გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაღებულმა ამაზრზენმა კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. როგორც ამბობენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, ღირსების შემლახავი ამ ფაქტების გავრცელების შემდეგ აზრი შეიცვალეს. უფრო მეტიც, დღევანდელ აქციაზე სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და შსს-ს თანამშრომლებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიძღვნილი ცოცხების აქციის იდეას იზიარებდნენ.
For.ge დაინტერესდა, მოხდა თუ არა რაიმე გარდატეხა იმ ხელოვანებში, რომლებმაც ხელისუფლებას ბოლომდე უერთგულეს და დღემდე ე.წ. ხელისუფლების ხელოვანებად განიხილებოდნენ. ასევე, ჩვენ ჩავწერეთ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხელოვანები.
როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებასთან დაახლოებული კულტურის სფეროს წარმომადგენლები გლდანის ციხეში წამების ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ შეძრწუნებულნი არიან, თუმცა, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ მათი უდიდესი ნაწილი ამ ყველაფერში კონკრეტულ ხელქვეითთა დანაშაულს ხედავს. როგორც ჩანს, მათთვის დღემდე მიუღებელია გამოთქმა „თევზი თავიდან ყარს“ და ცდილობენ, დაიჯერონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კადრების გავრცელებისთანავე მკაცრი ზომები დროულად მიიღო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დამნაშავე თანამშრომლები დააკავა. თითქმის ყველა ხელოვანს ჩვენ შემდეგი შეკითხვები დავუსვით – მომხდარის გამო დამნაშავეები არიან თუ არა მაღალჩინოსნები, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას და არის თუ არა საკმარისი ხათუნა კალმახელიძის გადადგომა. თუმცა მათი პასუხები ძირითადად კონკრეტული რიგითი დამნაშავე პირების დასჯით შემოიფარგლებოდა.
For.ge გთავაზობთ ქართველი ხელოვანების კომენტარებს.
ქართველი მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე აღნიშნულ კადრებს შემზარავს უწოდებს. მას ხმის ტემბრშიც ეტყობოდა, რომ აღშფოთებული იყო. მისი თქმით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს რომ შემთხვეოდათ მსგავსი უბედურება, იგი ამაზეც აღშფოთდებოდა. მით უმეტეს, ახლა, სიტყვები არ ჰყოფნის, რადგან საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ.
„მე მგონია, მთელი ქვეყანა უნდა ჩაერთოს ამ ტრაგედიის აღსაკვეთად. არ ვიცი, კონკრეტულად ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი, მაგრამ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ, შოკირებული ვარ. როგორ გგონიათ, განა განსხვავებულ პოზიციაზე იქნებიან სხვა ხელოვანები?! ყველა ადამიანს, ვინც ნორმალურად აზროვნებს, ასეთი ინფორმაციის შეტყობისთანავე სხვა რეაქცია ვერ ექნებოდა,“ – მიიჩნევს მომღერალი.
ამასთან, სტეფანე აცხადებს, რომ ამ ფაქტებმა იგი იმდენად შეზარა, რომ ამ კადრებს ბოლომდე ვერ უყურა.
რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი მომხდარით შეძრული და შეურაცხყოფილია. მისი თქმით, ასეთია ყველა ნორმალური მოქალაქის რეაქცია ჩვენს ქვეყანაში.
„რა თქმა უნდა, ხათუნა კალმახელიძე უნდა გადადგეს, მაგრამ არა მგონია, რომ ერთი ბარბის გადადგომით შეიძლება, რამე შეიცვალოს. ვფიქრობ, მთლიანად უნდა გადაიხედოს ეგ სისტემა“, – აცხადებს ავთო ვარსიმაშვილი და გვპირდება, რომ ამ საპროტესტო აქციებს შეუერთდება: „ამ აქციებს უკვე შეერთებული ვარ“.
მომღერალი ეკა მამალაძე აცხადებს, რომ საშინელება მოხდა და ყველა ადამიანი დარდობს ამის გამო. მეტიც, მომღერლის აზრით, ეს უმსგავსოებისა და უნამუსობის ფაქტებია.
„ვერ ვლაპარაკობ. ამის გამო მთელი ღამე არ მეძინა. მარტო კალმახელიძის გადადგომით საქმეს არ ეშველება. სახელისუფლო კადრებს სერიოზულად გადახედვა სჭირდება. გამოჩნდება, რა და როგორ იქნება. თუმცა ვერ გეტყვით, მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან უნდა შეშფოთდნენ, როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ ხდება. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადაინაწილოს. ამის შემდეგ უკეთესობისკენ სერიოზული ძვრა უნდა მოხდეს. არა მგონია, ვიღაცამ თქვას, რომ მომავალში გამოსწორდება მდგომარეობა, გამოსწორება ახლავე უნდა მოხდეს. ახლა ამბობენ, ის წავიდეს და საქმე გაკეთდება; სხვა რომ მოვა, იმან ხომ უნდა გაკეთოს საქმე? ვიღაცის გადადგომით საქმეს არ ეშველება, იმაზე უნდა იზრუნოს მთავრობამ და ყველამ, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს,“– აღნიშნა ეკა მამალაძემ.
მომერალი კახა ცისკარიძე (კახუჩელა) აცხადებს, რომ ახლახანს ჩამოვიდა და ინფორმაცია მწირად აქვს, თუმცა მომხდარს ამაზრზენს უწოდებს.
„არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ, ვინც ამაში მონაწილეობდა, პასუხი უნდა აგოს. ის სტუდენტები დ ახალგაზრდები, რომლებიც ამას აპროტესტებენ, სწორად იქცევიან, მაგრამ სამწუხაროა, რომ ზოგიერთები ამას პოლიტიკური მიმართულებით იყენებენ“.
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა დაისაჯოს თითოეული მათგანი, ვინც პატიმარს აწამებდა. თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ ზემოთა ეშელონებში ვინმეს რომ სცოდნოდა, ამ ფაქტს არავინ დაუშვებდა. უფრო მეტიც – არცერთი ნორმალური ადამიანი ასეთ პრეცენდენტს არ მიესალმებოდა.
„საიდანაც მოდის ეს უბედურება და, ვინც არიან დამკვეთები და შემსრულებლები, პასუხი უნდა აგონ. თუმცა ერთი ქმედებით ძალიან ძნელია, განვსაზღვროთ ხელისუფლების დანაშაული. თქვენც კარგად ხედავთ, როცა ხელისუფლებამ გაიგო ამის შესახებ, რა რეაქცია ჰქონდა. სხვანაირი რეაქცია არც შეიძლება ნორმალურ ადამიანს ჰქონოდა. ჩემი აზრით, ახლა იყენებენ ესენი ყველაფერს და წინასაარჩევნოდ უნდათ, არეულობა და ქაოსი იყოს. ასე არ შეიძლება, ეს ფაქტები ყველას შეახოცო და ხალხი მართო ამ ფაქტებით. რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, გაგიჟებული ვარ. ალბათ, ჩვენ, ადამიანები, ასეთ რამეს მანამ ვერ ვხვდებით, სანამ ჩვენს ახლობლებს არ შეეხებათ. თუმცა, ამ ფაქტის გამოყენება იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რა შუაშია?! ხელისუფალნი თვითონაც აღშფოთებულები არიან. ხომ ნახეთ კადრები? დარწმუნებული ვარ, დასჯიან ამ ადამიანებს. მე რომ მკითხო, ყველა მათგანს იგივე უნდა გაუკეთო, რაც გაუკეთეს ამ პატიმრებს. ყველაზე კარგი ეგ იქნება, მაგრამ ეს არ შეიძლება. სასჯელი სასჯელით დაამძიმო, არ გამოვა“, –აცხადებს ნინა წკრიალაშვილი.
ჩვენს შეკითხვაზე, თუკი დავიჯერებთ, რომ ხელისუფლებამ სასჯელაღსრულებით სისტემაში არსებული ძალადობის შესახებ მართლაც არ იცოდა, მაშინ რაზე მეტყველებს ეს, ნუთუ არ უნდა აკონტროლებდეს ხელისუფლება მისდამი დაქვემდებარებულ ყველა სისტემას და არის თუ არა ეს სიფხიზლის მოდუნება?! ამის შესახებ ნინა წკრიალაშვილს ასეთი პოზიცია აქვს, რომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს.
„მაგდენი არ ვიცი, ჩემო კარგო. როგორ შეიძლება, ვინმემ ეს იცოდეს და უბრალოდ გაატაროს. ეს გამორიცხულია. გაიგეს და შესაბამისი ზომებიც მიიღეს. საერთოდ, ყოველთვის ქვემოთ ფუჭდება ხოლმე საქმე. ჩემი გამოცდილებიდან ასეთი დასკვნა შემიძლია, გამოვიტანო. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ვინმემ იცოდა და ასე გულგრილად დატოვეს ყველაფერი. აქ ადამიანობაზეა საუბარი, ვერც ერთი ადამიანი ამას გულგრილად ვერ დატოვებდა“.
ნინა წკრიალაშვილის თქმით, ამ კადრების ნახვა მან ბოლომდე ვერ შეძლო. „შოკი მივიღე და, თუ ეს ვინმეს არ აწყობს, ეს ხელისუფლებაა. ეს ლოგიკურიცაა.“
ჩვენ, ასევე, დაკავშირება ვცადეთ ლელა წურწუმიასთან, დუტა სხირტლაძესთან, ნინი ბადურაშვილთან, ნიკა მემანიშვილსა და ბუბა კიკაბიძესთან, თუმცა, მათ ან გამორთული ჰქონდათ ტელეფონი, ან არ პასუხობდნენ. მომღერალი ნანი ბრეგვაძე კი ქალაქში არ იმყოფებოდა.