ ამხანაგურ-ოფიციალურებიანად მაინც შეიძლებოდა გარკვეული კონდიციების მიღწევა და შესაძლებლობების კარგად გამოვლენა. მაგალითი გაინტერესებთ, კი ბატონო:

2005 წელს, ფინეთში ზაზა ფაჩულიას ერთბაშად 2-3 კალათბურთელი რომ ეჭიდავებოდა, ნიკა ბოლომდე გაიხსნა - 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 23 ქულას გამორჩა. 2011 წლის ევრობასკეტზე მაკედონიის წინააღმდეგ მატჩის წინ მწვრთნელებმა ნიკას უთხრეს - მეტოქის ცენტრი პერო ანტიჩი როგორც ფარქვეშ, ისევე წარმატებით თამაშობს პერიმეტრზე, სწორედ იმ ტიპის მატჩი იქნება, შენს სტილს რომ შეესაბამებაო:

მართლაც, ნიკამ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, რაც საქართველოს ნაკრებში მისი საუკეთესო თამაში გამოდგა. ნიკამ სამქულიანებიც ჰყარა, ბოლო წამებზე ორი საჯარიმოს ტყორცნისას ხელი არ აჰკანკალებია და ანგარიშიც გაათანაბრა - 63:63. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მწვრთნელის სიტყვები "კონფიდენსს" აორმაგებს.

ხასიათი?

ეროვნულ გუნდსა თუ კლუბში ცქიტიშვილის კიდევ არაერთი ეფექტური მატჩის გახსენება შეიძლება, ბევრი ქულამწირისაც, მაგრამ აქ მთავარი ორი რამაა: სკიტას სტილი და ხასიათი. მაკედონიასთან იგრძნო, რომ მასზე თამაშის მოგება იყო დამოკიდებული და ყველაფერი გამოუვიდა. 2011-12 წლების სეზონში ირანის ჩემპიონი გახდა, შეუცვლელი კალათბურთელი იყო, დაახლოებით ისე თამაშობდა, როგორც შემდეგ ლიბანის "შამპვილში":

სამოვერტაიმიან მატჩშიც კი არ ასვენებდნენ, სრული კარტ-ბლანში ჰქონდა და 52 ქულამდეც ადიოდა. "შამპვილში" ცქიტიშვილი "თავისუფალი მხატვარი" იყო, რა ფერში, რომელ წერტილიდანაც მოისურვებდა, იქიდან "ხატავდა" ორქულიანს თუ სამქულიანს. აი, სწორედ ესაა მისი ნატურალური პოზიცია.

შემოქმედ ხალხს ერთი თვისებაც აქვს: თუ ხასიათზე არ არის, შედევრს ვერ შექმნის, ჩარჩოში მოქცევა არ უყვარს და არც შეიძლება. ხასიათზე მწვრთნელმა უნდა მოიყვანოს, პალიტრაც მისცეს, საღებავებიც და ტილოც, მაგრამ რა უნდა ქნას მაშინ, როცა გუნდში ასეთი ნიჭის კიდევ ექვსი-შვიდი შეგირდი ჰყავს? - ფუნჯი და ფუნქციები ყველას გადაუნაწილოს, რაც თავისთავად გულისხმობს ჩარჩოს...

თუმცა ვერც საქართველოს ნაკრებში და ვერც ევროპულ კლუბებში თამაში ერთ კალათბურთელზე ვერ აეწყობოდა. NBA-ში კი ეწყობა, მაგრამ მხოლოდ ლებრონ ჯეიმსზე, კობი ბრაიანტზე...

დაბრუნება

2013 წლის ევრობასკეტის შემდეგ ნიკა ნაკრებში 2017 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დაბრუნდა. გუნდს გაუჭირდა, მწვრთნელს დასჭირდა და თავის დაფასება არ დაუწყია - დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილია, ამჯერადაც ილიას ზუროსის დახაზულ ჩარჩოში მოექცა, რაც მისთვის მიუღებელი სულაც არ აღმოჩნდა. აი, რა მითხრა ავსტრიული თამაშის მოგების შემდეგ:

- იცი, რატომ გავიმარჯვეთ? აქ მე არ არსებობს - აქ ერთი გუნდია. ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, ბოლომდე კარგად უნდა შევასრულოთ, რომ შედეგს მივაღწიოთ.