"თუ ადამიანები არ გაითავისებენ, რისთვის არიან პარლამენტში, არანაირი კანონის გამკაცრება არ უშველის"- ასე ეხმაურება რეჟისორი გოგი თორაძე პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება, როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენებს.
ცნობისთვის, პარლამანეტის თავმჯდომარემ ირაკლი კობაძიძემ უკვე დაანონსა, რომ მიღებული იქნება ახალი რეგლამენტი, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება. 16 დეკემბრიდან კი ამოქმედდება "ეთიკის კოდექსი".
"როდესაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გირჩევს შენი ქვეყნის მოსახლეობა, კეთილი უნდა ინებო და ემსახურო სამშობლოს და შენს ხალხს. პარლამენტარობა მარტო თავის აწევა, ტელეფონის გამორთვა და სამსართულიანი სახლის აშენება არ არის.
"არადა არიან მეცნიერები, კულტურის მუშაკები და სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც 24 საათი კაპიკებზე მუშაობენ, რათა სარგებელი მოუტანონ ქვეყანას.
"ჩემი პროფესიით მეც მათ შორის ვარ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არის, როცა ფესტივალებში ვიღებ მონაწილეობას, რომ სახელი გავუთქვა ჩემს სამშობლოს.
"პარლამენტში კი დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის შრომის ნაყოფიერება ნულის ტოლია. რას ვხედავთ, ნახევარზე მეტი სხდომებს არ ესწრება, არის ერთმანეთის შეურაცხყოფა, ჩვენ კი იძულებული ვართ ამ ცირკს ვუყუროთ, თანაც 2020 წლამდე.
"ვიდრე პარლამენტარები არ გაითავისებენ, რისთვის არიან პარლამენტში, არანაირი კანონის გამკაცრება არ უშველის. მიიღე სანქციები და იყავი, მერე რა?" - განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.