ივანიშვილს მივეხმარები, რომ სანახაობა გაცილებით შთამბეჭდავი იყოს, ყველა კარტის გახსნით

ივანიშვილს მივეხმარები, რომ სანახაობა გაცილებით შთამბეჭდავი იყოს, ყველა კარტის გახსნით

ივანიშვილს სანახაობის შექმნაში მივეხმარები, რომ ეს სანახაობა გაცილებით შთამბეჭდავი იყოს, - აცხადებს სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მთავარი პროკურორი, ყოფილის შს მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ყოფილი "სახელმწიფო სახელმწიფოში" ირაკლი ოქრუაშვილი და საქართველოს ფაქტობრივ მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მძიმე პოლიტიკურ გაზაფხულს ჰპირდება.

მან სკანდალური განცხადებები გუშინ, "შაბათის კურიერში" გააკეთა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ შეტევა პროკურატურის და სასამართლოს ხელით ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ოქრუაშვილის დასასჯელად წამოიწყო.

ოქრუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილიდ მისმა პოლიტიკურმა აქტიურობამ, განსაკუთრებით კი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერამ გააღიზიანა.

ოქრუაშვილის განცხადებით, მას შეუთვალეს, რომ თუ ჩუმად არ იქნება, შესაძლოა, დააკავონ. პროკურატურა ემზადება, რომ მას 14 წლის წინანდელი საქმე გაუხსენოს. 14 წლის წინ ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როდესაც პატრულის მიერ 19 წლის ბუტა რობაქიძის ლიკვიდაცია მოხდა.

"ამ საქმეში ჩემს წინააღმდეგ არაფერი არ არსებობს. დღეს ერთი პიროვნების გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. ის განმკარგავია თვითოეული ადამიანის ბედ-იღბალზე. მე მას ვპირდები, რომ არ გავჩუმდები, რადგან არ მინდა, ჩემმა შვილებმა ივანიშვილის სახანოში იცხოვრონ. ასეთი ენით ჩემს წინააღმდეგ ლაპარაკი არავის გასვლია. ან დადონ რამე ჩემს წინააღმდეგ, ან მოეშვან ამ ადამიანების ქვევრებად გამოყენებას, რომ რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებენ. მე არსად წასვლას არ ვაპირებ. დამიძახონ და მკითხონ, რაც აინტერესებთ. ყველაფერზე პასუხს მიიღებენ ჩემგან", -  ცხადებს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი იმაზეც საუბრობს, თუ რატომ გაუნაწყენდა მას ივანიშვილი.

"ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა, როცა მე მას პაიკი ვუწოდე მარიხუანას კულტივირების თემასთან დაკავშირებით. მას არ მოეწონა, როდესაც მავნებელი ვუწოდე; არ  მოეწონა, როდესაც განგრენის იარლიყი მივაკერე სალომე ზურაბიშვილს და ეს მას ძალიან ძვირად დაუჯდა არჩევნებზე; არ მოეწონა, რომ მის მხარეს არ ვიდექი არჩევნებზე. ის უნდა შეეგუოს ერთ რამეს - ეს არის თავისუფალი ადამიანებისგან შექმნილი ქვეყანა. მის ხატის შექმნას ქვეყანაში, არავინ აპირებს. თუ მას არ აქვს საშუალება, რომ ხალხს პური დაურიგოს და უნდა ამ საქმიდან სანახაობა შექმნას, მე მას ამ სანახაობის შექნაში მივეხმარები, ოღონდ სანახაობა იქნება გაცილებით შთამბეჭდავი. სანახაობა იქნება ყველა კარტის გახსნით", - აცხადებს ოქრუაშვილი.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილს მძიმე პოლიტიკურ გაზაფხულს  ჰპირდება და აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი აქტიური ლიდერი თავად იქნება. მისი თქმით,  მოლაპარაკება ოპოზიციასთან უკვე დაწყებულია.

ჩვენ მას წავიყვანთ პროკურატურაში - ამბობს თავდაცვის ექს-მინისტრი ბიძინა ივანიშვილზე.