ბერლინი – ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს ტელევიზიით 2012 წლის 18 სექტემბერს გადაიცა, აღწერს სექსუალურ და სხვა სახის ძალადობას პატიმრებზე ცნობილ ქართულ ციხეში, რაც სისხლის სამართლის გამოძიების მიზეზი უნდა გახდეს, განაცხადა დღეს Human Rights Watch-მა. საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს სწრაფი, ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება ძალადობის ამ ფაქტებთან დაკავშირებით, დააკავოს ისინი, ვინც უნდა აგოს პასუხი და უზრუნველყოს მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა.
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი დაითხოვეს ძალადობის გამო და დაპატიმრებულია რამდენიმე სხვა ჩინოვნიკი. ისეთი კრიმინალური ხასიათის ქმედებანი, როგორიცაა სექსუალური ძალადობა უნდა გახდეს სისხლის სამართლის დევნის საგანი და არ უნდა შემოიფარგლოს უბრალოდ ადმინისტრაციული სანქციებით, განაცხადა Human Rights Watch-მა.
„ძალადობა, რომელიც ასახულია ამ ჩანაწერში ძალიან შემაშფოთებელია,“ განაცხადა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მკვლევარმა. „ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სრული პასუხისგება, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისგება ამ ძალადობისთვის და მიიღოს ზომები ამგვარი ფაქტების განმეორების აღსაკვეთად.“
Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ, ვინც ეჭვმიტანილია იმაში, რომ მონაწილეობდა ამ ძალადობაში, უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.
18 სექტემბერს შინაგან საქმეთ სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაიწყო გამოძიება გლდანის #8 საპატიმროში „პენიტენციური დეპარტამენტის გარკვეულ თანამშრომელთა მიერ“ პატიმრების უფლებების შელახვის გამო. განცხადებას თან ახლდა ბმული, სადაც ასახული იყო ციხის ადმინისტრაციის ფიზიკური თავდასხმა პატიმრებზე.
იმ საღამოს თოქ-შოუში ტელეკომპანია „მაესტრომ“ გადასცა სხვა ვიდეომასალა, სადაც გლდანის ციხის თანამშრომლები სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ და ამცირებდნენ ახლად მიყვანილ ტუსაღებს მერვე საპყრობილეში. ცოტა ხანში კიდევ ერთმა ტელეკომპანიამ, მეცხრე არხმა გადასცა ვიდეომასალა, სადაც ცხადად, თვალსაჩინოდ იყო ნაჩვენები თუ როგორ აუპატიურებენ პატიმრებს ციხის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა არასათანადო მოპყრობა. მაგრამ განაცხდა, რომ რამდენიმე თანამშრომელმა ჩაიწერა ძალადობის ფაქტები, რადგან ერთ-ერთ პატიმარს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი შეთქმულება. მან დაარწმუნა ციხის თანამშრომლები ჩაეწერა ეს ყველაფერი „სერიოზული გასამრჯელოს“ სანაცვლოდ.
საქართველოს ომბუდსმენი ხშირად ახსენებდა გლდანის მერვე საპყრობილეს, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საპატიმროს. 2010 წლის ანგარიშში, ევროპის კომისიამ წამების აღკვეთისათვის განაცხადა, რომ გლდანის საპატიმროს ყოფილი ტუსაღების თქმით, მათ ურტყამდნენ მუშტებს, წიხლებს და ხელკეტებს ციხეში გადაყვანის პროცესში და როდესაც ისჯებოდნენ ხმამაღალი ლაპარაკისთვის, ან სხვა საკნებში მყოფ ტუსაღებთან კომუნიკაციის მცდელობისას. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ სატუსაღოში დახვდათ „უჩვეულო სიჩუმე“.
საქართველოს ხელისუფალთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კანონის მიხედვით ვალდებულებანი აქვს – მან არა მხოლოდ ეფექტურად უნდა გამოიძიოს არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები, არამედ დააწესოს სისხლის სამართლის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისი ბრალიც დადგენილია, განაცხადა Human Rights Watch-მა. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლნი უნდა დაცულნი იყვნენ კანონით, აცხადებს Human Rights Watch-ი.
„სექსუალური ძალადობა პატიმრებზე წამებაა,“ ამბობს გოგია. „წამების აკრძალვა აბსოლუტურია და მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამართლის აღსრულება“.
foreignpress.ge