როგორ ჩავიდა გიორგი ჩაკვეტაძე ბარსელონაში კრიშტიანო რონალდოს მაისურით...

როგორ ჩავიდა გიორგი ჩაკვეტაძე ბარსელონაში კრიშტიანო რონალდოს მაისურით...

ბელგიურმა HLN.BE-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა გიორგი ჩაკვეტაძეს. ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელს ოჯახში ეწვია და მის მშობლებსაც გაეცნო. წერილი ძალიან საინტერესოა და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. რა თქმა უნდა, ის ჩვენი მკითხველისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება...

"შეიძლება ითქვას, ქართული სტუმართმოყვარეობა უსაზღვროა. გიორგი ჩაკვეტაძის დედამ, მთვარისა რუხაძემ, ჩვენი სტუმრობის ბოლოს ქართული კერძები გაგვასინჯა, მამამ კი, მერაბ ჩაკვეტაძემ, მადლობა გადაგვიხადა იმ ინტერესის გამო, რომელიც ჩვენ მისი შვილის მიმართ გამოვიჩინეთ. ოჯახში იდეალური გარემოა შექმნილი. იქ სიმშვიდე სუფევს.

"ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. მამა აქაა. დედა მესამედაა ბელგიაში. როცა დედა აქაა, ჩემი საქმე ძალიან ადვილდება, რადგან ის შესანიშნავ კერძებს ამზადებს. მშობლებს უკვე ვაჩვენე ქალაქი. ისინი აქ 20 დეკემბრამდე ჩერდებიან", - ამბობს ქართული ფეხბურთის იმედი.

"შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი ლამაზია და მორჩა. კლუბი ძალიან კარგია. დავესწარი "ეუპენთან" მატჩს და შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი სტადიონია", - ეს უკვე მერაბ ჩაკვეტაძის სიტყვებია.

გიორგის მშობლები შვილისადმი დიდი რწმენით არიან აღვსილები. "როცა პატარა იყო, თავიდანვე ეტყობოდა, რომ მხოლოდ ფეხბურთელობა უნდოდა. ვიცოდით, რომ მოვიდოდა დრო, როცა მას მოუწევდა თბილისის "დინამოს" დატოვება. მისი წაყვანა თავიდანვე უნდოდა "ბაიერნს", მაგრამ როჟერ ენროტმა და ლაშა ჯაკობიამ დაგვარწმუნეს, რომ ამ ეტაპზე "გენტი" გიორგისთვის იდეალური ვარიანტი იყო", - ამბობს გიორგის დედა.

გიორგის მამას, მერაბს, ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა ფეხბურთი. მერე დაიწყო ომი რუსეთთან, რომელმაც მერაბის კარგი მოგონებები გაანადგურა.

"თავიდან ჩოგბურთს ვთამაშობდი. მერე დაიწყო ომი, რომელიც ზუსტად 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. ორჯერ დავიჭერი - ფეხში და მუცელში. მერე თბილისში მოგვიხდა გახიზვნა, თუმცა ფეხბურთის სიყვარული არც იქ გამნელებია. ამ დროისთვის თბილისის "დინამოში" ვმუშაობ", - ამბობს მერაბ ჩაკვეტაძე.

"ფეხბურთის სიყვარული გიორგის თავიდანვე შთაუნერგა მამამ. ჯერ კიდევ 4 წლისა ბურთთან ერთად იძინებდა. მერე ეზოში ჩასვლა და თამაში დაიწყო. მერე ჩვენთან მეზობელი მოვიდა და გვითხრა, რომ ბიჭი უსათუოდ რომელიმე გუნდში უნდა მიგვეყვანა. თან ის ფსონებს იღებდა იმაზე, თუ რამდენჯერ აკენწლიდა გიორგი ბურთს. თუ სამასის აკენწვლას ეტყოდნენ, გიორგი ოთხასამდე ადიოდა. მერე ჩვენ გიორგი მივიყვანეთ "ნორჩ დინამოელში", სადაც მწვრთნელმა გვითხრა, რომ ნამდვილი მესია, მაგრამ თავად გიორგის არ უნდოდა ყოფილიყო მესი. ის რონალდოს გულშემატკივრობდა", - იხსენებს მთვარისა რუხაძე.

11 წლის იყო გიორგი, როცა სინჯებზე წავიდა "ბარსელონაში". ფეხბურთელის დედამ ეს მომენტიც გაიხსენა: "სამი კვირით იყო ესპანეთში. ბარსელონაში რონალდოს ფორმით ჩავიდა. 10 დღის მერე ის თბილისში დაბრუნდა, რადგან ტრავმა მიიღო და წვრთნის გაგრძელება ვეღარ შეძლო".

ჩაკვეტაძისათვის კრიშტიანო საფეხბურთო მაგალითია. "გასული წლის ზაფხულამდე კომპიუტერულ თამაშებში ყოველთვის მადრიდის "რეალს" ვირჩევდი", - ამბობს ის.

დაიწერა, რომ ანდორასა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრას "ბარსელონას" სკაუტები დაესწრნენ და ჩაკვეტაძის თამაშს დააკვირდნენ. "ცხადია, მე არ ვიცოდი, თუ ინტერესი ასეთი რეალური იყო. თუ "ბარსელონას" მართლაც უნდა ჩემი შეძენა, მაშინ მეც მზად ვარ, მესის ქომაგი გავხდე", - ამბობს გიორგი.

საქართველოში დღეს ჩაკვეტაძე სუპერვარსკვლავია. საქართველომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოიგო და ამაში ჩაკვეტაძემ 4 გოლით დიდი წვლილი შეიტანა. ბოლო ტურში, ყაზახეთთან მნიშვნელოვან თამაშში, მან ისევ გაიტანა. როცა გიორგი შეცვალეს, მთელი "დინამო არენა" წამოდგა და ფეხბურთელს ტაში დაუკრა.

"როცა საქმე ეხება შვილს, ადამიანს ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. იმ მომენტში მე ძალიან ვიტირე. ეს მაშინ მოხდა, როცა გიორგი შეცვალეს და მთელი "დინამო არენა" ტაშს უკრავდა. დღეს ის საქართველოს გმირია, მაგრამ რჩება მოკრძალებულ ადამიანად, რადგან ასე გაიზარდა. გიორგი უსათუოდ უნდა დარჩეს მოკრძალებულ ადამიანად, რადგან ეს მისი ცხოვრების წესია. მან ძალიან ბევრი უნდა იშრომოს. მე ამაყი ვარ მისით", - ამბობს ქალბატონი მთავარისა.

"ახლა ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ გიორგის აქვს სათამაშო პრაქტიკა. მან მხოლოდ "გენტის" თამაშებზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება, არ უნდა იფიქროს "ბარსელონას" ან რომელიმე სხვა გუნდის დაინტერესებაზე", - ამბობს მერაბ ჩაკვეტაძე.

"რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა არის ისეთი კლუბის ინტერესი, როგორიც "ბარსელონაა". დღეს ჩემთვის მთავარი ისაა, რომ "გენტისთვის" ვთამაშობ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ველოდები საახალწლო არდადეგებს. ცოტა დავიღალე კიდეც, მაგრამ ახლა მთავარია ის ოთხი შეხვედრა, რომელიც შესვენებამდე დაგვრჩა", - ამთავრებს გიორგი ინტერვიუს.