ქვეყნის ხელისუფლება დღენიადაგ იმაზე საუბრობს, რომ ტურიზმი განვითარების უმაღლეს საფეხურზეა და ვიზიტორთა ნაკადი მუდმივად მზარდია. არსებობს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებიც, რომელიც ადასტურებს რეკორდულ მაჩვენებლებს ეკონომიკის ამ დარგში.
აქედან გამომდინარე, თითქოს ტურიზმის სფეროში არავითარი პრობლემა არ უნდა არსებობდეს და მხოლოდ წინსვლით უნდა ვიწონებდეთ თავს, თუმცა ეს მთლად ასეც არ ყოფილა. 2019 წლის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ამ კუთხითაც გაჩნდა პრობლემები და ეს პირველ რიგში სასტუმროების ბიზნესს შეეხო. გაირკვა, რომ იანვარ-თებერვალში, თბილისში სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 10%-ითაა შემცირებული.
ამან რასაკვირველია, მყისიერი გავლენა მოახდინა ფასებზეც. როგორც კი მოთხოვნამ იკლო, მაშინვე დაიწყო ტარიფების შემცირება და ახლა დაახლოებით, 15%-ითაა შემცირებული მომსახურების ფასებიც. ამ ინფორმაცია ადასტურებს სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი.
„როგორც სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის, ისე ფასების შემცირების ძირითადი მიზეზია კონკურენცია. ქალაქში განთავსების ბევრი ობიექტი გაიხსნა, ასევე, ძალიან გახშირდა ტურისტებზე ბინების გაქირავების პრაქტიკა, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს სასტუმროებს და შემცირდა ფასები. ჯამში, ვიზიტორების რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ 45%-ითაა გაზრდილი განთავსების ობიექტების რაოდენობაც. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის კარგია და თან, კონკურენცია ხარისხის ზრდასაც უწყობს ხელს“, - აღნიშნა „ბიეთან“ ალავერდაშვილმა.
იგი ტურისტების შემცირების ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას. ამის მიზეზი ღორის გრიპია, რის გამოც პოსტსაბჭოთა სივრციდან ვიზიტორები თავს იკავებენ საქართველოში სტუმრობისგან.
„ყველას ვინც საქართველოში სასტუმროების მაღალ ფასებს აკრიტიკებდა, შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, სასტუმროების ფასები იანვრის მეორე ნახევარში და თებერვალში თითქმის განახევრდა. ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობაც იგივენაირად განახევრებულია. ქვეყანაში იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე თვითონაც და რუსეთმა დიდი სიამოვნებით ხელი შეგვიწყო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან. ირანელები და არაბები გავყარეთ, დიდად სხვა ქვეყნების ტურისტები ამ არასეზონზე ისედაც არ გვწყალობდნენ და ვუყუროთ ახლა ერთმანეთს და სტატისტიკას. იმედია, ეს ზამთარი მალე გაივლის“, - აღნიშნავს ალავერდაშვილი.
ღორის გრიპთან დაკავშირებულ პრობლემებს ადასტურებს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის დამფუძნებელი ქეთი მელაძეც. მისი თქმით, გრიპთან დაკავშირებით სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივ ტურიზმზე. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტურისტების გარკვეულმა რაოდენობამ გააუქმა ჯავშანი. საქართველოს მსგავს ქვეყნებში მცირე ცვლილებებაც კი საგრძნობ გავლენას ახდენს ტურიზმზე.
„ღორის გრიპი ამ სეზონზე იყო ძალიან ცუდი ანტირეკლამა ტელევიზიებში, რომელიც აიტაცეს და ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ჩვენი ქვეყანა არ არის მდგრადი ტურიზმის საფუძვლებზე დამდგარი, შესაბამისად, პატარა ფოთლის შრიალიც კი უკვე იწვევს სერიოზულ კლებას“, - აღნიშნა მელაძემ.