დღეს საქართველოს ისე სჭირდება ერთსულოვნება, როგორც არასდროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც მთავარი ნაძვის ხე აანთეს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2019 წელი იქნება გაცილებით უკეთესი და მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
„მადლობა კახის, რომ 2019 წელს თბილისი ხვდება ასე ლამაზად. 2018 წელი არ ყოფილა ნამდვილად იოლი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ისევ რთულ პირობებში ცხოვრობს. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ერთად დგომით, დიდი სიყვარულით, დიდი მოტივაციით და რაც მთავარია, ერთსულოვნებით, ყველა პრობლემას გადავჭრით.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ 2018 წელს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო და მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთსულოვნებით ჩვენ ბევრს მივაღწევთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს. ყველას გისურვებთ მშვიდობას, ერთსულოვნებას, ბედნიერებას, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობასა და წინსვლას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.