აბუგრეიბი 2 ანუ გლდანის ციხე

აბუგრეიბი 2 ანუ გლდანის ციხე

გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზეგამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე,  ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.

„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ   პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის  ორგანიზების, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირების და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან. ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ  დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი  ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი და არსებობს  ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.

გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

ამის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოპერატიული მასალა, სადაც ჩანს, როგორ სცემენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ორ პატიმარს, აიძულებენ მათ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ შეაგინონ და ე.წ. „დუბინკების“ გამოყენებით გაუპატიურებით ემუქრებიან. ამასთანავე, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ბრალდებულები საუბრობენ, როგორ დაავალეს მათ პატიმრების ცემა და ამ ფაქტების ვიდეო-ფირზე აღბეჭდვა და ამის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას შეპირდნენ. ბრალდებულების განცხადებით, მათთან კონტაქტს ბელგიაში მყოფი მათი ყოფილი თანამშრომელი ლადო ბედუკაძე ამყარებდა, რომელიც ამ პირობებს თამაზაშვილის დავალებით სთავაზობდა.

გთავაზობთ ერთ-ერთი ბრალდებულის ლევან ფურცხვანიძის ჩვენებას, რომლის ვიდეო-ჩანაწერიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

 „ლადო ბედუკაძემ, რომელიც ჩემთან ციხეში ოპერატიულ მორიგედ მუშაობდა, გარკვეული პერიოდის წინ მითხრა, რომ მან ახლო კავშირი დაამყარა პატიმარ თამაზ თამაზაშვილთან, რომელთანაც ადრე ძველი ნაცნობობა აკავშირებდა. თამაზაშვილმა ლადოს შესთავაზა, თუ ის მოახდენდა პატიმრების ცემის ფაქტს და გადაიღებდა ვიდეოზე, მას სოლიდურ თანხას მიაწვდიდნენ. ამის შემდეგ ფირზე გადაღებული იქნა ასეთი ფაქტი. რამდენიმე ხნის შემდეგ ლადო განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან და დამიბარა, თუ ასე ფაქტს გადავიღებდი, სოლიდურ თანხას მივიღებდი. ერთ-ერთი ფაქტი გადაღებული იქნა გუშინ, რაც უცხოეთში ლადო ბედუკაძისთვის უნდა გამეგზავნა“, - ამბობს ლევან ფურცხვანიძე.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ უფლებადამცველებში მაშინვე გარკვეული ეჭვები გააჩინა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ პროვოკაცია იყო.

 „ხომ ნახეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერში რაღაც თანხებზე იყო საუბარი. ამდენად, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება რაღაცას აპირებს. ამ ჩანაწერში ის გაქსუებული რაღაც სისულეებს რომ ყვება, იმის მონაყოლი რეალობას გავდა? რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ვინმეს დაესაჯა. უჩა გოდელაძეს გაგახსენებთ, რომელიც 2009 წელს ციხეში წამებით მოკლეს, მისი წამების ფაქტზე ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა და საქმეც კი არ არის აღძრული“, - განაცხადა უფლებადამცველმა ლალი აფციაურმა for.ge-სთან საუბარში.

მოგვიანებით ეს ეჭვები ახალი ვიდეო-მასალით დადასტურდა, რომელიც ჯერ ტელეკომპანია „მაესტრომ“, შემდეგ კი „მეცხრე არხმა“ გაავრცელეს. კადრებში პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. "მეცხრე არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ აუპატიურებენ პატიმარს. ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ გავრცელებულ კადრებში კი ნაჩვენებია, როგორ სცემს პატიმარს სასჯელაღსრულების 15-მდე თანამშრომელი. კადრები არის ძალიან მძიმე და უფლებადამცველების განცხადებით ვიდეო-მასაში გლდანის ციხის რამდენიმე მაღალჩინოსანი ჩანს. კადრების გავრცელების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭაკუა თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო რამდენიმე პირი, რომელიც შსს-სა და "მაესტროს" მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ფიგურირებს, დაკავებულია, რამდენიმეზე კი ძებნაა გამოცხადებული. ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, კადრები, რომლებიც იხილა, მისთვის შემზარავია.

"რამდენიმე კვირაა, რაც შსს-ს მიერ მიმდინარეობს გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის შესახებ და გამოძიებამ საკმაოდ შემზარავი სურათი გვაჩვენა. ეს შემაშფოთებელია. შემზარავია ისიც, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების შეკვეთა და მისი დაფიქსირება ხდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. არავითარ შემთხვევში არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას, კადრები, რომელიც ვიხილეთ არის ერთიანი საქმის ნაწილი და ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ის, რომ ყველა პირი, რომელმაც მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა მოახდინა, იყოს დასჯილი", - განაცხადა კალმახელიძემ.

ამდენად, ხელისუფლება პირველ ჩვენებას იმეორებს და აცხადებს, რომ პატიმრების წამების ფაქტები პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ არის ინსპირირებული. ქართულ საზოგადოებაში კი გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ხელისუფლებამ აირჩია ტაქტიკა - თავის დაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა. კერძოდ, ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს ჩაუვარდა ხელში და იგი საჯარო გახდებოდა. ამიტომ დაასწრო ამ ფაქტების გახმაურებას და ის განცხადება გაავრცელა, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ.

ექსპერტები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამით ხელისუფლება ორი მიზნის მიღწევას შეეცადა. პირველი არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, ხოლო მეორე ამ სკანდალის სათავისოდ გამოყენება და თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირების მეშვეობით „ქართულ ოცნებასთან“ მისმა, ანუ საზოგადოებრივი აზრის და რისხვის სხვა მხარეს მიმართვა. თუმცა მმართველ გუნდს რეპუტაცია იმდენად აქვს შელახული, რომ ამგვარი პიარ-აქციების აღარავის სჯერა. გლდანის ციხესთან საღამოს პატიმრების ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხათუნა კალმახელიძის დაუყოვნებლივ გადადგომას და პატიმრების წამებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკანასკნელ წლებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური პრობლემაა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ციხეებში პატიმრების რაოდენობა სულ უფრო მატულობს და ვერც ახალი აშენებული თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის დაწესებულება ამ პრობლემას ვერ შველის. პატიმრებს ისევ უწევთ რიგ-რიგობით ძილი, არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, და რაც ყველაზე მთავარია, მუდმივად ხდება მათი ცემა-წამება. გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 600-ზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა და უმრავლეს შემთხვევებში არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ეს პატიმრები ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილან. უკეთეს შემთხვევებში, ისინი მძიმე ავადმყოფობისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობის მსხვერპლნი ხდებიან. უარეს შემთხვევაში კი წამების შედეგად არიან გარდაცვლილები, რაც მათ სხეულებზე დაზიანებების არსებობით დასტურდება.

ქართულ პენიტენციალურ სისტემაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების (როგორიც არის “Human Rights Watch”, “Amnesty International” და სხვები) ანგარიშებში, სადაც ცალსახად არის ხოლმე ნათქვამი, რომ ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება. ყველაფერ ამის ფონზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დასჯილი არ ყოფილა.

რაც შეეხება ამ ყველაფრის თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებას, „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ამით ხელისუფლება კოალიციისა და მისი ლიდერის დისკრედიტაციას ცდილობს. „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე ამბობს, რომ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, მათ შორის იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდებოდა, მუდმივად ხდებოდა პატიმრების ცემა-წამება და ამიტომ თამაზაშვილი აქ არაფერ შუაშია. კობახიძე აცხადებს, რომ თამაზ თამაზაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება სამინისტროს არ გააჩნია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები პატიმრებს აწამებენ და სამინისტროს აბსოლუტურად ვეთანხმებით იმაში, რომ პენიტენციალურ სისტემაში პატიმრებს მუდმივად აწამებენ. ხათუნა კალმახელიძის უწყებაში პატიმრებს აწამებდნენ ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ქართულ პოლიტურ სივრცეში გამოჩნდებოდნენ. უფლებადამცველები და მთელი არასამთავრობო სექტორი სწორედ ამას ვაპროტესტებდით ყოველთვის, რომ ციხეებში ადამიანებს სასტიკად აწამებენ. ასეულობით შემთხვევები გვაქვს, როდესაც პატიმრებს გაურკვეველ ვითარებაში კლავენ და მე ამის თქმა არ მომერიდება, რადგან ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს“, - აცხადებს თედო კობახიძე.

მისი თქმით, ქართულ ტელესივრცეში უკვე რამდენიმე კვირაა თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით ვიდეო-რგოლები ტრიალებს, რომლებიც მის დისკრედიტაციას ისახავენ მიზნად. თედო კობახიძე ხაზს უსვამს იმას, რომ თამაზაშვილის სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახეა და საპარლამენტო სიის პირველ ათეულშია. ამასთანავე, თამაზ თამაზაშვილის შვილი, ლექსო თამაზაშვილი დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“. ამიტომ კობახიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს ოჯახი კრიმინალებად წარმოაჩინოს, რათა ამით „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ჩირქი მოსცხოს, თითქოს მას თავის გუნდში უღირსი ადამიანები ჰყავს.

თედო კობახიძე გამორიცხავს, რომ შესაძლოა მთელი ეს კამპანია საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილის რაიმეში დადანაშაულებას ისახავდეს მიზნად.

„ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ციხის საკანში რაღაც სცენების დადგმა. მას ბევრად უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აქვს, ვიდრე ციხის საკანში რაღაც შოუების დადგმაა. სცენების დადგმა სწორედ ხელისუფლებას ეხერხება და არაერთი ასეთი სცენა გვახსოვს, მაგალითად, ე.წ. მოდელირებული ქრონიკა, რომლითაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო და მეორე ომი დაატეხა თავს. შოუების დადგმა ჩვენ არ გვჭირდება და მით უმეტეს, არ ხელგვეწიფება (სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ) მათ მიერ კონტროლირებად უწყებებში, სადაც მათ გარეშე ბუზი არ ფრინავს და ინფორმაციაც კი არ გამოდის, იქ ვერანაირ სცენას ვერ დავდგამდით. ყველაფერი ეს ემსახურება ერთდაერთ მიზანს - წარმოაჩინონ ისე, რომ ადამიანი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ენდობა, და ასევე ამ ადამიანის ოჯახი საზოგადოებაში რაიმე ღირსეულ ადგილს არ უნდა იკავებდნენ. სინამდვილეში ეს ადამიანები ღირსეულები, ქვეყნის პატრიოტები და საქართველოს კეთილდღეობისკენ მოწოდებულები არიან. ხელისუფლებაში კი არიან კრიმინალები, რის დასადასტურებლადაც თუნდაც გირგვლიანის საქმის გახსენებაც კმარა, როდესაც მისი მკვლელობისთვის თითქოს პასუხისგებაში მისცეს ადამიანები და შემდეგ ჩვენ ვნახეთ ვიდეო-ჩანაწერები, სადაც ჩანს შამფურზე წამოცმული ცხელ-ცხელი მწვადებით როგორ ანებივრებდნენ მათ. ეს ჩანაწერები საჯარო გახდა, მაგრამ ამაზეც პასუხი არავის მოეთხოვა“, - ამბობს თედო კობახიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პრნიტენციალურ სისტემაში ეს პრობლემები აღარ იარსებებს და ყველა დამნაშავე დაისჯება და არ მოხდება ისე, როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ.