აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ომის ვეტერანებმა ბიძინა ივანიშვილსა და მის კოალიციას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მართალია, ისინი არ აკონკრეტებენ, მთლიანობაში რამდენნი არიან, მაგრამ აცხადებენ, რომ საკმაოდ ბევრნი არიან საიმისოდ, რომ ქვეყანაში დაძაბულობა არ დაუშვან.
კინოს სახლში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანებმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება შეაფასეს. ვეტერანები ამომრჩევლებს ურჩევენ, „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა, ხოლო ხელისუფლების სამსახურში მყოფ ვეტერანებს ქართველი ხალხის და, არა მმართველი ანტიქართული რეჟიმის, წინაშე მხედრული ვალის შესრულებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ომის ვეტერანების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ხელისუფლების სურვილი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, გახლიჩოს ერი.
აფხაზეთის ვეტერან მეთაურთა კავშირის თავმჯდომარის, გენერალ დავით გულუას თქმით, ომის ვეტერანები რვა წლის განმავლობაში სასიკეთო ცვლილებებს ელოდნენ, თუმცა იმედები გაუცრუვდათ და დღეს უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში არიან.
მისივე შეფასებით, საბოლოოდ აფხაზეთში ყველაფერი სამარცხვინოდ მოხდა, რადგან ქართველები განაიარაღეს, ცარიელი ხელებით დატოვეს და სისხლისღვრის კალო დააყენეს. თუმცა, გენერლის თქმით, ისიც ცალსახაა, რომ იმ დროს ქართველი მეომრები ყველაფერს პატრიოტიზმით აკეთებდნენ, მათ არ ჰქონდათ ანაზრაურება, არავინ ურიგებდა საცხოვრებელ ფართებს, პირიქით, ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ, საომარ ბატალიებში ახალგაზრდები არ ჩაერთოთ, რადგან დანაკარგი ბევრი იყო.
გენერალ დავით გულუას თქმით, 4100 თანამებრძოლი შეეწირა აფხაზეთის ომს, ხოლო ასეულობით ადამიანი შეეწირა ომს ცხინვალის რეგიონში.
„2008 წელს, არასწორი ორგანიზაციის ხარჯზე, ისევ პატრიოტების კისერზე გადავიდა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები და ისევ ვეტერანებს მოუწიათ თავიანთი ქვეყნის დაცვა. ამიტომ დღეს მკვეთრი პოზიცია გვაქვს, წინააღმდეგნი ვართ ხალხის დაპირისპირების. საქართველოს ერთიანობა ვერ აღდგება, თუ ქართველი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება, თუ პარტიები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მოვუწოდებთ ყველას, ნუ ჩავიკეტებით პარტიულ საკნებში და ნუ გავწირავთ ქვეყნის ბედს“.
ამასთან, ვეტერანებმა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ვერის კალათბურთის დარბაზში ყრილობაზე მისვლისკენ მოუწოდეს დევნილებს. მათი აზრით, ყრილობაზე უნდა შეიკრიბონ სრულიად საქართველოს დევნილები, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ეს იქნება პირველი დიდი შეხვედრა, სადაც ვეტერანები და დევნილები გააანალიზებენ, თუ რატომ ვერ წაიწია წინ სამშვიდობო პროცესმა და რატომ არიან დევნილები უფრო ცუდად, ვიდრე ადრე.
„ასეთია ხელისუფლების დამოკიდებულება. ჩვენ თავს ვიწონებთ ახალი საავადმყოფოებით, ევროპული სტანდარტებით, მაშინ, როცა დევნილებს, შვილდაღუპულ, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს დახმარებები წაერთვათ. თუ ჩვენ წარმატებული სახელმწიფო ვართ, რატომ ვართ წარუმატებელნი იმ ხალხის მიმართ, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ?!“- კითხულობს გენერალი.
აფხაზეთიდან დევნილმა ვეტერანმა გოგი ფაცაციამ დევნილებისა და ვეტერანების მისამართით ბიძინა ივანიშვილის გზავნილი გაახმიანა, რომ მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ და მათთვის მრავალართულიანი კორპუსები აშენდება. ასევე, კოალიციის ლიდერი მათ საარსებო წყაროს გაუჩენს.
ვეტერანებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს.
"საქართველოში ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა ანტისახალხო, ანტიდემოკრატიულმა "რეფორმებმა" კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ჩვენი ყოველდღიური ყოფა. სიღარიბემ, ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის მიმართ ძალმომრეობრივმა, სოციალურმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ ასი ათასობით ჩვენი თანამემამულე გადახვეწა სამშობლოდან ლუკმა-პურის საშოვნელად და ოჯახის სარჩენად; ათი ათასობით ადამიანი გაამწესა საპატიმროებში, ხოლო ყველაზე გავრცელებული სტატუსი გახდა პრობაციონერი. საქართველოს მოსახლეობამ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან დაუკავშირა არჩევნებს, რომელსაც საშუალება უნდა მიეცა ჩვენი თანამემამულეთათვის მშვიდობიანი გზით შეეცვალა ხელისუფლება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ჩვენ ეს გზაც მოგვიჭრეს. წინასაარჩევნო გარემოს არაადეკვატურობა, მისი დემოკრატიულ საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შეუსაბამობა არ იძლევა სამართლიანი არჩევანის გაკეთების საშუალებას. ჩვენი აღშფოთების მთავარი საგანი გახდა ის, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გახლიჩოს ერი“.
ვეტერანების მიმართვის ადრესატები სხვადასხვა წრის ადამიანები არიან. ვეტერანები მიმართავენ ქართველ ხალხს, არ აყვნენ პროვოკაციებს, წაქეზებებს დაპირისპირებისკენ, გამოიჩინონ ეროვნული სიბრძნე და ოქტომბრის არჩევნებში სწორი, შეგნებული გადაწყვეტილებებით წერტილი დაუსვან ქვეყანაში განვითარებულ დამანგრეველ პროცესებს, ხელისუფლების ძალადობას.
ასევე, მათი ადრესატები არიან ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ვეტერანები: „ძმებო, მოიხადეთ მხედრული ვალი ქართველი ხალხის და არა მმართველი ანტიქართული რეჟიმის წინაშე“; ასევე, ვეტერანები მიმართავენ აფხაზ და ოს ვეტერან ძმებს: „ღმერთმა შეგვინდოს ყოველივე, რაც ერთმანეთს დავუშავეთ. დროა, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ დაღუპულ ძმებს ზეცაში გაახარებს, აქ კი, ჩვენს ხალხს მისცემს მშვიდობიანი და ნათესაური თანაცხოვრების შესაძლებლობას. სამშვიდობო პროცესებს ჩვენ უნდა წავუძღვეთ“. გარდა ამისა, ვეტერანთა მიმართვა ვრცელდება ოპოზიციური პარტიების, კოალიცია "ქართული ოცნების", აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დევნილების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას კი ისინი მოუწოდებენ, „დროზე მოეგონ გონს. ჯერ კიდევ დარჩა პროცესების მშვიდობიანად, სამართლიანად წარმართვის რესურსი“.
For.ge აფხაზეთის ომის ვეტერანებს ესაუბრა.
გენერალი დავით გულუა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის, მთლიანად, საქართველოს გაერთიანება შეუძლია:
- ჩვენ შევხვდით ბიძინა ივანიშვილს, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვის შესახებ მოვახსენეთ; მოვუყევით, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მხრივ, თუ როგორ კავშირში ვართ აფხაზ ვეტერანებთან. მისგან კონკრეტული დავალებები მივიღეთ, დაგვპირდა, რომ აღდგება ვეტერენებისა და დევნილების უფლებები. ჩვენ შევქმნით სათათბიროს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის წარმმართველი ძალა იქნება და დევნილთა საკითხებს გადაწყვეტს; არა ისე, როგორც ამას მარიონეტული ხელისუფლებები აკეთებენ, რომლებსაც არაფრის უფლება არ აქვთ და ვერ იცავენ დევნილებს. ისინი საკუთარ თავსაც ვერ იცავენ. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას საუბარი სოციალურ საკითხებსაც შეეხებოდა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არ არის სოციალური ფონი, ჩვენ მოგვითმენია და კიდევ ცოტას მოვითმენთ. ჩვენთვის მთავარია საქართველოს გამარჯვება.
აფხაზეთის ვეტერანებისგან ქართველ ვეტერანებთან ურთიერთობის მზაობას ხედავთ?
- არის მზაობა და თქვენ ამას 27 სექტემბერს დაინახავთ. ეს ინტრიგად დავტოვოთ. თუ ხელშეწყობა გვექნება, ქართველი და აფხაზი ვეტერანების გაერთიანება შეგვიძლია. ვეტერანებს კონფლიქტის გადაწყვეტის ყველაზე დიდი ძალა გაგვაჩნია. განვლილი ოცი წლის შემდეგ მივხვდით, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. ამიტომაც დავიწყეთ საერთო ენის გამონახვა ჩვენს ძმებთან- აფხაზებთან. ისინი მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეხმარებით.
თქვენ, ასევე, მიმართეთ ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ ვეტერანებს და მათ ქართველი ხალხის დაცვა მოსთხოვეთ.
- ესენი არიან ის ვაჟკაცები, რომელთან ერთადაც აფხაზეთში ასეულობით დღის მანძილზე ვიომეთ. 410 დღე გავატარეთ ერთად, სანგრებში, გადავიტანეთ გაჭირვება და ერთმანეთის გვერდით ვიდექით. ისინი ჩვენი ძმები და თანამებრძოლები არიან. ომის ვეტერანი იმისთვისაა, რომ სამშობლო დაიცვას.
ქუჩაში გასვლის შემთხვევაში, აღმართავენ ისინი ხელს თავიანთ თანამემამულეებზე?
- ისინი ხელს არ აღმართვენ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ.
მათგან გარანტია მიიღეთ?
- ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ვიცი მათი გმირობისა და ვაჟკაცობის ამბავი. ამასთანავე, ჩვენ პირობას ვაძლევთ ომის ვეტერანებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ისინი არანაირად არ დაიჩაგრებიან, მათ ყველაფერი შეუნარჩუნდებათ, რადგან ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ. მე, დავით გულუა, მათ ამის გარანტიას ვაძლევ, რომ მათ გვერდით ვიდგები. ისინი ჩვენს ძმებად დარჩებიან.
ხელისუფლება ხშირად საუბრობს თბილისის ომისა და ძმათამკვლელი შედეგების შესახებ. თქვენ თუ ხედავთ ამის საფრთხეს, რადგან ომის ვეტერანების განცხადება გაფრთხილებასავით ჟღერდა?
- ამას თუ ვინმე აკეთებს, ისევ და ისევ ხელისუფლებაა და პირადად პრეზიდენტი თავისი გამოსვლებით, როცა მღრღნელებს უწოდებს ხალხს, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ. ამისთვის მან ბოდიში უნდა მოიხადოს. სისხლი არ უნდა დაიღვაროს, რადგან, თუ სისხლი დაიღვრება, ეს კატასტროფით დასრულდება ხელისუფლებისთვის, როგორც ეს ყოველთვის მომხდარა. ზუსტად ამისთვის შევიკრიბეთ, რომ მოვუწოდოთ, ნუ გააკეთებენ ამას. ჩვენ ვიცით, დაპირისპირების დამანგრეველი ძალა რაც არის. თავიანთი სკამების გამო ნუ უღალატებენ საქართველოს.
აფხაზეთის ომის ვეტერანი ნინო ფოფხაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იგი, როგორც აფხაზეთის 28-ე სპეცდანიშნულების ბატალიონის წევრი, ერთადერთი გადარჩენილი გვარდიელი ქალია, რომელიც გაგრის ჩაბარებიდან სოხუმის დაცემამდე ავტომატით ხელში იბრძოდა. ახლა კი ნინო ფოფხაძე მიმართავს აფხაზ მოსახლეობას, რომ ქართველები მათი მტრები არ არიან და, თუ იქ პოლიტიკურად რაღაც მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად არ ვიყოთ, გზები უნდა გაიხსნას და უნდა დაბრუნდნენ დევნილები.
„შევარდნაძემ გაყიდა აფხაზეთი. ზვიადისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, როცა მათ სწამებენ, თითქოს ზვიადისტები აფხაზეთში ჩვენთან ერთად არ იბრძოდნენ, ეს ტყუილია. მე ზვიადისტების გვერდით ვიომე წინა ხაზზე. მაშინ ახალგაზრდა გოგო ვიყავი და ოჩამჩირეში ჯემალ ქობალიამ (ლოთი ქობალიას ნათესავი) თქვა, ასეთი მეომარი ქალი არ მინახავსო. თუ ცოცხალია, აუცილებლად უნდა შევხვდე ბატონ ჯემალს. საბედნიეროდ, სამაჩაბლოში არ მიომია. ბატონ ბიძინას პატივს ვცემ და სამხედრო ფორმით დავყვები აქციებზე. ზუგდიდში იმყოფებოდა, მეც ზუგდიდში ჩავედი, ახალციხეში წაბრძანდა, იქაც ჩავყევი, რადგან ეს ჩემი მოვალეობაა. ისიც არ ვიცი, სად მივცე ხმა, მისამართის გარეშე ვარ დარჩენილი. მე ვარ დევნილის დევნილი“.
ნინო ფოფხაძის თქმით, მან არაერთხელ სთხოვა დახმარება მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს, თუმცა არაერთი ვიდეო არსებობს, სადაც ჩანს, როგორ დაარბიეს ვეტერანები.
„ნამსხვრევები მაქვს სხეულში, მკურნალობის ქვეშ ვარ, მხოლოდ 24 ლარი მეძლევა. ამის მიუხედავად, სულიერად ძლიერი ვარ და ვეტერანებს მოვუწოდებ, ნუ გაიყიდებიან. სამწუხაროდ, ზოგიერთი ვეტერანი ფულზე გაიყიდა და მათ ხელისუფლებასთან ამბები მიაქვთ. კი ბატონო, მიიტანონ ეს ამბავი, რომ ოთხჯერ ვარ დარბეული ეს ნაომარი ქალი“.