ზაზას სეზონის სარეკორდო დრო და დომინაცია ფარზე

ზაზას სეზონის სარეკორდო დრო და დომინაცია ფარზე

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა „დეტროიტ პისტონსმა“, რომელმაც საკუთარ დარბაზში „მაიამი ჰიტი“ დაძაბულ შეხვედრაში 98:93 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 14-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მაგრამ მესამე პერიოდი საშინლად ჩაატარეს (12:30) და დასკვნითი მეოთხედის წინ ანგარიშში ჩამორჩნენ. საბოლოოდ, „დეტოიტმა“ მობილიზება მაინც მოახერხა, უკანასკნელი მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარა, თამაშიც მოიგო და პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა.

სასიამოვნოა, რომ ამ გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა მიმდინარე სეზონში მისთვის სარეკორდო დრო გაატარა პარკეტზე - 28:14 წუთი. ხსენებულ დროში ზაზამ მხოლოდ 2 ქულა მიითვალა, მაგრამ სამაგიეროდ, ფარზე ბატონობდა - 9 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.

ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო და სამქულიანები არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ 9 მოხსნიდან 4 შეტევაში მიითვალა. ქართველ ცენტრზე მეტი მოხსნით მატჩი „მაიამიდან“ ჰასან უაითსაიდმა (10 მოხსნა) და „დეტროიტიდან“ ბლეიქ გრიფინმა (11 მოხსნა) დაასრულეს. აი, ჩაჭრებში კი, თანაგუნდელ ხოსე კალდერონთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა (2).

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაზას მიმდინარე წლის დასაწყისში ზედიზედ რვა მატჩი გაუცდა ტრავმის გამო და გამოჯანმრთელების შემდეგ ეს მისი მხოლოდ მეორე თამაში იყო. სხვათა შორის, აღნიშნულ გარემოებას ხაზი „დეტროიტის“ ოფიციალურმა ვებგვერდმაც გაუსვა, რომელიც წერს, რომ ზაზას დიდი ძალისხმევით და დახმარებით „პისტონსმა“ „ჰიტისთან“ კრიტიკული გამარჯვება მოიპოვა.

„დეტროიტს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 44 მატჩის შემდეგ 20 მოგება და 24 წაგება დაუგროვდა. „პისტონსი“ ამ დროისთვის მეცხრე ადგილზეა და სასურველ მერვე პოზიციას ერთადერთი მოგებით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს, სახლში „საკრამენტო კინგსთან“ გამართავს.