ფასდაუდებელი ხელნაწერები “ნინიას ბაღში“

ფასდაუდებელი ხელნაწერები “ნინიას ბაღში“

ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი, ქართველი ერისთვის ფასდაუდებელი და ამავდროულად, მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები ჩვენს ქვეყანაში როგორაა მოვლილ-ნაპატრონები, ამას ერთი კონკრეტული ხელნაწერის, თამარ მეფისდროინდელი წყაროსთავის ოთხთავის მაგალითზე გიამბობთ, რომლის ყდა ბექა ოპიზარის მიერაა მოჭედილი.

ხელნაწერი დაშლილია - ყდა ფურცლების შენაკრავს მოცილებულია; ხელნაწერი ერთი ქალაქიდან მეორეში დაზღვევის გარეშე გადააქვთ; ხელნაწერს არ აქვს პასპორტი - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს წყაროსთავის ოთხთავის შესახებ მხოლოდ ორ ფარატინა ფურცელზე დაწერილი ზოგადი ხასიათის ინფორმაცია გააჩნია; ამ ფურცლებს, არც რეგისტრაციის ნომერი აქვს და არც ბეჭედი არტყია; ასევე რეგისტრაციაში გაუტარებელი და დაუნომრავია ის ერთი ფურცელი, რომელიც დასკვნად შემოგვასაღეს და რომელზე დაყრდნობითაც დაშლილი წყაროსთავის ოთხთავი ახალციხეში გადაიტანეს. ამ და სხვა დეტალებზე უფრო დაწვრილებით ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ჩვენს მიერ ამ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეფუძნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მიღებულ პასუხებს for.ge-ს კითხვებზე და ასევე, ჩვენს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტების ასლებს.

შეგახსენებთ, რომ დაშლილი წყაროსთავის ოთხთავი 7 აგვისტოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან ახალციხის ახლადრეაბილიტირებულ მუზეუმში ქურდულად გაიტანეს. ხელნაწერის გადატანის შესახებ ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მხოლოდ მას შემდეგ დაიდო, რაც for.ge-ზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ბუბა კუდავასთან.

კითხვები, რომლითაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მივმართეთ და დოკუმენტების ასლები, რომლებიც გამოვითხოვეთ, სწორედ 9 აგვისტოს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი განცხადებიდან (http://manuscript.ge/index.php?m=83&newsid=1056)  გამომდინარეობს.

მას ასე, ჩვენს მიერ გაგზავნილი კითხვები და მიღებული პასუხები ასეთი გახლავთ:

გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან როდის, რის საფუძველზე, რა ვადით და რა მიზნით წაიღეთ ახალციხეში წყაროსთავის ოთხთავი (XII-XIII სს.)? ასევე გთხოვთ, გადმოგცეთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

გთხოვთ, გადმოგცეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორების მიერ დაწერილი დასკვნის ასლი, რომლის მიხედვით წყაროსთავის ოთხთავის ტრანსპონირება და ექსპონირება ახალციხის ახლადრეაბილიტირებულ მუზეუმში დასაშვები გახდა.

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ამ ორ კითხვაზე დოკუმენტების ასლებით გვიპასუხა, საიდანაც ირკვევა, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ბუბა კუდავას 6 აგვისტოს წერილობით მიმართა. იმავე დღეს გაფორმდა ოთხგვერდიანი ხელშეკრულება N1, ექსპონატების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, რომელსაც ხელს ლორთქიფანიძე და კუდავა აწერენ. ამ ხელშეკრულების მიხედვით, წყაროსთავის ოთხთავი ახალციხის მუზეუმში გამოფენილი შეიძლება იყოს 2013 წლის 1 იანვრამდე.

“შთამბეჭდავია“ ის დასკვნა, რომელიც 6 აგვისტოთია დათარიღებული და რომლის საფუძველზეც წყაროსთავის ოთხთავი ახალციხეში გაიტანეს. ეს არის თაბახის ერთ გვერდზე დაბეჭდილი ოთხბწკარიანი ტექსტი, რომელსაც ხელს აწერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის რესტავრატორი თამარ დვალიშვილი. ამ “დასკვნას“, არც ბეჭედი აქვს, არც რეგისტრაციის ნომერი და მასში წყაროსთავის ოთხთავზე სულ თერთმეტი სიტყვა წერია. 

ამ ე.წ. დასკვნითაც დასტურდება, რომ წყაროსთავის ოთხთავი ახალციხეში გადატანისას დაშლილი იყო:

“ეტრატი. 277ფ. მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ყდა. ყდა მოცილებულია ხელნაწერს. საგამოფენოდ დასაშვებია“.

ჩვენი შემდეგი კითხვა ასეთი გახლდათ - გთხოვთ, დააკონკრეტოთ ვინ და როდის (რომელ წელს, თვესა და რიცხვში) ჩაუტარა “გამაგრებითი სამუშაოები“ წყაროსთავის ოთხთავს? და ასევე გთხოვთ, გადმომცეთ წყაროსთავის ოთხთავის სარესტავრაციო აღწერილობის ასლი და სარესტავრაციო სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა. 9 აგვისტოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “XX საუკუნის დასასრულს წყაროსთავის ოთხთავს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები“.

ამ კითხვაზე ბუბა კუდავამ წერილობითი პასუხიც გაგვცა და მას კიდევ ერთი გამაოგნებელი “დოკუმენტის“ ასლი მოაყოლა:

“წყაროსთავის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (იმჟამინდელი ხელნაწერთა ინსტიტუტის) მხატვარ-რესტავრატორმა ლია სიხარულიძემ. 2006 წელს ქ-ნი ლია ხელნაწერებთან უდიერი მოპყრობის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. სამწუხაროდ, გათავისუფლების შემდეგ მას ჩვენთვის არც ოფიციალური და არც არაოფიციალური გზით არ დაუტოვებია დაწესებულებაში მის მიერ წარმოებული არც ერთი სარესტავრაციო პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია (პასპორტი, აღწერილობა, ფოტომასალა...). შესაბამისად, წყაროსთავის ოთხთავზე მის მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ დღეისათვის ხელთ გვაქვს მხოლოდ ჩვენი თანამშრომლის - ლამარა ქაჯაიას მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული წერილი მან ზეპირ ხსოვნაზე დაყრდნობით, 4 წლის წინ, ჩვენი თხოვნით დაწერა (სარესტავრაციო პროცესის დროს იგი ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის დაცვა-აღრიცხვისა და ექსპოზიციის განყოფილებას). გიგზავნით აღნიშნულ მოხსენებით ბარათს“.

გვერდნახევრიანი მოხსენებითი ბარათი 2008 წლის 9 ოქტომბრითაა დათარიღებული. მას არც ბეჭედი აქვს, არც რეგისტრაციის ნომერი. პირველ გვერდზე ხელნაწერის მნიშვნელობაზეა საუბარი. ერთი ვრცელი აბზაცი აქვს დათმობილი  რესტავრაციის დაწყების პროცესს, მაგრამ მასში არ წერია ეს როდის მოხდა. ამ მოხსენებითი ბარათითაც დასტურდება, რომ წყაროსთავის სახარება დაშლილია.

წყაროსთავის ოთხთავის მდგომარეობის ირგვლივ კომენტარი ძვირფას ხელნაწერთა რესტავრატორ ლია სიხარულიძეს ვთხოვეთ.

“სხვადასხვა ხელნაწერებზე მუშაობის პარალელურად წყაროსთავის ოთხთავი საცავიდან დროდადრო გამომქონდა. მას რესტავრაციისთვის ვამზადებდი. წყაროსთავის ოთხთავის პასპორტი თვალით არ მინახავს; არსებობს თუ არა, ესეც არ ვიცი. წყაროსთავის ოთხთავის წინა სარესტავრაციო მომზადება 2005 წლის 7 სექტემბერს დავიწყე. ყოველი გამოტანის შემდეგ, ხელნაწერს დღის ბოლოს საცავს ვუბრუნებდი. სარესტავრაციოდ მომზადება ითვალისწინებს: ყდის წინასარესტავრაციო აღწერილობას, ზომების აღებას, ფოტოების გადაღებას, კაპტალის დაგრეხას ზომების მიხედვით და ასე შემდეგ.

ყდაზე დაკრული იყო კრაფტის ქაღალდი (წარსულში სარესტავრაციოდ იყენებდნენ, მაგრამ დადგინდა, რომ სარესტავრაციოდ უვარგისია), რომელიც მოვაცილე. ყდაზე ხე ჭიანაჭამი იყო, რაც გავასუფთავე და ამოვავსე“, - ამბობს ლია სიხარულიძე.

ჩვენს კითხვაზე - რა მდგომარეობაში დატოვეთ წყაროსთავის ოთხთავი, ლია სიხარულიძე პასუხობს:

“საყოველთაოდ აღიარებული წესის თანახმად, რესტავრაციის დაწყებამდე ხელნაწერს ფოტოები უნდა გადაუღო და მეც ასე მოვიქეცი. ხელნაწერის ყდა, რომ ძლიერ დაზიანებული, ჭიანაჭამია და აღდგენა-რესტავრაციას თხოულობს, ეს ფოტოებიდანაც აშკარად ჩანს. ყდა შეკრულ ფურცლებს მოცილებული იყო“.

for.ge შემდეგი კითხვები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი, ასეთი შინაარსისაა -  გთხოვთ, გვაცნობოთ კონკრეტულად ვინ იყვნენ ის მოწვეული ექსპერტები,  რომლებმაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად (2007-2008 წლებში) განიხილეს წყაროსთავის ოთხთავის ლონდონში გატანის საკითხი და ასევე გთხოვთ, გვაცნობოთ რის საფუძველზე მოიწვიეთ ისინი (მოწვეული ექსპერტები)? გთხოვთ, გადმოგვცეთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გთხოვთ, გადმოგვცეთ სპეციალისტების (ექსპერტების, რესტავრატორების) მიერ ხელმოწერილი იმ დოკუმენტის (გნებავთ, დასკვნის) ასლი, რომლითაც გადაწყდა, რომ 2008 წელს წყაროსთავის ოთხთავის ტრანსპორტირება ლონდონში აღარ მოხდებოდა;

9 აგვისტოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “2007 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ლონდონის გამოფენაზე წყაროსთავის ოთხთავის ექსპონირების შემოთავაზება მიიღო. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა რესტავრატორისა და მოწვეული ექსპერტების უმრავლესობის აზრით, ოთხთავის ტრანსპორტირება და ექსპონირება უარყოფითად არ იმოქმედებდა მის მდგომარეობაზე. თუმცა, რამდენიმე მოწვეულმა ექსპერტმა გამოთქვა შიში ოთხთავის ასეთ შორეულ მანძილზე მრავალსაათიანი ტრანსპორტირების გამო. ამ ფაქტს ისიც ართულებდა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ვერ შეძლებდნენ გამოფენაზე ხელნაწერის მდგომარეობის მონიტორინგს. სწორედ მოწვეულ ექსპერტთა უმცირესობის აზრს გაეწია ანგარიში და ოთხთავი ადგილზე დარჩა“.

ეს არის ბუბა კუდავას ვერსია, რომელიც გარკვეული დოკუმენტითაა გამყარებული. ესაა 2008 წლის 13 ოქტომბრით დათარიღებული ბრძანება N3/211-ის ასლი, რომელსაც ხელს აწერს კულტურის იმჟამინდელი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი. ესაა ბრძანება, რომელში ჩამოთვლილ პირებსაც უნდა შეესწავლათ წყაროსთავის ოთხთავის მდგომარეობა. ამ ბრძანების გამოცემის შემდეგ კომისიამ რა დასკვნა დადო ბუბა კუდავამ იმის გამო ვერ მოგვაწოდა, რომ კომისია თურმე კულტურის სამინისტროს მიერ იყო შექმნილი და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამ კომისიის დასკვნის ასლი არ ინახება.

საინტერესო ისაა, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი დოკუმენტი (და არა ასლი!), რომელიც 2008 წლის 7 ოქტომბრითაა დათარიღებული. ამ ბრძანების ნომერია  N3/207. მასში წერია, რომ ბათილად იქნეს ცნობილი ის ბრძანება, რომლის მიხედვითაც წყაროსთავის ოთხთავი საქართველოდან დიდ ბრიტანეთში უნდა გაეტანათ.

გამოდის რომ, მაშინდელმა მინისტრმა ჯერ საქართველოდან არგატანის შესახებ გამოსცა ბრძანება და წყაროსთავის სახარების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია ექვსი დღის შემდეგ შექმნა. საინტერესოა, რაში დასჭირდა კულტურის იმჟამინდელ მინისტრს დასრულებული საქმის შემდეგ ბრძანების გამოცემა კომისიის შექმნის შესახებ?!

ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი წყაროსთავის ოთხთავის საქართველოდან ინგლისში გატანა რეალურად პატრიარქის უშუალო ჩარევის შედეგად შეჩერდა.