გამომზეურებული წამების მოტივი არის პირდაპირი პასუხი იმაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე და ვინაა პასუხისმგებელი. წამების ამსახველ მასალაში პირდაპირ ვლინდება ის, რომ ციხის მოხელეები ამ ქმედებებს რაიმე პირადი ინტერესის თუ სადისტური ჟინის დაკმაყოფილების მიზნით კი არ ანხორიცელებენ, არამედ ხელისუფალის დაკვეთით, კრიმინალის დათრგუნვის მიზნით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზედამხედველთა აღნიშნული ქმედება განპირობებულია მმართველი ძალის პოლიტიკური ნებით და მოთხოვნით და იგი ვერ გასაღდება თვითშემოქმედებად.
ხელისუფლების საამაყო „ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა“ მიიღწეოდა სწორედ ამ გზით. ამას მოითხოვდა პრეზიდენტი გაცხადებულადაც - გაცხარებული ნულოვანი ტოლერანტობით. ამას მხარს უჭერდა და საქმის კურსში იყო ნაციონალური პარტია. შესაბამისად, ეს ჯერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და შემდგომ სისხლის სამართლებრივი.
იმავდროულად, უსაფრთხოების ილუზიის შექმნის მაცდუნებელ გრძნობას აყოლილი საზოგადოების ნაწილი მდუმარედ ეთანხმებოდა აღნიშნულ „ნულოვან ტოლერანტობას“, მიუხედავად იმისა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხვდებოდა, რომ „ნულოვან ტოლერანტობაში“ მსგავსი წამებაც მოიაზრებოდა ციხეებში. მაგრამ შოკისმომგვრელ ვიზუალიზაციამ აღარავის დაუტოვა შესაძლებლობა თვალი აარიდოს სხვის, თუნდაც კრიმინალის, კონკრეტული ადამიანის ტანჯვას, საკუთარი ილუზორული უსაფრთხოების სანაცვლოდ. ამ სისასტიკის პროეცირების სხივმა ყველას თვალი მოსჭრა, თუმცა, ჯერ არ არის ცხადი რა კვალს დატოვებს იგი ჩვენში. მამარდაშვილისებრად თუ ვიტყვით, ეს არის მომენტი/გარემო, როდესაც ჩვენ ღმერთმა მოგვცა შანსი ვიაზროვნოთ. ქრისტიანი ასეთ მომეტში უნდა გრძნობდეს ქრისტეს სიახლოვეს. სისასტიკის პროეცირების სხივმა სულ რამდენიმე ხნით გარემო გაგვინათა და გამოაჩინა გზათა კონტურები. ამის მერე ჩვენ ვეღარ ვიტყვით და თავს ვეღარ ვიმართლებთ, რომ ბნელოდა, რომ არ ვიცოდით რა გზას ვადექით.