ავსტრალიური მას-მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ პოპულარული მსახიობი ჰიუ ჯეკმენი საფრთხეში აღმოჩნდა.
ქალაქ სიდნეიში ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ოფრა უინფრის მორიგი გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა. ჰიუ ჯეკმენი ოპერის თეატრის სახურავიდან სპეციალური ტროსით უნდა „ჩამოფრენილიყო“.
სამწუხაროდ მოწვეული კასკადიორი არ გამოჩნდა და მსახიობს რთული მისიის შესრულება თავად მოუწია.
ჰიუ ჯეკმენმა ამოცანას თავი კარგად გაართვა, მაგრამ დაშვებისას ერთ-ერთი სოფიტი ფეხით დაამსხვრია და ნამტვრევები პირდაპირ სახეში მოხვდა.
საშველად პირველმა ოფრამ მიირბინა, მალე ექიმებიც გამოჩნდნენ. გადაღება შეჩერდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ჯეკმენი სცენაზე მაინც გავიდა და იქ დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.