ჩაკვეტაძის მამა:

ჩაკვეტაძის მამა: "ბარსელონა" და სხვა გრანდები ჯერ ადრეა"

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ წევრ გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიაში მშობლებმა ჩააკითხეს. ამ ფაქტით, ბელგიურმა გამოცემა Hin.be-მ ისარგებლა და ჩაკვეტაძეებთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლისგანაც ამონარდის გთავაზობთ.

გიორგის მამა, მერაბ ჩაკვეტაძე გამოცემასთან ამბობს, ახლა მისი შვილისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა და დიდ გუნდებზე ფიქრი ადრეა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ მუდმივად თამაშობს. ეს არის ის, რაც სჭირდება და რაზეც ფოკუსირება უნდა მოახდინოს. დანარჩენი გამოჩნდება. ჯერ არაა „ბარსელონაზე“ ან სხვა დიდ გუნდებზე ფიქრის დრო. როდესაც 8 წლის იყო, მწვრთნელი მეუბნება: „ის პატარა მესია“. თუმცა, გიორგის არ უნდოდა მესი ყოფილიყო, კრიშტიანუ რონალდუზე იყო გაგიჟებული“, - თქვა მერაბ ჩაკვეტაძემ.

მამას ეთანხმება გიორგიც: „ეს ინტერესი სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამჟამად „გენტის“ ფეხბურთელი ვარ, დანარჩენს კი ვნახავთ“.

აქვე გეტყვით, რომ "გენტმა" ბელგიის იუპილერ ლიგის მორიგ ტურში "შარლერუასთან" 0:2 წააგო, ხოლო ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა.