ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ადანაშაულებდა ღალატში, რუსეთის ფედერაციასთან გარკვეულ გარიგებაში, ამ დროს კი დავინახეთ, რომ მათი პოლიტიკური სახე და ერთ-ერთი წამყვანი ე.წ პოლიტიკოსი მოსკოვში ჩადის და ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების წინაშე სცენაზე გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსული რბილი ძალის მეთოდია, მეტოქეს დააბრალო ის, რაც შენ ჩაიდინე და სწორედ ამის ნათელი დადასტურება იყო წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ მიმართული ე. წ ფეიკნიუსების ტალღა.
„ეს პროპაგანდა, რომ მხოლოდ საარჩევნო კამპანიაში არსებული კონტექსტებიდან გამომდინარე ყოფილიყო, ესეც მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ განსკუთრებით მიუღებელია, რომ ეს საბჭოთა და რუსული პროპაგანდისტული მანქანა ცდილობდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ჩვენი ეროვნული ინტერესები.
გვახსოვს გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მთავრობა აშშ-თან ძალიან წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ოკუპანტი ქვეყნისთვის იარაღის მიყიდვას აპირებდა, თითქოს საქართველოსთვის აპირებენ, შეაჩერონ ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზარალებას. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა ქვეყნისთვის საზიანო პროცესში მიიღო მონაწილეობა. მე არ ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაუშვებელია. პოლიტიკა იმისთვის არის, რომ უნდა იყოს აზრების ჭიდილი და კონკურენცია, მაგრამ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას. ჩვენ ვიხილეთ ყველაზე ბინძური მეთოდები, მათ შორის შეეხნენ ყველაზე ფაქიზ ინსტიტუტს – ქართულ ჯარს. მასზე ფასეული ხომ ქვეყანაში არაფერია. ჩვენ ვხედავდით, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობდა პოლიტიკურ პროცესში მათ შემოყვანას. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი და მე არ მიყვარს რადიკალური შეფასებები, თუმცა, თუ რამეს შეიძლება ღალატი ეწოდოს, ღალატი სწორედ ეს არის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.