მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ის სიწმიდეებზე ზის. ნიკა რურუა კი აყალ-მაყალით მიღწეული შედეგით ტკბება - for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ვიდეომასალას, რომელიც 2012 წლის 13 სექტემბერს მესტიაში, სვანეთის ახლადაშენებული მუზეუმის გახსნის დღეს არის გადაღებული. სააკაშვილის და რურუას კომენტარებთან ერთად აქ ნახავთ დედაქალაქიდან ჩასულ ე.წ. თბილისურ ბომონდს, რომელმაც ხელისუფლებასთან ერთად საღამოს “თეთნულდში“ გაშლილ სუფრაზე მოილხინა და ღამეც იმავე სასტუმროში გაათენა.
ამ ვიდეომასალაში მოისმენთ როგორი პოზიცია აქვს ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძე სიწმიდეების ახალ შენობაში გადატანასთან დაკავშირებით და იგივე თემაზე რას ფიქრობს სვანეთის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან ქოჩქიანი.
for.ge-მ თავისი მკითხველისთვის სიტყვა-სიტყვით გაშიფრა ზემოხსენებული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები და დასმულ კითხვებზე მათი პასუხები.
მიხეილ სააკაშვილის მორიგი “მარგალიტები“
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სიწმიდეებზე ზის და რომ საგანძური გაჭირვებიდან ამოსაყვანად უნდა ვამუშაოთ. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, - ხომ გაგიგიათ?! ჰოდა, შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ და მოისმინოთ მისი განცხადებები:
“რა ამბავი იყო?! წივილი და კივილი ჰქონდათ, რო არ გააკეთოთ ეს მუზეუმიო. არ გააკეთოთ, არ შექმნათ, ხელი არ მააკაროთ. ესე იგი, ოღონდ რამეს აშენებაში ხელი შეგიშალონ, ეგ არის საყვარელი საქმიანობა და რამეს გაუმჯობესებაში; გეგონება ჭაობში ცხოვრება უკეთესია, მაგრამ ამოვდივართ იმ ჭაობიდან და ამოვალთ ბოლომდე, ბევრი გვაქვს კიდევ სამუშაო, ძალიან და ძაან ბევრია გასაკეთებელი, მარა ამ მუზეუმით, ხალხისთვის ძაან მნიშვნელოვანია, იმიტო რო მარტო მუზეუმის თანამშრომლებს ხომ არ ასაქმებს?! ამ მუზეუმის სანახავად ამოვა უამრავი, ათასობით ადამიანი, ათი ათასობით, ასი ათასობით.
წელს იყო აქ რამდენჯერ მეტი ტურისტი, ორჯერ მეტი ხო იყო ვიდრე შარშან? ხუთჯერ?! ხუთჯერ მეტი იყო თუ ექვსჯერ, ვიდრე შარშანწინ. ესე იგი, როცა მოვკიდეთ სვანეთს ხელი, ხუთჯერ და ექვსჯერ გაიზარდა, ხუთჯერ და ექვსჯერ მეტი შემოსავალი შევიდა ხალხის ოჯახებში და ეს მუზეუმი გააორმაგებს და ესე იგი ხალხს დაასაქმებს, ესე იგი უამრავი ბიზნესები გაჩნდება, “გესთჰაუსები“ გაჩნდება, რაღაც, ყველაფერი შეიცვლება.
ამ საგანძურზე ვზივართ და ვცხოვრობდით, ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ასეთ გაჭირვებაში და ვცხოვრობდით საშინელ გაჭირვებაში. ამიტომ, ვამუშავოთ საგანძური გაჭირვებიდან ამოსაყვანად. ხომ ასეა?!“
მიხეილ სააკაშვილი ცრუობს - ვერც ის და ვერც ხელისუფლების რომელიმე სხვა წარმომადგენელი ვერ მოიყვანს მაგალითს იმისას, თუ როგორ წიოდა, ან კიოდა ვინმე და ასე ეწინააღმდეგებოდა ახალი მუზეუმის აშენებას. ამ თემაზე ვერც სხვაგვარი აქტივობის მაგალითის დასახელებას შეძლებენ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ ყოფილა!
მიხეილ სააკაშვილს თუ დაავიწყდა, შევახსენებთ, რომ ახალი მუზეუმის აშენებას კი არა, საგანძურის სამშენებლო ნაგავში ყოფნას ვაპროტესტებდით და ამ საქმისთვის წერტილი დასმული დღემდე არ არის - საზოგადოების ის გარკვეული ნაწილი, რომელმაც გასული წლის 18 ნოემბერს პროკურატურას მიმართა, მტკიცებულებებით ხელში დღემდე ველოდებით უწყებას, რათა გამოძიებას ჩვენება მივცეთ.
აყალ-მაყალის მოტრფიალე კულტურის მინისტრი
ნიკა რურუას მიერ სვანეთის მუზეუმის გახსნის დროს გაკეთებული განცხადებიდან დასტურდება ის, თუ როგორ ჩქარობს ხელისუფლება სიწმიდეების ახალადაშენებული მუზეუმის გამოუმშრალ კედლებში გადატანას. რურუა ამბობს რომ საგანძურს სულ რამდენიმე კვირაში გადაიტანენ. არადა, ეროვნული მუზეუმის დირექტორსა და სვანეთის მუზეუმის ხელმძღვანელს საგანძურის გადატანის მიახლოებითი თარიღის დასახელებაც უჭირთ.
აი, ეს არის 13 სექტემბერს კულტურის მინისტრის მიერ გაკეთებული ვრცელი განცხადების ბოლო ნაწილი (სრულად შეგიძლიათ ვიდეომასალაში ნახოთ და მოისმინოთ):
“...მე მახსოვს ის ხალხი, ვინც ათას ტყუილს იგონებდნენ, ათას სიცრუეს თხზავდნენ, რომ ვითომცდა რაიმე საფრთხე ექმნებოდა ან მაშინდელ მუზეუმს, ან შემდეგ მის ექსპონატებს, სვანეთის საგანძურს. ეს ყველაფერი იყო ისეთი მტკნარი ტყუილი, რომ ეს ფაქტებმა გაფანტა, ბუნებრივია, მაგრამ დღეს რასაც უყურებთ, ეს მთელი აყალ-მაყალი ღირდა იმათ, რომ მიგვეღო ეს რეზულტატი.
მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ დღეს მესტიაში, სვანეთში და საქართველოში არის ასეთი მუზეუმი და ამ მუზეუმს თქვენთან ერთად დღეს მეც დავათვალიერებ პირველად. ეს არის და ეს, რაც მინდოდა მეთქვა და სულ მალე, როგორც კი აქ ვიმეორებ, იქნება შესაფერი მიკროკლიმატი და ეს იქნება სულ რამდენიმე კვირაში, მთლიანი კოლექცია გადმოვა და შემდეგ ის იქნება, ფაქტიურად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, ბუნებრივია, დილიდან საღამომდე“.
ბატონო მინისტრო, ამგვარი განცხადებებით საზოგადოება თქვენ შეგნებულად შეგყავთ შეცდომაში, თქვენ აყრით თვალში ნაცარს და თხზავთ ტყუილებს. ჩვენ გვახსოვს, რომ მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული საქართველოს საგანძური 2011 წლის 28 ივნისიდან იმავე წლის 2 დეკემბრამდე სამშენებლო ნაგავში იყო; მანამდე ძველი მუზეუმის შენობას სახურავი ისე გადახადეს, რომ არც საგანძური და არც სხვა ექსპონატები იქიდან გამოტანილი არ გახლდათ. ჩვენ ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქვეყანა სულ ჩალით დახურული არ იქნება ამ და სხვა ფაქტების ამსახველი მტკიცებულებები ობიექტური გამოძიების განხილვის და დამნაშავეების დასჯის საგანი გახდება.
მუზეუმის წარმომადგენლები ფრთხილობენ
საგანძურის ახალ შენობაში გადატანასთან მიმართებაში ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სვანეთის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან ქოჩქიანი უკვე ფრთხილობენ. ჩვენი ინფორმაციით, საგანძურთან მიმართებაში ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ეროვნული მუზეუმის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საგანძური ჯერ შეფუთეს, მუზეუმის ძველი შენობიდან სახელდახელოდ შეკრულ კონტეინერებში გადაიტანეს და შემდეგ ნიკა რურუას მსგავსად გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ ახალი მუზეუმის აშენებამდე სიწმიდეების წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაბინავებას.
ამ ადამიანებმა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს სიწმიდეები გახსნეს და ხელახლა შეფუთეს. ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია როგორ აისახა სპეციალურ ქაღალდებში შეფუთულ სიწმიდეებზე ვიბრაციის თანხლებით სამშენებლო ნაგავში, მტვერში და ხმაურში ყოფნა.
სვანეთის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან ქოჩქიანი, ისევე, როგორც დავით ლორთქიფანიძე, საგანძურის გადატანის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.
რუსუდან ქოჩქიანი: “... იმიტომ მოხდა შენობის რეაბილიტაცია, რომ ის ძველი შენობა არ იყო შესაფერისი იმ კოლექციების დაცვისათვის, რაც აქ იყო განთავსებული, უნიკალური კოლექციებისთვის და ახლა ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ აქ დავიცვათ და გამოვფინოთ ის ძეგლები, რაც ჩვენთან არის დაცული, მაგრამ ვინაიდან ჯერ შენობა ახალი დამთავრებულია, კედლები უნდა გამოშრეს, კლიმატი უნდა დაიჭიროს. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ჩავატარებთ შენობაზე და როდესაც იგი მზად იქნება და შეიქმნება ოპტიმალური პირობები, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ ამ შენობაში კოლექციების გადმოტანას და მუზეუმი იფუნქციონირებს, ოღონდ, ეგ რამდენ დროში მოხდება, არ ვიცით. ორ თვეში იქნება, თუ ექვს თვეში იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით. თვითონ შენობა გვიკარნახებს და ის პირობები, რაც აუცილებელია კოლექციების დაცვისთვის“.
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ჟურნალისტებს ახლადაშენებული მუზეუმის წინ ესაუბრა:
“დასრულდა სვანეთის მუზეუმის შენობის სრული რეაბილიტაცია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უმაღლესი სტანდარტის შენობა, სადაც დაცულია ყველა ის პირობა, რაც აქვს XXI საუკუნის მუზეუმს. სვანეთი არის ჩვენი ქვეყნის მარგალიტი, აქ არის მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი კოლექციები და დღეს ეს ის მუზეუმია, რომელიც ეკადრება ამ კოლექციებს. ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი, როგორც არქიტექტორების, ისე მშენებლების, დიზაინერების და რა თქმა უნდა, მეცნიერების.
ყველა თანამშრომელი, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა იმისათვის, რომ დღეს ჩვენ მიგვეღო ეს შედეგი. ჩვენ სულ მალე დავასრულებთ ექსპოზიციის სრულიად წარმოდგენას. ამ წუთში მიმდინარეობს შენობის კლიმატკონტროლის შემოწმება, იმისთვის, რომ ყველაზე ფაქიზი ექსპონატები გადმოვიდნენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საბოლოოდ დადგება ის სტანდარტი, რაც სჭირდებათ ამ ექსპონატებს.
ამასთან ერთად ჩვენ დავუმატეთ ახალი მასალა. დღეს არის წარმოდგენილი მოდელი არქეოლოგიური გამოფენის, რომელშიც არის ასევე წარმოდგენილი ის აღმოჩენები, რომელიც იყო სვანეთში, ცნობილი მეცნიერის შოთა ჩართოლანის მიერ, რომელიც დღემდე არასდროს არ ყოფილა გამოფენილი. ასე რომ ძალიან მალე აქ იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაზე ფაქიზი ექსპონატები, რომელიც არის ხატები, ხელნაწერები, მათ სჭირდებათ სპეციალური კლიმატკონტროლი და ამისათვის ჩვენ ვახდენთ ახლა დაკვირვებას და როგორც კი ვიქნებით საბოლოოდ დარწმუნებული, რომ დღეს არის სწორედ ის პირობები, რომელიც სჭირდება ამ ექსპონატებს, ჩვენ დავიწყებთ მათ გამოფენას. რა თქმა უნდა, შევეცდებით, ეს არ არის რა თქმა უნდა, ჩვენზე დამოკიდებული. სავარაუდოდ ეს მოხდება რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს. რა თქმა უნდა, გვინდა რომ დაზამთრებამდე მოხდეს, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, სრულიად თანამედროვე აპარატურა, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს ის პირობები, რომელიც სჭირდება ჩვენს უმნიშვნელოვანეს ექსპონატებს“.
ბოლოთქმა
თუ ყველაფერი შესანიშნავად იყო და არის, მაშინ საინტერესოა რატომ მალავს ეროვნული მუზეუმი სვანეთის საგანძურთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას და რატომ არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელმაც ეროვნულ მუზეუმს დაავალა პასუხის გაგვცეს გარკვეულ კითხვებზე და გადმოგვცეს მათი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები?!
13 სექტემბერს მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გვთხოვა, რომ რამდენიმე დღე გვეცლია და ვაცადეთ კიდეც. სიტყვიერი შეთანხმებისამებრ ეროვნულ მუზეუმში 18 სექტემბერს მივედით. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ტელეფონს არ უპასუხა. დაცვამ მისი მოძებნა სცადა - აქვე იყოო, მაგრამ ვერ მიაგნეს. შემდეგ შიდა ტელეფონით კანცელარიაში დავრეკეთ. განგვიმარტეს, რომ ჩვენი განცხადებები, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან, ისე ზარზმის და აწყურის ღვთისმშობლის ხატებთან დაკავშირებით დაეწერა მუზეუმის იურისტს ირაკლი შარაბიძეს.
ცნობისათვის, for.ge-ს მიერ შეტანილი სარჩელის განხილვისას ირაკლი შარაბიძე მუზეუმის ინტერესებს იცავდა. მას მობილურ ტელეფონზე დავუკავშირდით. გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით ჩვენს განცხადებებზე პასუხი მზადაა და იმას, თუ რატომ არ მოვიდა ჩვენამდე, 19 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გაარკვევს და თავად დაგვიკავშირდება.