თბილისის მერი თანდათან იწყებს დედაქალქაში წესრიგის დამყარებას. ამჯერად გიგი უგულავამ მიზანში გარე ვაჭრობა ამოიღო და გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაამყაროს წესრიგი ამ მიმართულებით.
სხვათა შორის, ეს თბილისის მუდმივი პრობლემაა და მისი გადაწყვეტის მერამდენე მცდელობაა, უკვე აღარავის ახსოვს.
გიგი უგულავამ გარევაჭრობის პრობლემაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ქუჩაში შეძენილი პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა. ამიტომ უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია.
უგულავას აზრით, გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილები უნდა გამოიყოს, სადაც სანიტარული ნორმები დაცული იქნება. ამასთან, თბილისის მერი ხაზგასმით აცხადებს, რომ არცერთი მოვაჭრე სამსახურის გარეშე არ უნდა დარჩეს.
გარე მოვაჭრეები ახალ ინიცაიტივას შიშით უყურებენ. მათივე თქმით, ახალ ბაზრებში, რომლებიც ბოლო წლებში აშენდა და სადაც კომფორტული გარემოა, ერთი ადგილი ისეთი ძვირი ღირს, რომ მის გადახდას ნამდვილად ვერ შეძლებენ.
- “უგულავამ ეს განცხადება ნიადაგის მონისჯვის გამო გააკეთა. თუ დაინახავს, რომ ამას პროტესტი არ მოჰყვება, მაშინ გარემოვაჭრეების აყრას დაიწყებენ. ჩვენ კი ყველანაირად შევეწინააღმდეგებით, რომ არ მოხდეს გარევაჭრობის აკრძალვა და გარემოვაჭრეების აყრა, მაგრამ თუ პროცესი მაინც დაიწყო, ჩათვალეთ, რომ ამას მოჰყვება საპროტესტო აქციები”, - აცხადებს კონსერვატორი ლაშა ჩხარიტიშვილი.
ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ ფაქტია, რომ გარევაჭრობაში დასაქმებული ადამიანების დიდმა ნაწილმა შემოსავლის წყარო დაკარგოს. ანუ გაჩნდება კიდევ მრავალი უმუშევარი ადამიანი, რომელსაც თავის რჩენის არავითარი საშუალება აღარ ექნება.
არადა, უმუშევართა ახალი ტალღა ამ ზაფხულის განმავლობაში ისედაც ახალი ძალით ზვირთდება. უხეში გათვლებით შემოდგოიმსთვის უმუშევართა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ 40 ათასით გაიზარდოს.
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნაწილს შემცირებები უკვე შეეხო. უახლოეს მომავალში სკოლებიდან 25-30 ათასი პედაგოგის გათავისუფლება იგეგმება. “საქართველოს რკინიგზაში” 5 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩება. გაათავისუფლებენ რამდენიმე სამინისტროსა და დეპარტამენტის თანამშრომლებსაც. მაგალითად, მდგრადმა მინისტრმა ამ ორიოდე დღის წინათ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მთელი შემოდგენლობა სახლში გაისტუმრა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში რეორგანიზაცია უკვე დაიწყო, რასაც ამ უწყებებში დასაქმებული ადამიანების სამსახურის გარეშე დარჩენა მოჰყვება.
საყურადღებოა, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 71% მთავარ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს.
”საქსტატის” მონაცემებით კი უმუშევართა რაოდენობა მხოლოდ 17%-ია.