Weballin.net: გოგა ბითაძე დრაფტზე მე-14 ნომერი იქნება და

Weballin.net: გოგა ბითაძე დრაფტზე მე-14 ნომერი იქნება და "სან ანტონიო" აიყვანს

საკალათბურთო პორტალმა weballin.net-მა სტატია იმ კალათბურთელების შესახებ მოამზადა, რომლებიც, სავარაუდოდ, 2019 წლის NBA-ის დრაფტზე დადგებიან.

მათ შორის მოხვდა "ბუდოჩნოსტის" 19 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, რომელიც დიდი ალბათობით ადრიატიკის ლიგის დასრულების შემდეგ დრაფტზე დადგება.

გამოცემა ქართველ ტალანტს "სან ანტონიო სპურსს" უკავშირებს და მე-14 ნომერს ანიჭებს.

"ყოველთვის დააფასეთ ათლეტური და მაღალი მოთამაშეები. ადრიატიკის ლიგაში ბითაძე შესანიშნავად თამაშობს და გასული წლის შემდეგ სერიოზულად განვითარდა. ის ძალიან მობილური მოთამაშეა და შეუძლია როგორც ბლოკის გაკეთება, ასევე შესანიშნავი სამქულიანი სროლა, ახლა ის 42-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის. გოგა დრაფტზე სავარაუდოდ მე-14 ნომერი იქნება და "სან ანტონიო" აიყვანს, მას შეუძლია ლამარკუს ოლდრაიჯს საკუთარ საყვარელ პოზიციაზე დაბრუნებაში დაეხმაროს" - ვკითხულობთ Weballin.net-ზე.

გოგა ბითაძემ "ბუდოჩნოსტთან" საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა, ის კლუბთან ერთად ევროლიგაზე იასპარეზებს.